"იმედია, ახლა მაინც გაგვიხსენებენ" - კვირის პალიტრა

"იმედია, ახლა მაინც გაგვიხსენებენ"

ოდითგან მამაკაცისთვის ჯარისკაცობაზე საპატიო საქმე არც ყოფილა და არც იქნება. არც რომელიმე სახელმწიფოსთვის არსებობს ჯარისკაცის მოვლაზე საპატიო მოვალეობა, განსაკუთრებით კი მისი, რომელმაც სახელმწიფოს ჯანმრთელობა შესწირა და ვეტერანად იქცა. ასეთი ვეტერანი ჩვენს ქვეყანას 80 000 ჰყავს. მათ ერთადერთი ჰოსპიტალი ემსახურება - ასე ჰქვია, თორემ ეს რამდენიმე წელიწადია, ამ დაწესებულებისთვის სიტყვა "მომსახურება" უკვე პომპეზურად ჟღერს. ვეტერანები ინსტანციიდან ინსტანციაში დადიან, ჰოსპიტალს რომ უშველონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი გამოდის. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს გაზეთში დაბეჭდილი მათი წერილი ამჯერად მაინც მიიპყრობს იმ ხალხის ყურადღებას, ვისაც მათი დახმარება შეუძლია.

მივმართავთ თავდაცვის მინისტრ ბატონ ირაკლი ალასანიას, რათა ვეტერანთა ჰოსპიტალს უშველოს. იგი, ხელისუფლებაში მოსვლამდეც, ინტერესდებოდა ჩვენი პრობლემებით, ამაოდ მივმართავდით ახლა უკვე ყოფილ ხელისუფლებას, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ... ჩვენი ჰოსპიტალი სავალალო მდგომარეობაშია: მოძველებულია კომუნიკაციები, ავარიულია ჭერი და კედლები, ყავლგასულია სამედიცინო აპარატურა. მედპერსონალი - მართლაც პროფესიონალი და კეთილშობილი ადამიანები, ზრუნვასა და ყურადღებას არ გვაკლებენ, და არა მხოლოდ სამუშაო საათებში. მაგრამ ვეჭვობთ, ისინი ჰოსპიტალმა დიდხანს შეინარჩუნოს იმ მიზერული ხელფასით, რასაც მათ უხდიან. სხვა, უფრო ძვირად ღირებულ კლინიკებში მკურნალობაზე კი ჩვენ ხელი არც ახლა მიგვიწვდება და ალბათ არც შემდგომშAი გვექნება ამის შესაძლებლობა. ამიტომაც ახალ ხელისუფლებას, პირადად ბატონ ირაკლის, ჰოსპიტლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ექიმების ხელფასებზე დაფიქრებასაც ვთხოვთ. ჩვენ მათი პროფესიონალიზმისა გვჯერა, ამასთანავე, ამ ხალხთან თბილი ურთიერთობაც გვაქვს, რაც სამედიცინო დახმარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

იმედია, ახლა მაინც გაგვიხსენებენ, ჰოსპიტალს მიხედავენ და ჩვენც სრულფასოვან მკურნალობას ვეღირსებით.

წერილს ხელს აწერს რამდენიმე ათეული ომის ვეტერანი. მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ოფიცრები.