"ვინ იცის, დახმარება რომ შემეთავაზებინა, რას იზამდა..." - კვირის პალიტრა

"ვინ იცის, დახმარება რომ შემეთავაზებინა, რას იზამდა..."

ძვირფასო რედაქცია, ამ დღეებში თავისუფლების მოედანზე გავისეირნე, დაახლოებით საღამოს ათ საათი იყო,  სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. ამიტომაც თვალს არ დავუჯერე, როცა მეტრო "თავისუფლების მოედნის" წინ, პირდაპირ ასფალტზე  შიშველი ადამიანი შევნიშნე. ჯერ ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი.

როცა მივუახლოვდი, ასე 16-17 წლის ყმაწვილი შემრჩა ხელთ - სიგიჟისა არაფერი ეტყობოდა. მოკუნტული, საწყალობლად იწვა, წინ პოლიეთილენის ჭიქა დაედო. გამვლელები კი - ზოგი ამრეზით, ზოგიც ტკივილით გადახედავდა, მაგრამ არ ჩერდებოდნენ, რადგან დანამდვილებით არ იცოდნენ, დახმარება რომ შეეთავაზებინათ, რას იტყოდა, იქნებ გავეგდეთ კიდეც. იქნებ ვცდები, და გახარებოდა კიდეც, მაგრამ ფაქტია, არაფერი გავაკეთე.

არადა, გაივსო ჩვენი ქუჩები მათხოვრებით, ნუთუ არ შეიძლება, რომ ამას  კანონმდებლობით მიეხედოს!

მარლენ კობეშავიძე