აქ, ახმეტაში... - კვირის პალიტრა

აქ, ახმეტაში...

არ მეგულება ქართველი დღეს რომ თავის თავს არ ჰკითხოს, რა გვეშველებაო. რა გვეშველება? თქვენც ხშირად წერთ ამაზე - მომავალ

თაობას სამშობლოს სიყვარული ისე უნდა ვასწავლოთ, ძილშიც ახსოვდეთ, რომ მიწა აქვთ დასაბრუნებელი. საითკენაც მიიხედავენ, წინ ეს განცდა უნდა ხვდებოდეთ. ამიტომ გავიხარე, როცა ახმეტაში, ალბათ სხვა ბევრი საჭირბოროტო საკითხი გვერდზე გადაიდო და ბიძინა ჩოლოყაშვილის პარკთან გმირთა ობელისკები აღიმართა. თუ მიწაზე დაღვრილი სისხლი გინახავთ, იმ მიწის ფერია ეს ობელისკები. შეუძლებელია, ჩაუარო და არ შეჩერდე. უთუოდ უნდა ჩამოგითვალოთ ამ ობელისკების პატრონების სახელები: გიორგი ჯაფარიძე, დაიღუპა აფხაზეთში, ლევან ჩაგოშვილი, დაიღუპა აფხაზეთში, ომარ ქორთოშაძე, დაიღუპა აფხაზეთში, ნოდარ არუთინოვი, დაიღუპა აფხაზეთში, ბექა უშარაული, დაიღუპა აფხაზეთში, გიორგი გამიაშვილი, დაიღუპა აფხაზეთში, მიხეილ ზურაბაშვილი, დაიღუპა აფხაზეთში, ბესიკ მამიაური, დაიღუპა აფხაზეთში...

ეს ბიჭები ამქვეყნიური საქართველოდან იმქვეყნიურ საქართველოში შეგნებულად გადავიდნენ, - იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ამ გზას ჩვენ, ქართველები, საუკუნეების მანძილზე ვკვალავდით და მას ახმეტელებიც მიჰყვებოდნენ. მათ შორის, ბიძინა ჩოლოყაშვილიც. სწორედ ის ამბობდა, საქართველოს ამ ტკბილ კუთხეზე - აქ, ახმეტაში, ყველაფერი მალამოდ ეცხება გრძნობას... მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი... ყველა ერთად ნათესაური კავშირით გადაბმულა ჩემთან, ვგრძნობ რაღაც ერთ სისხლხორცეულს მათთან, ვგრძნობ და ჭირსაც ადვილად ვიტანო.

ახმეტელები დღესაც ასე ვუმკლავდებით ჭირს და ბახტრიონის აჯანყების 350 წლისთავისთვის ვემზადებით. ბახტრიონისთვის ბრძოლაც ამ ბიჭების წინაპრებმა დაიწყეს, ახლა რომ ობელისკებად ქცეულან...

ბელა ბიტარიშვილი