დრო ყველაფერს წაიღებს - კვირის პალიტრა

დრო ყველაფერს წაიღებს

ვერაფერს ვიზამთ, რომ იმისთანა დროში ვცხოვრობთ, დიდად სასიამოვნოს ვერაფერს გაიგებ, მაგრამ იცით, რა? როცა ამ თემაზე ვფიქრობ,

სულ ის მახსენდება, რომ დრო ყველაფერს წაიღებს და გულს მომეფონება ხოლმე. ახლაც უეჭველად დადგება ის ჟამი, რომელიც ყველაფერს გააქრობს, რაც გასაქრობია, ჩვენ კი დავრჩებით.

ამაზე ერთი ამბავიც უნდა მოგიყვეთ... გაქანებული ბრეჟნევისა და კომუნისტების პერიოდში თანამდებობის პირი გახლდით, ერთმა პატარა ბიჭმა რომ მითხრა, - დრო გაივლის და ბრეჟნევი კი არა და ვლადიმერ ულიანოვ-ლენინი არ ეცოდინება არავისო. გამეცინა, - შენს პირს შაქარი, ბიძია, მასე რომ იყოს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა-მეთქი და ხელი ჩავიქნიე. მერე ნელ-ნელა ამ სახელების განადგურება რომ დაიწყო, ის ბიჭი სულ მახსენდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ისე ცხადში ამიხდა მისი ნათქვამი, გულში სულ ის ვიძახე, რა ჭკვიანი ყოფილა-მეთქი.

ერთი სიტყვით, რამდენიმე ხნის წინ ერთი ყმაწვილი მომიყვანეს, ასე განსაჯეთ, თანამდებობაზე უპირებდნენ დანიშვნას და რაღაც კონსულტაციები უნდა მიმეცა. თავისით მოიტანა ლაპარაკმა, - უპირველესად ის გავარკვიე, რომ ჩვენი მთავრობის ჩამოყვანილი მომღერლების ცხოვრების ყველა წვრილმანი ზეპირად იცოდა. მერე ვკითხე, - თუ გაგიგია, ბრეჟნევი ვინ იყო-მეთქი. წარმოდგენა არ მაქვსო, მხრები აიჩეჩა. ლენინი-მეთქი? ეგ მე, მგონი, მსოფლიოს ბელადი იყოო. ფილიპე მახარაძე-მეთქი? გაოგნებულმა შემომხედა. სტეფანე მღებრიშვილი ვინ არის-მეთქი, -  ვკითხე. გახარებულმა, - ეგ ჩვენი მომღერალიაო. ნინა წკრიალაშვილი-მეთქი? ეგ როგორ არ მეცოდინებაო, გაიკვირვა, თუმცა მაშინვე მიმიხვდა, რომ ვეხუმრებოდი და გამიბრაზდა, - როგორ გეკადრებათ, - ვინც საცნობია, ყველა ვიცი, მათ შორის ბარაქ  ობამაც და ისიც, ამერიკა რომ ჩვენი მეგობარიაო! მერე წამომიხტა და გავარდა.

აი, ასე იყო. იმ ყმაწვილს კი  მივეფერე, - უნდა იცოდე, აბა, რა-მეთქი! მაგრამ ის რომ წავიდა, კიდევ ერთხელ დავფიქრდი, დრო რასა იქმს.  აი, თქვენც მოგწერეთ, - ცხოვრების იმედი უნდა გვქონდეს, - ეს დროც გაივლის, ჩვენი ახლანდელი მტერიც და დოზანაც იმას გაჰყვება და ისიც, ვინც მათ შემდეგ უღირსი მოვა. ჩვენ კი, როგორც აქამდე მოგვიტანებია, აწიც ისე გავატანთ.

მიხეილ მუმლაძე