გუგულის კვერცხი... - კვირის პალიტრა

გუგულის კვერცხი...

ეს წერილი სტალინის ძეგლის გარშემო ატეხილი დავის გამოძახილი გახლავთ. ალბათ ეს ამბავი კარგა ხანს არ დამთავრდება. საქმე კი აი, ასე

გახლავთ: ამერიკელმა მეცნიერმა მაიკლ ჰარტმა რამდენიმე ხნის წინ გამოსცა წიგნი სათაურით "ასი ყველაზე დიდი პიროვნება კაცობრიობის ისტორიაში". ამ წიგნში ლაპარაკია იმ პიროვნებებზე, რომელთაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს ჩვენი პლანეტის ისტორიის მსვლელობაზე.

გენიოსების თანავარსკვლავედში ყველაზე მეტი გამომგონებელი და მეცნიერია (37 კაცი). მეორე კატეგორიაში არიან პოლიტიკოსები და მხედართმთავრები (30 კაცი), შემდეგ ფილოსოფოსები (14), მათ მოსდევენ მუსიკის, ხელოვნების და ლიტერატურის კორიფეები: ჰომეროსი, შექსპირი, ბეთჰოვენი, მიქელანჯელო, ბახი...

ასეული ჭრელი და მრავალფეროვანია. მთელი ლათინური ამერიკა წარმოდგენილია მხოლოდ ერთი გენიოსით, აფრიკა - 3-ით, აშშ - 7-ით, აზია - 18-ით, ევროპა - 71-ით. მათ შორის ყველაზე მეტი ბრიტანელია - 18, მათგან 5 - შოტლანდიელია. დიდ ბრიტანეთს მოსდევს ავსტრია-გერმანია - 15 კაცით "ბოროტების გენიის", ჰიტლერის ჩათვლით, საფრანგეთი - 10-ით, რომაელი და იტალიელი - 8 კაცია, 4 - ესპანელი, ხოლო რუსეთიდან - 3 - პეტრე პირველი, ლენინი, სტალინი(!!!)

მეცნიერებმა გენიოსებს ვერავითარი კანონზომიერება ვერ აღმოუჩინეს. ერთ დროს ამბობდნენ, მთავარი ტვინის წონააო. თუმცა, მაგალითად, ტურგენევს 2 კგ და 100 გ ტვინი ჰქონდა, ანატოლ ფრანსს 1 კგ-ით ნაკლები, მაგრამ ორივე კლასიკოსი მწერალი გახლდათ. ერთადერთი მეტ-ნაკლებად თვალში საცემი "ერთობა" - ამ გენიოსების სიმაღლეა. უმეტესობა საშუალოზე დაბალია: ლენინი, ნაპოლეონი, ჩერჩილი, ემილ ზოლა, ჟან-პოლ სარტრი... ზოგი ავი იყო, ზოგი კარგი, მაგრამ სამშობლოში ხელაღებით არ მოუცილებიათ, არამედ მათ ფენომენს იკვლევენ. სტალინს კი ჩვენ ნაცვლად მოსკოვი სწავლობს. იმ დროს, როცა ჩვენ სტალინის ძეგლის აღებაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მოსკოვმა სტალინის ფენომენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა და მსოფლიოსა და ევროპის აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიწვია. ბოლოს და ბოლოს, ის გუგულის კვერცხი არ არის, ქართველია, ლამის 30 წელი საქართველოში იცხოვრა და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სწორედ საქართველოში უნდა ვსწავლობდეთ. და კიდევ: ასე სწავლობენ რუსეთში პეტრე დიდს. მაგალითად, ლუდმილა კრესტინსკაია, რომელიც რომან "პეტრე დიდს" მეუღლის, ალექსეი ტოლსტოის კარნახით  ბეჭდავდა, იგონებს: "ჩემს მეუღლეს არც ეეჭვებოდა, რომ პეტრე ქართველი მეფის, ერეკლე I-ის შვილი იყო". ამჟამად რუსები და ბრიტანელი მეცნიერები მუშაობენ მიხეილ ლერმონტოვის შოტლანდიური ფესვების აღმოჩენაზე.

ჩვენთვის პეტრე პირველის ქართველობა რა ბედენაა, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ გენიოსებზე მასალები ასწლეულების შემდეგაც არსებობს.

და ამიტომ ღირს კი სტალინის ძეგლზე დავის ატეხა?!

P.S. ისე, საინტერესოა, რა დღეშია ჩვენი ისტორიული ძეგლები  რუსეთში, მაგალითად, ქართველ მეფეთა საფლავები ასტრახანში, მოსკოვში... რა მდგომარეობაა სოჭში? რუსი მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რომ იქ მიმდინარე მშენებლობებმა შეიძლება ფასდაუდებელი სამარხები შეიწიროს. პეტერბურგელმა არქეოლოგებმა სოჭში გამოუცნობსიმბოლოებიანი 4000 წლის ქვის დისკო იპოვეს. მას ხომ შეიძლება ჩვენთან საერთო ჰქონდეს. თუ პირდაპირ (და რატომ არა?) შეუძლებელია რუსეთის სამეცნიერო წრეებთან დაკავშირება, საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით მაინც ხომ შეიძლება ხმის მიწვდენა, რომ ის არ გამოგვეპაროს, რაც ჩვენია!

მედეა თავდიშვილი