წერილები, რომლებიც გვაცოცხლებს - კვირის პალიტრა

წერილები, რომლებიც გვაცოცხლებს

2010 წელს მომავალში გაგზავნილი წერილები ისევ გაიხსნება...

ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე, როცა მსოფლიო 2000 წლის დადგომას აღნიშნავდა, "კვირის პალიტრის" რედაქციაში ახალი პროექტი იწყებოდა: წერილი მომავალში შეიძლებოდა გაეგზავნა ნებისმიერ ჩვენგანს, მიეთითებინა წელი და მის გზავნილს ადრესატი მიიღებდა 2001, 2005, 2010, 2025, 2050 ან 2100 წელს. პროექტს ერქვა "ჩემს შთამომავლობას - XXI საუკუნის მოქალაქეებს".

მაშინ უამრავი წერილი შემოვიდა რედაქციაში. 2001 წლის 13 იანვარს ყველა გზავნილი სპეციალურ სკივრებში მოთავსდა და დაილუქა.

სკივრის პირველად გახსნის ზეიმის მასპინძელი ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი იყო, "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი. სამწუხაროდ, ქალბატონი ლალი მომდევნო ზეიმს ვეღარ მოესწრო. თუმცა კი გასაოცარი სითბოთი გაგვახსენებს თავს მისი სიტყვები, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თქვენ თუ მისწერეთ მომავალს წერილიო.

- მივწერე... რამდენიმე... ყველაზე უფრო ის წერილი მომწონს, "კვირის პალიტრის" ასი წლის შემდგომ მთავარ რედაქტორს რომ მივწერე... დღეგრძელი მინდა იყოს გაზეთი...

წერილის ხსენებაზე ერთი რამ გამახსენდა, - სამკუთხა წერილი, რომელსაც ჭრელ ჩითებში სათუთად გამოხვეულს ინახავდა ჩემი ბებია... ხშირად დაჰყურებდა თვალცრემლიანი. სულ მაინტერესებდა, რა ეწერა იმ გაყვითლებულ ფურცლებში ასეთი, რა ძალა ჰქონდა იმ ლამის წაშლილ სტრიქონებს, რომ ბებიას ასე აცრემლებდა. როცა წამოვიზარდე და წერა-კითხვა ვისწავლე, იმ სამკუთხა ბარათსაც მივეპარე და გაკვირვებული დავრჩი: ბებია თურმე მხოლოდ იმიტომ ღვრიდა ცრემლს, რომ ვიღაც  სიყვარულზე სწერდა, უყვებოდა, როგორ ენატრებოდა, რა ბნელი იყო უიმისოდ ყოველი დილა... მერე იმედს აძლევდა, რომ დაბრუნდებოდა და ყველაფერს დაავიწყებდა...

როცა გაუბედავად ვკითხე: - დარდით თავს რატომ იკლავ, თუ ასე გაწუხებს ეს წერილი, ნუღარ წაიკითხავ-მეთქი, ხელი თავზე გადამისვა და წყნარად მითხრა, - კი არ მაწუხებს, მაცოცხლებსო.

კიდევ რამდენიმე წელს უნდა გაევლო, რომ მივმხვდარიყავი - წერილები ზოგჯერ მართლაც აცოცხლებენ ადამიანებს.

მაცოცხლებელი ძალა ჰქონდა იმ უავტორო წერილსაც, რომელიც "კვირის პალიტრას" გამოუგზავნეს და რომელშიც არაჩვეულებრივი ლექსის სტრიქონები ამოვიკითხეთ:

"ნუ გაიგლიჯე გული, მამულო,ცოტა ხანს კიდევ გაძელ,არ დაადუმო შენი "ლილე" და, მოვალ, აგინთებ სანთელს"...

"ცოტა ხანი" აგერ უკვე 10 წელია გვიგრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება...

ხომ საინტერესოა, რას ფიქრობდნენ ადამიანები ათი წლის წინ... ზოგი წერილი ხომ კერძო ადრესატის კი არა, ზოგადად ქვეყნის მმართველისთვის ან ქართველი ხალხისთვის არის განკუთვნილი.

ბებიებსა და პაპებს ახსოვთ, როგორ ელოდნენ ხოლმე წერილებს მეგობრებისგან და ნათესავებისგან, როგორი სითბოთი ივსებოდნენ, იმ წერილებს რომ ხსნიდნენ. XXI საუკუნემ ეს მოლოდინი გააქრო. კომპიუტერის კლავიატურაზე მოწკაპუნე და მობილურ ტელეფონებში თავჩარგულმა გოგო-ბიჭებმა კალამი წერილების საწერად კი არა, მგონი, საერთოდაც აღარ აიღეს ხელში. ისინი როგორ გაიგებდნენ, რა არის წერილის მოლოდინი, რომ არა ეს სევდიანი და შორსგამიზნული პროექტი. მიღებული წერილი უთუოდ შეურხევს სულის სიმებს ყველას, ათი წლის წინ დაწერილი სტრიქონები გაათბობს და ააღელვებს.

წერილები, რომლებიც XX საუკუნეში დაიწერა ჩვენი მამების, პაპების, მეგობრების და ზოგჯერ უცნობების ხელითაც, დროში მოგზაურობენ ადრესატისკენ. მეორე ჟამმა ჩამოჰკრა და 2010 წელს გადასაცემ წერილებს სულ მალე ამოვიღებთ სკივრიდან.

"კვირის პალიტრა" შეატყობინებს ყველას, ვისაც წერილი გამოუგზავნეს, სად და როდის უნდა მიაკითხონ თავის გზავნილს. ვინ იცის, რამდენ ადამიანს გავახარებთ და დავაფიქრებთ... რამდენ ახალსა და მივიწყებულ ამბავს გაგახსენებენ ეს წერილები... ზოგიერთის ავტორი იქნებ აღარც კი არის ამქვეყნად და ზეციდან დაჰყურებს შთამომავლობას. იქნებ ამ წერილებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს კიდეც და, რაც მთავარია, ყველა ადრესატს გადასცეს დიდი სიყვარული დროსა და სივრცეში...