"ისევ თავშესაფრის ძიებაში ვარ" - კვირის პალიტრა

"ისევ თავშესაფრის ძიებაში ვარ"

დევნილების პრობლემა, ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, დაუსრულებელ დილემად იქცა. სახელმწიფომ მათი ნაწილისთვის თავშესაფრის მიცემა შეძლო, თუმცა დანარჩენებს კვლავაც არ აქვთ ჭერი, - ის, რის გარეშეც ადამიანი ვერასოდეს იგრძნობს თავს სრულფასოვნად. ამაზე ფიქრი ყველაზე მეტად მათი ვალდებულებაა, ვისი მისამართითაც ეს წერილია დაწერილი.

"ოცი წელია, დევნილობაში ვარ, სწორედ იმ დღიდან, აფხაზეთი რომ დავკარგეთ. ამ ხნის მანძილზე ვინ იცის, რამდენი საცხოვრებელი ადგილი შემიცვლია. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მივსულვარ დევნილთა სამინისტროში, რათა სადმე თავშესაფარი მოეცათ, თუმცა ამაოდ. შეიცვალა ხელისუფლება და იმედი მომეცა, ახლა მაინც მეშველება-მეთქი. 3 დეკემბერს დევნილთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მივაკითხე. ადრე მივედი. შესასვლელთან ვიცდიდი. იქ მყოფნი ვინმე ფაცაციას  ახსენებდნენ, რომელიც მინისტრის მოადგილე აღმოჩნდა. ისიც მალე გამოჩნდა.

ქალებმა კითხვები დააყარეს. ყველას ერთი სადარდებელი ჰქონდა - თავშესაფარი. ბატონმა ფაცაციამ თქვა: ბათუმში, იმ კორპუსებში, სადაც შარშან დევნილებს მისცეს ბინები, არის ადგილები და ვისაც გინდათ, დაწერეთ განცხადებაო. საოცნებო ბინა ერთი წამით ძალიან ახლოს მომეჩვენა, კინაღამ ხელებით შევეხე მისი კარის სახელურს, მაგრამ... ის იყო ამოვილუღლუღე, - თუ შეიძლება, დავწერ განცხადებას-მეთქი, ფაცაციამ ცივად მომახალა: იქ ორი-სამი ბინაა დარჩენილი, შენ ვინ მოგცემს მაგასო. სხვა დროს ძალიან  გავკაპასდებოდი, მაგრამ ამჯერად,  ჩემდა გასაკვირად, მოკრძალებულად ვუთხარი: ამ ორი-სამი ბინით დააკმაყოფილებთ ამდენ დევნილს-მეთქი? მაშინ კი ბატონმა ფაცაციამ  შემომიტია: ძველ მთავრობას ვერ უბედავდით და არ სთხოვდით ბინებს და ახლა გათამამდითო! სახტად დარჩენილმა კიბეზე ამავალ ჩინოვნიკს მივაძახე: თქვენი იმედი მქონდა, არჩევნებშIი = ხმა თქვენ მოგეცით და ამის ღირსი ვარ-მეთქი? რისი ხმა მომეცი, მე დეპუტატი არ ვარო! - ახლა უფრო მეტი რიხით მომაძახა და გამშორდა.

მირჩიეთ, ვის მივმართო და გავაგებინო ჩემი გულისტკივილი, მე ხომ 19 წელია ქირით ვცხოვრობ,  სახელმწიფოსგან არავითარი კომპენსაცია არ მიმიღია, გარდა იმ საყოველთაო 28 ლარისა, არც არასოდეს  შევჭრილვარ სადმე იმ იმედით, რომ  ასე უფრო  შემამჩნევდნენ..."

მზია სალაყაია,სოხუმიდან დევნილი