"ცაში გამარჯვებულებს არ სჯიან" - კვირის პალიტრა

"ცაში გამარჯვებულებს არ სჯიან"

ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის თვითდამკვიდრების პროცესი არც ერთ ეპოქაში არ იყო იოლი. თუმცა ქართველებს ამის ისეთი ჟინი და ნიჭი გვქონდა, რომ ამას მაინც ვახერხებდით.  უბრალო მოკვდავი ქართველებიც ხშირად ატყვევებდნენ ძლიერთა ამა სოფლისათა თავიანთი ღირსებებით. ამის მაგალითი ბესარიონ ქებურიაც არის, - პირველი ქართველი მფრინავი და ჩხოროწყუელი გლეხი ბიჭი, რომელმაც ორი ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალს დაახვია თავბრუ თავისი სიმამაცით. ბატონმა ვახტანგ მამფორიამ მის შესახებ, აი, რა მოგვწერა.

პირველი ქართველი მფრინავი და ქართული ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია 1870 წელს ჩხოროწყუს რაიონში დაიბადა. 14 წლისა მწყემსებს ფოთში ხელობის შესასწავლად გაჰყვა. იქ კი იმდენად მოხიბლა მატარებელმა, რომ სარკინიგზო საქმის შესწავლა გადაწყვიტა. შეისწავლა კიდეც, - ელდარ და გიორგი შენგელაიების ბიძის, ინჟინერ სლივიცკის დახმარებით. და იმდენად კარგად, რომ პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და რკინიგზის ტექნიკოსის წოდება მიიღო. სწორედ იმ დროს მსოფლიო შეძრა სენსაციურმა ცნობამ, ფრანგი ავიატორი ლუი ბლერიო, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით, საფრანგეთიდან ინგლისს გადაფრინდებაო. ბლერიოს პარიზში საფრენოსნო სკოლა ჰქონდა გახსნილი. ბესარიონ ქებურიას ახლა ამ სკოლისკენ გაუწია გულმა. არადა, სწავლა 2 600 ფრანკი ღირდა. ამასთანავე, აეროპლანიც უნდა ეყიდა. ბესარიონიც პარიზის გზას გაუყვა. შეისწავლა ფრენის ტექნიკა, შეისყიდა ბლერიოს 25-ცხენისძალიანი მონოპლანი და 8-ჯერ შემოუფრინა აეროდრომს. აღფრთოვანებულმა ბლერიომ ქართველი მფრინავი საფრანგეთის პრეზიდენტს წარუდგინა, რომელსაც საქებარი სიტყვები არ დაუშურებია ცაში მონავარდე ქართველის მიმართ. ქებურიას აეროპლანი პოლონეთის ცაზეც რომ გამოჩნდა, გუბერნატორმა მფრინავი ჯერ გაკიცხა, შემდეგ 500 მანეთით დაჯარიმება დაუპირა, თუმცაღა არ გამოუვიდა, - "აეროპლანის შავარდენით" მოხიბლულმა გუბერნატორის მეუღლემ ქმარს ამის ნება არ მისცა, - ცაში გამარჯვებულებს არ სჯიანო, - შეახსენა მეუღლეს და ბესარიონს მომხიბვლელად გაუღიმა, - მეც ხომ დამიმგზავრებთ ცაშიო. ქართველმა ავიატორმა ქალს თანხმობის ნიშნად თავი თავაზიანად დაუკრა და გუბერნატორის თანხმობაც მიიღო.

- ხომ ვამბობდი, ქართველებიც გავფრინდებით-მეთქი და გავფრინდით კიდეცო, - გამუდმებით იმეორებდა ქართული ავიაციის ფუძემდებელი. თავდადება მას ყველაზე მეტად მშობლიურ ჩხოროწყუში დაუფასეს, სადაც ძეგლი დაუდგეს და მისი სახელობის მუზეუმიც დააარსეს. ბესარიონ ქებურია დასაფლავებულია მშობლიური ჩხოროწყუს კულტურისა და დასვენების პარკში. მისი სახელობის ქუჩა კი დღესაც არის თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სადაც ერთხელ თავისი აწყობილი აეროპლანით ჩამოვარდა და სასწაულებრივად გადარჩა.