"უკან ნუ დავბრუნდებით" - კვირის პალიტრა

"უკან ნუ დავბრუნდებით"

ძვირფასო რედაქცია, ახალი ხელისუფლება, ცხადია, რამდენიმე კვირაში ხალხს მატერიალურ პრობლემებს ვერ გადაუწყვეტს, მაგრამ რაც წარსულში ასე თუ ისე მოგვარებული იყო, უნდა შენარჩუნდეს.

ამას წინათ აღმაშენებლის პროსპექტზე გავიარე და მეტროს შესასვლელის მიმდებარე, გასუფთავებულ და გალამაზებულ ტერიტორიაზე სავაჭროდ გამოფენილ ბოშებს და არა მარტო მათ, გადავეყარე.

გამყიდველებს საქონელი ასფალტზე გაეშალათ და სიიაფის გამო კლიენტის ნაკლებობასაც არ უჩიოდნენ. სამწუხაროდ ეს ერთეული შემთხვევები არ არის, სხვებმაც ისარგებლეს, ბაზრებიდან გამოვიდნენ და კვლავ ქუჩაში გამოფინეს საქონელი.

არავის ეგონოს, რომ გარე მოვაჭრეების ბედი არ მაწუხებს. ერთ დროს თავად ვვაჭრობდი ქუჩაში. საკუთარ ზურგზე მაქვს ნაწვნევი ის ტკივილი, რომელიც მაშინ გამოვიარე, როცა ძველმა ხელისუფლებამ აგვყარა და იქ შეგვიყვანა, სადაც ახლაც ვზივარ და ვმუშაობ. მერე და მერე ამ წესრიგს ყველანი მივეჩვიეთ. ახლა კი უკვე აღარ ვიცი, გარე მოვაჭრეები კლიენტს ჩემამდე თუ მოუშვებენ. იმისაც მეშინია, ვაითუ, ჩემს ქვეყანას ქაოსი შემოეპაროს, ასე ხომ ყველანი დავზარალდებით.

დარეჯან თვაური