მოგვიხარშე ხარის ბეჭი... - კვირის პალიტრა

მოგვიხარშე ხარის ბეჭი...

ქართველებმა ჩვენი სუფრა ეროვნულ ტრადიციად ვაქციეთ და საუკუნიდან საუკუნეში გადმოვიტანეთ. ემუქრება თუ არა დაკარგვა ამ ტრადიციას? ალბათ ეს შეუძლებელია, რადგან მთელ საქართველოში და მათ შორის გურიაში, თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, წინაპართა სტუმარმასპინძლობისთვის რომ ეღალატოს. გურულები სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დღესაც ისე ოსტატურად ამზადებენ ღომსა და საცივს დამთვალიერებელთა თვალწინ და ისე საინტერესოდ ჰყვებიან სუფრის გაწყობის წესსა და რიგზე, რომც არ გშიოდეს, ჭამა მაინც მოგინდება.

გურული სამზადი სახლი (ჯარგვალა)  გურულების ეზოებიდან დღესაც არ აპირებს გადაბარგებას და მიახლოებისთანავე ძველთაძველი ხის სურნელებით გაფხიზლებს. ადრე სამზადი ერთი ოთახისაგან შედგებოდა, რომელსაც ფანჯარა არ ჰქონდა, ამიტომ სტუმრის მომლოდინე კარს ზამთარ-ზაფხულ ღიად ტოვებდნენ. შუაში, კერაზე, მხიარულად ტკაცუნობდა შეშა, კერის თავში, აღმოსავლეთით, გრძელი ქვა იდო. ოთახის კუთხეში საფქვილე კოდი იდგა, კედელთან - ჯამ-ჭურჭლის კარადა. კედელზე ეკიდა სამფეხი ხის სუფრა (მაგიდა), რომელსაც სტუმრის შემობრძანებისთანავე დაავლებდნენ ხელს და გაშლიდნენ! დიასახლისები სტუმრის თვალწინვე აცხობდნენ ხაჭაპურსა თუ გურულ ნაცარში ამოვლებულ ყველიან კვერებს, - მჭადის ფქვილს ხის გობზე ცრიდნენ, კარგად მოზელდნენ, შიგ დაფხვნილ ყველს ჩაყრიდნენ, მუხის ან წაბლის ფოთოლში ჩააკრავდნენ, ზემოდან ნაცარგარეულ ღველფს დააყრიდნენ და თვალის დახამხამებაში ისეთი გემრიელი კვერი იყო მზად, განელებასაც არ აცლიდნენ - ოხშივარავარდნილს მიირთმევდნენ.

გურული დიასახლისები თითქმის მთელ დღეს ჯარგვალაში ატარებდნენ. საცივსა და შემწვარ-მოხრაკულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გურიაში მხოლოდ ლობიოს ათასგვარ შეჭამანდს ამზადებდნენ. დარწმუნებული ვარ, ლობიო ბევრს უყვარს და ამ კერძებს უსათუოდ ჩამოვთვლი: ლობიო ამოლესილი, კირკვალი, შეზელილი, ურწყულმოსხმული, ნიგვზიანი, ტყემლის ტყლაპით შენელებული, სირსვალი, ქონა, პარკებად შენახული... ოჯახში წესად იყო ოთხჯერადი კვება: დილით ხემსი, შემდეგ სადილი, ხეფსი (სამხარი) და ვახშამი. ცხადია, მჭადიც ოთხჯერ ცხვებოდა და კერაც გამუდმებით ენთო. ამიტომაც ითვლებოდა ყველაზე მძიმე წყევლად - კერია გაგციებოდესო. დიასახლისი სტუმარს ჯერ სახელდახელო ჯანჯუხასა და არაყს მიართმევდა, მერე სასწრაფოდ კეცზე ხაჭაპურს დააკრავდა, ხოლო თუ სტუმარი დიდი ხნით დარჩენას გადაწყვეტდა, ქათამს წააგდებინებდა თავს.

განსაკუთრებული იყო ყანის ნადის დამთავრების შემდეგ გაშლილი სუფრა - შრომით დაღლილ მოკეთეებს უხვად უმასპინძლდებოდნენ. ნადის შემდეგ ნამღერი კი ისევ ცოცხლობს გურიაში - "გავიტანეთ ჩვენ ნაპირი, შევასრულეთ დანაპირი, მოგვიხარშე ხარის ბეჭი, მასპინძელო, რაღას გვერჩი". ძროხის ბეჭთან ერთად, დახვავდებოდა სუფრაზე ხაპის ფოთოლზე დალაგებული მოხარშული დედლები, შემწვარი ქათმები, ჩალაღაჯი და გაჩაღდებოდა ქეიფი. ცხადია, სუფრას ღვინოც არ აკლდა - სანადო სუფრაზე კი არა, გურულს ყანაშიც თან მიჰქონდა ღვინო. არ აკლდათ არაყიც, რომელსაც ჭაჭისასაც ხდიდნენ, ხილეულისასაც და... სანთლისასაც! გურული სანთლის არაყი კი ისეთი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, რომლის მსგავსი იქნებ არც მოიპოვება მსოფლიოში.

და დასასრულ... რაც გიამბეთ, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმში ისეთი სიცხადით ცოცხლდება, ნამდვილად გირჩევთ მის მონახულებას...

მანანა ლომაძე