დუმილი მისი პროტესტია! - კვირის პალიტრა

დუმილი მისი პროტესტია!

ჩემო საყვარელო რედაქცია, ეს ფოტო ქალაქის გარეუბანში, ფონიჭალაში გადავიღე. თვალებს არ დავუჯერე  ბუდრუგანიდან (რომელიც მიტოვებული მეგონა) კოჭლობით საცოდავი კაცი რომ გამოვიდა.

ახლოს მივედი და დალაპარაკება ვცადე, მაგრამ ხმა არ გამცა და ზურგი მაქცია, მეც აღარაფერი მითქვამს, - მივხვდი, რომ დუმილი მისი პროტესტი იყო ცხოვრების მიმართ, რომლის ნაწილიც მისთვის მეც ვიყავი...

სამაგიეროდ, იქვე, ქვემო ფონიჭალის პატარა სარკინიგზო სადგურის მორიგემ გამიმხილა, - მაგ უბედურს, როგორც ამბობენ, ადრე ოჯახიც ჰყავდა, მაგრამ უკვე მრავალი წელიწადია მაგ "ჟეშტებით" შეკრულ ფარდულში ცხოვრობს, კაცმა არ იცის, რით გააქვს თავი, ან ამ სიცივეში როგორ არ იყინება... ერთხელ მასთან შესვლა მოვახერხე, გარეთ არ გამომაგდო, მაგრამ ხმაც არ გამცა. დაჟანგული თუნუქის ღუმელი კი უდგას, მაგრამ შიგ რა უნდა შეანთოს - დიდი-დიდი მუყაოს ნაგლეჯებს თუ იშოვის. რამდენიმე დღე გარეთ რომ არ გამოვიდა, მივაკითხეთ, იწვა მოკუნტული მდუმარედ, ცუდად იყო, მაგრამ არც მაშინ დაგველაპარაკა, ნაცნობ ექიმთან მაინც წავიყვანეთ.  ექიმმა, ახლა კი შევძლებ ფეხზე დავაყენო, მაგრამ არა მგონია, დიდხანს გაატანოსო.

გულდამძიმებული გამოვბრუნდი, საკუთარმა უსუსურობამ გული უფრო დამიმძიმა. ვინ იცის,  რამდენი დადიან ჩვენს ქუჩებში ასეთი უპოვარნი და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ...

გიორგი ცხომელიძე