რა მოუვიდა "ფაქიზოს"?! - კვირის პალიტრა

რა მოუვიდა "ფაქიზოს"?!

ხალხი რასაც ელის და სჭირდება, იმაზე რომ წერთ, იმიტომ მიყვარხართ. იქნებ ჩემი შეშველებაც გამოგადგეთ ამ საქმეში, - ძალიან

საჭირბოროტო თემაზე გწერთ, რომლისთვისაც დღეს არავის სცალია. ეს ჩვენი დაშლილ-დანგრეული სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის თემა გახლავთ. თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ეკოლოგიურად უჯანსაღეს საქართველოში რძის პროდუქტები, ბავშვის საკვების ჩათვლით, უცხოური რძის  ფხვნილით მზადდება. არადა, ოციოდე წლის წინ ჩვენი, ადგილობრივი წარმოების მაწვნით ზრდიდნენ ბავშვებს. მაშ, მას შემდეგ ჩვენს ძროხის რძეს რაღა დაემართა? არაფერი, ბატონებო, - ქართველებმა ბიზნესი ავაწყვეთ და უცხოეთიდან შემოგვაქვს რძის და ბავშვის საკვები ფხვნილები. ისე არ გამიგოთ, ბიზნესის წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რომ ავაწყოთ ბიზნესი, რატომ არ შეიძლება? ჩვენ ხომ არც ისე დიდი ხნის წინ, 80-იან წლებში, წელიწადში 1 500 000 ტონა რძეს და 50 000 ტონა ხორცს ვაწარმოებდით და ჩვენვე მოვიხმარდით.

როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და რძის ქარხნები პროდუქტს აღარ უშვებდნენ, მაშინვე შეიქმნა რაიონებში რძის ჩამბარებელი პუნქტები, რომლებიც ახლომახლო სოფლებიდან იბარებდნენ რძეს და ქალაქში ყიდდნენ. გლეხმა დაინახა, ჩემს შრომას ფასი დაედოო და მეორე და მესამე ძროხა გაიჩინა. ამასაც არ დასჯერდნენ - ჰოლანდიური მაღალწველადობის ძროხები შემოიყვანეს - გადარჩენის მექანიზმი ყოველგვარი დიდი კაპიტალდაბანდების გარეშე ამუშავდა. ეს მანამ გაგრძელდა, სანამ სამშობლოს ინტერესებისთვის გულანთებულმა "ბიზნესმენებმა" რძის ფხვნილის შემოტანა არ დაიწყეს და გლეხის იმედი არ ჩაკლეს. მანაც, ძროხა კი არა, სოფელიც მიატოვა და უცხოეთში გადაიხვეწა.

თუ ჩვენი თავის ხეირი გვინდა, ამ საქმეში აუცილებლად პარლამენტი უნდა ჩაერიოს - უნდა მიიღოს კანონი, რძის ფხვნილზე სააქციზო გადასახადის დაწესების ან მის შემოტანაზე უნდა შემცირდეს კვოტა. შეიძლება ასე რამდენიმე რძის ფხვნილის შემომტანი დაზარალდეს, სამაგიეროდ, საქართველო მოიგებს, სოფელი ადგილზე დადგება, ხალხი დასაქმდება და რეგიონებშიც შეიქმნება რძის გადამმუშავებელი საწარმოები.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი აგრომრეწველობაში და დღესაც ვმუშაობ ბიზნესპროექტებზე... ჩემს გვერდით კი ათასობით სოფლის მცხოვრები, უამრავი მეცნიერი და სპეციალისტია. გთხოვთ, თქვენც, "კვირის პალიტრაც", მხარში ამოგვიდგეთ და სთხოვოთ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას, ეს მამულიშვილური საკითხი გადაჭრას.

მარლენ მელქაძე,

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი