"მანქანებით გავლას ვინღა ჩივის, ფეხით ვეღარ გაგვივლია" - კვირის პალიტრა

"მანქანებით გავლას ვინღა ჩივის, ფეხით ვეღარ გაგვივლია"

პატივცემულო რედაქციავ, ვიცით, ბევრს ეიმედებით. ჩვენ თბილისში, თქვენ გვერდით, იოსებიძის ქუჩაზე ვცხოვრობთ და იქნებ მოგვაქციოთ

ყურადღება, ან გვირჩიოთ, რა ვქნათ, რომ ამისთანა გაუსაძლის ყოფაში აღარ ვიყოთ. თავადაც არაერთხელ დაგიწერიათ, რომ შარტავას ქუჩის ჩანგრევამ და მოძრაობის იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩებზე გადატანამ აუტანელი საცობები გამოიწვია, მაგრამ ამაზე ახლა აღარაფერს ვიტყვით, - რამდენიმე დღეა, ანაგის ქუჩაზე მოძრაობა აღდგა. თუმცა ქუთათელის ქუჩის მცხოვრებთ საშველი მაინც არ დაგვადგება, - ჩვენი საწუხარი ჩვენს ქუჩაზე მდებარე 161-ე სკოლის წინ ჩამწკრივებული მანქანებია - ქუჩა იმდენად ვიწროა, რომ იმათი ავტომანქანები, ვისი შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ, გაკვეთილების დაწყება-დამთავრების მოლოდინში, ბორდიურებზე ადიან. მანქანებით გავლას ვინღა ჩივის, ფეხით ვეღარ გაგვივლია. მით უფრო, წვიმიან ამინდში, - პირდაპირ გუბეებში უნდა გავცუროთ. მერე, განა ფხიზლად არიან, წამოწვებიან მანქანებში და ზოგი მობილურზე თამაშობს, ზოგს სძინავს. არ შეგაწუხებდით, მაგრამ მერიაში არაერთხელ მივედით და პასუხისმგებელ პირებამდე ვერ მივაღწიეთ.

ალექსანდრე ქუთათელის ქუჩის მცხოვრებნი

ეს ის პრობლემა გახლავთ, სამწუხაროდ, დღითი დღე რომ ღრმავდება. ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მერიის პრესცენტრს. დაგვეთანხმნენ, რომ ეს ძალზე მტკივნეული საკითხია და მასთან გამკლავება ჭირს. თუმცა მომავალში მერია სკოლების წინ პიკის საათებში მანქანების გაჩერების აკრძალვას გეგმავს. ვფიქრობთ, ეს ოდნავ მაინც განმუხტავს მდგომარეობას.