"გავმრავლდეთ და დუღაბად გავუხდეთ ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"გავმრავლდეთ და დუღაბად გავუხდეთ ქვეყანას"

სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს გაზეთს, მაგრამ რატომ არაფერს წერთ ქართველ გვარიშვილთა შეკრებაზე? უკვე რამდენი წელიწადია,

გაფანტული ქართული გვარები ერთმანეთს ხვდებიან და ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმაც კვირა არ გავა, რამდენიმე გვარი რომ არ დალოცოს. გვარი საყრდენია საქართველოსი. ქართველებს ცხრა მთას იქითაც რომ შეგვხვდეს მოგვარე, გულში ისეთი სითბო დაგვივლის, თითქოს დიდი ხნის დაკარგული ძმა გვეპოვოს... ასე იმიტომ აგვაწყო ალბათ უფალმა, რომ მიწასთან ერთად ჯილაგიც თავგანწირულად დაგვეცვა და ასე მოგვეტანა სამშობლო. მუმლაძე გახლავართ, ჩვენი გვარი 7 500 კაცს ითვლის. ამ დღეებში, როგორც მრავალრიცხოვანი გვარის წარმომადგენელი, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძესთან ერთად, საპატრიარქოში გახლდით. პატრიარქმა კურთხევა მოგვცა საგვარეულო ტაძრებისთვის მოგვევლო და ხეები დაგვერგო. მიხარია - ქვეყანა ასე უნდა დადგეს ფეხზე, თორემ სხვა საშველი არ ჩანს. ჩვენ, სხვადასხვა კუთხის  მუმლაძეები კი, უკვე თერთმეტი წელიწადია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვიკრიბებით, ერთმანეთს ვეცნობით და ვეხმარებით კიდეც. მგონი, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ უნდა იყოს. თუ დაგაინტერესებთ, სიამოვნებით გიამბობთ. გულწრფელად მინდა, სხვა გვარებიც შეიკრან და შეკავშირდნენ. ამიტომ იქნებ დაწეროთ ამაზე.

მიხეილ მუმლაძე

აბა, გული როგორ გაგვიძლებდა, ბატონი მიხეილისთვის არ გვეკითხა - ამ დათითოკაცებულ საქართველოში მუმლაძეებმა როგორ მოახერხეთ, რომ ერთიანდებით, ძლიერდებით და ქვეყანასაც აძლიერებთო.

- თუ კაცს გულში ძმის სიყვარულის ძარღვი აქვს, ყველაფერს მოახერხებს, - გვიპასუხა ბატონმა მიხეილმა, - ადრე რუსთავის პოლიციაში ვმუშაობდი და აქეთ-იქით სიარულში ბევრი ჩემი მოგვარე გავიცანი. მათ შორის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მუმლაძეც, ქვეყნის უზომოდ მოყვარული კაცი. ერთხელ მითხრა, - რა იქნება, ვითავოთ და მუმლაძეები შევკრიბოთ, არ გაინტერესებს, რანი ვართ და როგორ დავუდგებით მხარში ერთმანეთსო? რას ჰქვია-მეთქი! და ყველა მუმლაძის მისამართი ჩამოვუწერე, ვინც სადმე გამიცნია. წავიდა, მოიარა საქართველო - მესხეთი, დმანისი, მარნეული, კახეთი - როგორც სხვა ქართული გვარები არიან საქართველოში მიმოფანტული, მუმლაძეებიც ისე ვართ. ლაგოდეხში, მაგალითად, ერეკლე მეფეს ჩავუსახლებივართ იქაურობის ლეკებისაგან დასაცავად. მესხეთ-ჯავახეთში - სტალინს, მუჰაჯირობის დროს, მარნეულში - საბჭოთა მთავრობას. ჩამოვიდა ბატონი დავითი და მითხრა: - ყველა ვნახე და ძალიან გავახარეო. მუმლაძეების ძველ ფუძეზე,  მანდაეთში მოვიყარეთ თავი. მანდაეთი ჭიათურის რაიონის სოფელია, იქ არის ჩვენი ძველი, წმინდა გიორგის სალოცავი, რომელსაც დღესაც მოილოცავენ სხვადასხვა კუთხის მუმლაძეები...

- რამდენი იყავით პირველ შეხვედრაზე?

- არ გაგიკვირდეთ და, 600 კაცი!

- რას ამბობთ, სად დაეტიეთ?!

- ავთანდილ მუმლაძის სამოთხესავით ეზოში, მანდაეთში. "იკარუსებით" ჩამოვიდა ხალხი. ერთმანეთის სიყვარული და მოფერება აღარ გვყოფნიდა. დავთქვით, ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდზე ვყოფილიყავით და აუცილებლად, ყოველი ოქტომბრის მეორე შაბათს შევკრებილიყავით. გვარის თავკაცად თქვენი მონა-მორჩილი აირჩიეს.

ახლა ჩვენ მარტო ყოველ წელიწადს კი არ ვხვდებით ერთმანეთს, ურთიერთობაც გვაქვს, ჩვენი შვილები და შვილიშვილები დაახლოვდნენ. უცხოეთიდანაც გვეხმიანებიან მუმლაძეები. ერთმანეთის დახმარებით წელიწადში ერთხელ გაზეთს ვუშვებთ, - რაც დაგვრჩა სათქმელი, იქ ვეფერებით ერთმანეთს.

- მართლა სიცოცხლისა და დღეგრძელობის ღირსი გვარი ყოფილხართ, გაიხარეთ და გამრავლდით...

- აბა, რა. ყველა ქართული გვარი უნდა გამრავლდეს, შეკავშირდეს და დუღაბად გაუხდეს ქვეყანას. თუ გვარი იქნება ძლიერი, საქართველოც ძლიერი იქნება!