"ისევ თავშესაფარს ვეძებ..." - კვირის პალიტრა

"ისევ თავშესაფარს ვეძებ..."

დევნილების პრობლემა, ჩვენი ქვეყნისთვის საუბედუროდ, დაუსრულებელ დილემად იქცა. სახელმწიფომ ნაწილისთვის თავშესაფრის მიცემა შეძლო, მაგრამ ბევრს კვლავაც არ აქვს ჭერი, - ის, რის გარეშეც ადამიანი ვერასოდეს იგრძნობს თავს სრულფასოვნად. ამაზე ფიქრი ყველაზე მეტად მათი ვალდებულებაა, ვისი მისამართითაც ეს წერილია დაწერილი.

"ოცი წელია, დევნილობაში ვარ, სწორედ იმ დღიდან, აფხაზეთი რომ დავკარგეთ. ამ ხნის მანძილზე ვინ იცის, რამდენი საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მივსულვარ დევნილთა სამინისტროში, სადმე თავშესაფარი მომეცით-მეთქი... შეიცვალა ხელისუფლება და იმედი მომეცა, ახლა მაინც მეშველება-მეთქი. 3 დეკემბერს დევნილთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მივაკითხე.

შესასვლელთან ვიცდიდი. იქ მყოფნი ვინმე ფაცაციას ახსენებდნენ. მინისტრის მოადგილე აღმოჩნდა. ისიც მალე გამოჩნდა. ქალებმა კითხვები დააყარეს. ყველას ერთი სადარდებელი ჰქონდა - თავშესაფარი. ბატონმა ფაცაციამ თქვა: ბათუმში, იმ კორპუსებში, სადაც შარშან დევნილებს მისცეს ბინები, არის ადგილები და ვისაც გინდათ, დაწერეთ განცხადებაო. საოცნებო ბინა ერთი წამით ძალიან ახლოს მომეჩვენა, კინაღამ ხელით შევეხე კარის სახელურს, მაგრამ... ის იყო, ამოვილუღლუღე, - თუ შეიძლება, დავწერ განცხადებას-მეთქი, ფაცაციამ ცივად მომახალა: იქ ორი-სამი ბინაა დარჩენილი, შენ ვინ მოგცემს მაგასო. სხვა დროს ძალიან  გავკაპასდებოდი, მაგრამ ამჯერად, ჩემდა გასაკვირად, მოკრძალებულად ვუთხარი: ამ ორი-სამი ბინით დააკმაყოფილებთ ამდენ დევნილს-მეთქი? ბატონმა ფაცაციამ წარბი შეყარა: ძველ მთავრობას ვერ უბედავდით ბინის თხოვნას და ახლა გათამამდითო?! სახტად დარჩენილმა კიბეზე ამავალ დიდმოხელეს მივაძახე: - თქვენი იმედი მქონდა, არჩევნებში ხმა თქვენ მოგეცით და ამის ღირსი ვარ-მეთქი? მე დეპუტატი არ ვარო, - რიხიანად მომაძახა და გამშორდა.

მირჩიეთ, ვის მივმართო და გავაგებინო ჩემი გულისტკივილი. 19 წელია, ქირით ვცხოვრობ, სახელმწიფოსგან არავითარი კომპენსაცია არ მიმიღია, გარდა იმ საყოველთაო 28 ლარისა, არც არასოდეს  შევჭრილვარ სადმე იმ იმედით, რომ  ასე უფრო შემამჩნევდნენ..."

მზია სალაყაია, სოხუმიდან დევნილი