გაიცანით, ეს რიჩია - კვირის პალიტრა

გაიცანით, ეს რიჩია

ალბათ ამ ფოტომ ცოტა დაგაბნიათ, მაგრამ ეს ჩვენი უბნის სიამაყე რიჩი გახლავთ. ასლან აბაშიძის ბასმაჩის ლეკვი. სწორედ მასზე მინდა გიამბოთ. ახლაც თვალწინ მიდგას, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ  აბაშიძის გაქცევის შემდეგ გალიებში გამომწყვდეული აბაშიძის ნაგაზები და როგორ გამიხარდა, როცა შევიტყვე, რომ საყვარელი კავკასიური ბასმაჩი რუსეთში გაუგზავნეს. რომელიღაც რუსულ არხზე ასლანიც ვნახე ამ ბასმაჩის სპილოსხელა ლეკვთან.

თუკი ჩვენში ვინმეს ამ ბასმაჩის ლეკვი დარჩა, მისი გონიერებით ძალიან ამაყობს. ასეთია ჩვენი უბნის რიჩიც. ის  პროფესორმა ვლადიმერ კორთხუნჯიამ ბათუმიდან ცხრა წლის წინ ჩამოიყვანა და დიდი მზრუნველობით უვლის. ჩვენს უბანში კაცი არ მეგულება, სასეირნოდ გამოსულ რიჩის არ მიეფეროს, ისიც საოცრად მეტყველი, წყლიანი თვალებით ამოგხედავს. ჩვენი ეზოს ბავშვები რომ თამაშობენ, რიჩიც იქვეა. ამხელა ძაღლი  მართალია ბავშვებს თავს არ უყადრებს და სათამაშოდ არ გარბის, მაგრამ იქვე წევს და თითოეულის მოქმედებას თვალს ადევნებს. მშობლები ხშირად იტყვიან, მშვიდად ვართ, რიჩი ხომ ეზოშიაო.

რაც მთავარია, შვილები რიჩისაც ჰყავს და კავკასიური ნაგაზის ჯიშიც გრძელდება...

გურამ ცხომელიძე