ეს გადარჩენის ინსტინქტია - კვირის პალიტრა

ეს გადარჩენის ინსტინქტია

როცა ქვეყანას უჭირს, თითქოს ზენაარმა ანიშნაო, ხალხი იწყებს მის გადასარჩენად ბრძოლას. წაიკითხეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული, განსხვავებული ხელობის ხალხის ეს წერილები - თითქოს შეთანხმებულანო, ერთად ცდილობენ ქვეყანას დაეხმარონ.

ეს ქვეყნის გადარჩენის ინსტინქტია, რაც პატრიარქის კურთხევამაც დაადასტურა. მან ბრძანა, თორმეტი მოციქულის სახელზე ყველამ თორმეტი ხე მაინც უნდა დავრგოთ წელიწადშიო. ჩვენც ხომ ამაზე ხშირად ვწერდით და საპასუხოდ ამგვარ წერილებს ვიღებდით:

პატივცემულო რედაქციავ, იცით, რა დღეშიც არის ბორჯომის ტყეები. მათი გაწმენდა და აღდგენა 2009 წლის შემოდგომა-გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რაც "დაიწყო", ვხედავთ... ჩვენ, მეცნიერებს, ერთი რჩევის მოცემა შეგვიძლია, - თუ ვინმეს მართლა უნდა ამ ტყეების აღდგენა, ეს საქმე ადგილობრივ მეტყევეებს უნდა მიანდოს. ბორჯომელ მეტყევეებს, მათ შორის, ლევან გოცირიძეს რომ დაუჯერებდეს ხელისუფლება, ბორჯომ-აბასთუმანი ტყეებით უმოკლეს დროში შეიმოსება. მათ, უპირველესად, ბორჯომი-ბაკურიანის სატყეო მეურნეობისა და წაღვერის სატყეო უბნის აღდგენა მიაჩნიათ. აქ მომუშავე პროფესიონალებმაც ზეპირად იცოდნენ ტყის ანაბანა, ახლა კი სამუშაოს არიან ჩამოშორებულები და ტყის გავერანებას შორიდან შეჰყურებენ. გარდა ამისა, უსათუოდ უნდა აღდგეს გაუქმებული ბორჯომის სატყეო კოლეჯი, რომელიც პროფესიონალ მეტყვეებს ამზადებდა. ვის მოუვიდა აზრად, რომ წაღვერის 7000 ჰა ტყე ერთი რეინჯერისთვის ჩაებარებინა? დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ბორჯომის ტყე ბორჯომელი მეტყევეების კონსულტაციებით აღადგინონ. გადაკარგულიდან ჩამოყვანილი მეტყევეებისთვის გადახდილი მილიონები წყალშია ჩაყრილი. მათ ჩვენი მიწისა არაფერი გაეგებათ - სართიჭალაში საცდელი სანერგე გააშენეს, რომელიც პირწმინდად გადაახმო ქარმა.

პროფესორები: თენგიზ ურუშაძე და ლევან მახვილაძე

***

KvirisPalitra.Geროგორც შევიტყვე, თბილისის ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიაზე, მდინარე ვერეს გასწვრივ, ტრასის გაყვანას აპირებენ. გზა კარგია, მაგრამ ეკოლოგიურად ისეთი ზარალის მოტანა შეუძლია, ვერაფერი აანაზღაურებს. ამ ტერიტორიაზე, შენობებით გადატვირთულ ზოლში, ასწლოვანი ხეების ჭრა აუცილებლად მეწყერს გამოიწვევს, ქალაქის დაბალ ტერიტორიებს ხომ ისედაც გამონაბოლქვის რუხი ნისლი ადგას თავზე და შხამი უფრო დაემატება. არქიტექტორთა გაანგარიშებით, პროექტი არაეფექტიანი იქნება, რადგან ტრასის თავსა და ბოლოში ქაოსი შეიქმნება. არქიტექტორებს გვაქვს თბილისის განტვირთვის ალტერნატიული პროექტები: ბატონებო, თუ ნამდვილად გიყვართ დედაქალაქი, საფრთხეში ნუ ჩააგდებთ მას, გამოაცხადეთ კონკურსები, მიგვიწვიეთ და პროფესიონალებთან ერთად განვიხილოთ ქალაქის სასარგებლო გეგმები. რაც მთავარია, ამ ტერიტორიაზე არამომგებიანი ტრასის გაყვანა კი არა, ხეების დარგვა უნდა დავიწყოთ, რადგან თბილისი უკვე ვეღარ სუნთქავს.

მარინა კაკუშაძე, არქიტექტორი