ჭრელი პეპელა ვარ, აბა, რა ვარ! - კვირის პალიტრა

ჭრელი პეპელა ვარ, აბა, რა ვარ!

რჩევა მინდა გკითხოთ. ვერ მეტყვით, რა ქნას საწყალმა პეპელამ, რომელსაც სიცოცხლე უნდა და სადაც მიფრინდა, უთხრეს, - აქედან მოუსვი,

შენღა გვაკლიხარო! მოკლედ, გურული კაცი გახლავართ, ოზურგეთის რაიონის სოფელ ფამფალეთიდან. ერთ დროს კი ვიყავით გურულები მდიდარი ჩაითა და მანდარინით, მაგრამ ახლა რაღა - სანამ ჩვენს ჩაისა და მანდარინს ჩვენი ხელისუფლება ვინმეს შეახარბებს, - ამას თუ არ იყიდით, ან დღე მოკვდებით, ან ღამეო, გურულები ხომ არ დავიხოცებით შიმშილით? ჰოდა, მივიხედ-მოვიხედე და გადავწყვიტე, პირუტყვი მომეშენებინა, თავსაც დავხმარებოდი და ქვეყანასაც. ჯერ გამგეობაში ვითხოვე დახმარება. თვალები დაქაჩეს - მისამართი შეგეშალათო. რას ვიზამდი. ავდექი და ბანკში წავედი კრედიტისათვის - გაგონილი მქონდა, მცირე ბიზნესის დასაფინანსებელი პროგრამები არსებობსო. ბანკში - სად გძინავთ, ეგ პროგრამები იყო და არა იყო რაო. ახლა გადავწყვიტე, დუტა სხირტლაძესთან "ჩამოვფრინდე" თბილისში, მაგრამ რადგანაც დიდად არ ვიცნობ შოუბიზნესს და მაგ კაცს, თბილისში ვერ მოვძებნით, თქვენ უთხარით, დუტა, მიმიწვიე, რა, "ვა-ბანკში". მართალია, ცნობილი სახე არ ვარ, მაგრამ გურული ვარ და ჩემზე გარისკვა შეიძლება. სამაგიეროდ, თუ მოვიგე და ფერმა გავხსენი, შემწვარ გოჭსა და გურულ ადესას არ დაგამადლით!

პატივისცემით, ნოდარ ინწკირველი