"მასზე უსაყვარლესი, ქვეყნად არაფერია!" - კვირის პალიტრა

"მასზე უსაყვარლესი, ქვეყნად არაფერია!"

ბევრი რამ გადამიტანია, მაგრამ ყველაზე მეტად გული სამშობლოს მიწის დაკარგვამ მატკინა. მე ვერ გეტყვით, მენდეთ-მეთქი, მაგრამ ისტორიას უნდა ვენდოთ და გარწმუნებთ, კავკასიური სისხლი, რომელიც აფხაზებს, ოსებს (და ყველა კავკასიელს) ოდითგან აერთიანებდა, ერთმანეთისკენ გაგვაწევინებს, რაღა თქმა უნდა, მოღალატეების გარდა.

ამის ნიშნები უკვე არის. ცოტა ხნის წინ ცხოვრებამ ბაკურიანელ რუსლან ჯანგობეგოვს გადამყარა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. იგი ძალზე საინტერესო კაცია, ექიმი. კაცი, რომელიც ქართველებისა და ოსების შუაში იდგა და ტყვიის გასროლას სამშობლოდან გადახვეწა არჩია. იქ იმდენს მიაღწია, რომლის მეათედსაც აქ ვერ შეძლებდა, მაგრამ არარად მიაჩნია და დაბრუნდა... თუ ჰკითხავთ, ისეთ ამბავს გიამბობთ, თვალს ცრემლი მოგადგებათ. ეს ყალბი ცრემლი არ იქნება - იგი ახლა ქართველებსაც გვჭირდება და ოსებსაც.

ვახტანგ მაღლაფერიძე, რეჟისორი

ამ წერილმა რუსლან ჯანგობეგოვიც მოგვაძებნინა, რომელთან ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ:

- ბატონო რუსლან, ყველაფერი გქონიათ უცხოეთში...

- იქ სახლიც მქონდა, კარიც, პროფესორიც გახლდით "გაფურჩქნულ ევროპაში". სინამდვილეში არაფერიც არ მქონდა.

- და თუ ძველ ჭრილობებს ძალიან არ გატკენთ, საქართველოდან რატომ წახვედით?

- შერეული სისხლის სიმწარემ წამიყვანა. მამა მყავს ოსი და დედა - ქართველი. როცა ოსებმა საქართველოს პრეტენზიები წაუყენეს - თქვენი მიწა ჩვენიაო, ჩემს თავზე ავიღე ყველა მოღალატე ოსის დანაშაული - სადაური ოსური მიწაა სამაჩაბლო? და ოსს, ჩემს სისხლსა და ხორცს, სხვისი მიწის მიტაცებით რა ხეირი უნდა დასდგომოდა ან დაადგა? წავედი სამაჩაბლოში მათთან მოსალაპარაკებლად. გაოგნებული შევცქეროდი, როგორ მიმტკიცებდნენ სუფთა ქართულით - ეს მიწა ჩვენიაო. ავდექი და ბორჯომის გაზეთში წერილი მივიტანე. ოსებს მივმართავდი, - ქართველებსა და ოსებს ერთი წვიმა გვაწვიმს და ჩვენ ნუ დავიხურავთ მარტო ნაბადს. ერთმანეთს თუ დავერიეთ, სატყვიედ რომელი ავირჩიო - ჩემი ქართველი დედა თუ ოსი შვილები-მეთქი... ეს წერილი ბევრმა გაზეთმა გადაბეჭდა. მოღალატე ოსებმა შემომითვალეს, - მოგკლავთო. არჩევანი მაშინ გავაკეთე. ქართველებისადმი თანადგომის ნიშნად გვარი ჯანიძედ გადავიკეთე და პოლონეთში წავედი! და იქ, ოცი წელიწადი, არავის გაუკვირდეს და, ლექსებს ვწერდი სამშობლოზე. მათ დღესაც ვერ ვკითხულობ უცრემლოდ, ვერც - ჩემი შვილები. ხომ პოლონეთში დაიზარდნენ, მათი ენა ქართულია, ისინიც სამშობლოში წამოვიყვანე. მახსოვს, თერთმეტი წლის წინ ერთი თვით ჩამოვედი საქართველოში. ახლაც ყურში მაქვს ჩემი ქალიშვილის ნათქვამი, - მამა, აბდღვრიალებულ პოლონეთს ლამპის შუქით განათებული საქართველო მირჩევნიაო... ზუსტად ასე თქვა, - აბდღვრიალებულსო.

- ლამაზი ქართული სიტყვაა...

- მარტო ეგ სიტყვა? ჩვენ არ ვიცით, რა სიმდიდრეა ქართული ენა, რადგან ვინც იგი დედის ნანასთან ერთად შეითვისა, ამას ვერ გაიგებს, მაგრამ, მე, რომელმაც ვიცი უკრაინული, რუსული, ოსური, პოლონური და უნგრული, შემიძლია ყველას დავუმტკიცო, რომ ქართული კაცობრიობის ყველაზე ჰარმონიული და ჟღერადი ენაა. უცხოეთში ამის დასტური ბევრჯერ მქონია: ერთხელ მე და დედაჩემი, რომელიც ჩვენმა უგუნურმა დაპირისპირებამ პოლონეთის მიწაში დამატოვებინა, - მატარებელში ჩვენთვის ვლაპარაკობდით ქართულად. ერთი პოლონელი ქალი გვისმენდა, მოგვიბრუნდა და, - ბოდიშს გიხდით, რომელ ენაზე ლაპარაკობთო. თქვენ რომელი გგონიათ-მეთქი.

- არ ვიცი, მაგრამ ასეთი ლამაზი და მუსიკალური ენა ჩემს სიცოცხლეში არ მომისმენიაო და... დედამ ტირილი დაიწყო. მეორეჯერაც დედას ველაპარაკებოდი ბუდაპეშტის ტელეგრაფიდან. კაბინაში ვიდექი და როცა გამოვედი, თანამშრომელი გოგონა მოვიდა - უკაცრავად, რა ენაზე საუბრობდითო? ვუთხარი და... ატყდა ოვაცია - ყველა თანამშრომელი ტაშს უკრავდა... ეჰ, ბოროტებამ ოსებს და ქართველებს ჭკუა აგვირია... მაგრამ მოვა დრო და ვინც ნამდვილი ოსი დარჩა, გონს მოეგება... ისევე მოენატრებათ ქართველებთან ყოფნა, როგორც მე მომძებნა სამშობლოს ნატვრამ.