სტატუსი "13+9" - კვირის პალიტრა

სტატუსი "13+9"

"უსახსროდ დარჩენილებს თუ ისევ უკან დაბრუნებამ მოგვიწია, ვერ გადავიტანთ... ფიზიკურად ხომ ისედაც სამკურნალო ვართ, ეს ჩვენი სულიერი სიკვდილიც იქნება"

"საქართველოში, ალბათ ერთადერთი პატრიარქია, ვისაც ჩვენი დაბრუნება გულწრფელად უნდა"

"ბევრი შვილისთვის უცხოეთში გახიზნული დედა ფულის ხურჯინად იქცა"

"გემით "დალანდი" მოვდიოდი სამშობლოსაკენ, და მთვარისაგან განშორება გულს დარდად ჰქონდა, მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მივაგენ, და არ მახსოვდა: მქონდა იგი, თუ მომაგონდა?" - ამ წერილს გალაკტიონის პოეზიასთან არაფერი აკავშირებს, მაგრამ როცა იმაზე დავფიქრდი, რომ ათასობით ემიგრანტი შეიძლება სამშობლოსთვის ზედმეტ ბარგად იქცეს, ეს სტრიქონები გამახსენდა: სამშობლოდან გადახვეწილ ქართველთა უმეტესობა უცხოობაში მოჯამაგირედ იქცა, მაგრამ ამით ოჯახები და ქვეყანა დააყენეს ფეხზე. ახლა კი, მათ ცალ ხელს დასაბრუნებლად ვუქნევთ, მეორეს - ვკრავთ... ორი ყოფილი ემიგრანტის, ყოფილი პედაგოგების - ნანა ვაშაკიძისა და ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძის წერილმა ეს დამანახა და მათთან ერთად მეც მომადგა თვალზე ცრემლი... მაგრამ ვითომ ცრემლი შველის ამ საქმეს?

- გვინდა, იმ ხალხმა, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩვენი დაბრუნებით ქვეყანა გაძლიერდებაო, იცოდეს, რომ უკვე ბევრი ჩვენგანი დაბრუნდა, მაგრამ სამშობლოს არ ვჭირდებით. ჩვენ შორის ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ სადაც კი სამსახური ვითხოვეთ, ყველგან გვეუბნებიან, - თუ სამსახური გინდოდათ, საზღვარგარეთ რას გარბოდით, უკვე გვიანიაო. აქ მოჯამაგირეებადაც არავის ვუნდივართ, უცხოეთში ამით მაინც ვშოულობდით პურის ფულს. მოჯამაგირეები ვიყავით, აბა, რა - სხვის ავადმყოფ დედ-მამას რომ უვლი, ის კი თავში გირტყამს, აბა, რა ჰქვია? მტერსაც აშოროს ის, რაც ჩვენ გვჭირდა. ქართველი ქალების მოსავლელი მოხუცები უცხოეთში, ფაქტობრივად, ყველანი შიზოფრენიკები არიან. ამას მათი შვილები თავად გვეუბნებოდნენ, - ჩვენი მშობლები ავადმყოფები რომ არ იყვნენ, თქვენი დახმარება რაში დაგვჭირდებოდაო. თავად ნახევარი საათიც ვერ უძლებდნენ მშობლებს, მოვიდოდნენ, ერთს დახედავდნენ და გარბოდნენ. ჩვენ კი მათთან ვრჩებოდით...

ისინიც თავში გვირტყამდნენ, გვლანძღავდნენ და სახლიდან გარბოდნენ. ამ დროს ჩვენ უნდა დაგვეკავებინა, დაგვეწვინა და კვლავ გაგვეგრძელებინა მონური შრომა, რათა ამაში აღებული  გროშებით ოჯახები გვერჩინა. ამას რომ ვყვებით, არ ნიშნავს, რომ უმადურები ვართ იმ ქვეყნებისა, რომელთა მოჯამაგირეობამ შვილები დაგვაზრდევინა, მაგრამ როცა ამას გადაიტან და მერე, თუ ცოცხალი დაბრუნდი, სამშობლო გეტყვის, არ მჭირდებიო, ჭკუაზე როგორ უნდა იყო?! რაც შეგვეძლო, ემიგრანტები ერთმანეთს ვეხმარებოდით, მაგრამ ეს რას შველის! ახლაც ქართველი ქალი საბერძნეთში მაცივარშია შედებული იმის გამო, რომ ოჯახმა მისი ჩამოსასვენებელი ფული ვერ იშოვა. სხვებს კი სად ჩააგდებენ მიწაში ან რომელ ციხეში აღმოხდებათ სული, კაცმა არ იცის...

უცხოეთში მხოლოდ ქართველს არ ჰყავს პატრონი. პოლიცია ყველგან აჩერებს, ავტობუსიდანაც კი ჩამოჰყავთ და საპატიმროში მიჰყავთ. საელჩოებისთვის დახმარების თხოვნას აზრი არ აქვს, რამდენჯერ უთქვამთ, - თქვენ ფულს ოჯახებში გზავნით და ჩვენ რატომ უნდა დაგეხმაროთო. ერთ-ორს თუ გამოუჩნდება პატრონი და ახმაურდება პრესა. ამიტომაც ბევრი ჩვენი ქალი 24 საათი მოხუცთან არის გამოკეტილი და თავადაც გიჟდება. ერთადერთი ნუგეში ქართველი ემიგრანტისა ის არის, რომ იცის, თავისი ნაშრომით მოხუც დედ-მამას მარხავს და შვილს ლუკმას აჭმევს... მაგრამ ესეც ტრაგედიაა, რამდენი შვილი ეუბნება დედას, ჯერ არ ჩამოხვიდე, მანდ იყავი, ფული მჭირდებაო.

ასე იქცა ბევრი შვილისთვის უცხოეთში გახიზნული დედა ფულის ხურჯინად, რამდენიმემ სამშობლოში დასაბრუნებლად გამზადებული ჩანთა ტირილით ამოალაგა და ისევ სამუშაოს ძებნა დაიწყო.

ახლა უცხოეთშიც კრიზისია და ზოგი 300 დოლარადაც კი ითმენს დამცირებას. თუ ვინმე უკეთეს პირობებში მოხვდა, ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ მათი რიცხვი მცირეა.

საქართველოში, ალბათ ერთადერთი პატრიარქია, ვისაც ჩვენი დაბრუნება გულწრფელად უნდა. ხომ ასეთ განსაცდელში ვართ, მაინც ბევრი ემიგრანტი გვირეკავს და გვეხვეწება, - ახალ მთავრობას აცალეთ, ჯერ რა უნდა მოსთხოვოთო... ვაცლით, მაგრამ შიში გვჭამს, უსახსროდ დარჩენილებს ისევ უკან დაბრუნებამ თუ მოგვიწია, ვერ გადავიტანთ... ფიზიკურად ხომ ისედაც სამკურნალო ვართ, ეს ჩვენი სულიერი სიკვდილიც იქნება, - ჩვენ ხომ მარტო შვილები არ შეგვინახავს, რამდენი ადამიანისთვის გამოგვიწვდია დახმარების ხელი. ნახმარ ტანსაცმელს რომ ვგზავნიდით, ესეც ზოგისთვის ბიზნესად იქცა, - ავტობუსის მძღოლებს ვატანდით, მაგრამ საქართველოს ფოსტამ აკრძალა - გინდა თუ არა, ფოსტით უნდა გამოგზავნოთ და ათმაგი გადაიხადოთო.

ჩვენ შევქმნით ემიგრანტთა საზოგადოებას და მოვითხოვთ, მოგვცენ სტატუსი "13+9". აქედან 13 შევარდნაძის ხელისუფლების წლებია, როცა ზოგმა ჩვენგანმა ჩვილებიც კი მიატოვა და გადაიკარგა, რომ დანარჩენი შვილები ერჩინა, 9 წელი კი სააკაშვილისა, როცა დარჩენილებიც სამსახურებიდან 40 წლის ასაკში გამოგვყარეს. და თუ დაბრუნებულებს სამშობლო ისევ უკან გაგვრეკავს, გამოდის, ჩვენთან ერთად ჩვენს ქვეყანასაც არ ჰქონია მომავალი.