"მინახავს კაზინოში ატირებული დედა, რომელიც შვილს აფიცებდა, რომ იქ აღარ შესულიყო" - კვირის პალიტრა

"მინახავს კაზინოში ატირებული დედა, რომელიც შვილს აფიცებდა, რომ იქ აღარ შესულიყო"

"მინახავს კაზინოში წაგების გამო მეთორმეტე სართულიდან გადმომხტარი ადამიანის ცხედარი"

წერილი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ყველა ჩვენგანის გულისტკივილს გამოხატავს. მისი წაკითხვისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს, ის უამრავი ბოროტება, რომელიც აქ განხილულ პრობლემას მოაქვს. თუმცა გახსენება რად გვინდა, - კაზინოების მსხვერპლი, საუბედუროდ, ყველა ჩვენგანს ჰყავს ახლობლებში. ამ წერილის ავტორის მიმართ მით უფრო პატივისცემით განვიმსჭვალეთ, - ახალგაზრდა კაცმა მოახერხა ამ ბოროტებასთან შებმა და დაამარცხა კიდეც:

"23 წლის ვარ და ამჟამად მაგისტრატურაში ვსწავლობ. ამით იმის თქმა მინდა, რომ არასოდეს უმიზნო არ ვყოფილვარ, თუმცაღა მაინც მოახერხა და ჩამითრია კაზინომ. პირველად  ცოტა-ცოტათი დავიწყე. ვიფიქრე, როცა მინდა, მაშინ დავანებებ თავს-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ერთხელაც უკანასკნელი ფული ავიღე ოჯახიდან და ისიც წავაგე. მერე სახლში დავბრუნდი, ქამარი გისოსზე ჩამოვკიდე და შიგ თავი გავუყარე. ეტყობა, უფალს სასიკვდილოდ არ ვემეტებოდი, - ქამარი გაიხსნა, ძირს დავვარდი და ადგომისთანავე მოძღვართან წავედი. ასე გადავრჩი. ახლა ვცდილობ, კაზინოსაკენ არ მივიხედო. კარგია, რომ მთავრობა მათ გაუქმებაზე ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად დღეს ბევრად უარესი მდგომარეობაა ვიდრე იყო, - კაზინოების პროპაგანდა ახლა ყველგან მიდის, ტელევიზიებსა და ინტერნეტს რომ თავი დავანებოთ, ქუჩებში  ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბილბორდებია გამოფენილი კაზინოების რეკლამირებისათვის, თავად კაზინოები კი  საცხოვრებელ სახლებშიც არის გახსნილი.

მინახავს კაზინოში ატირებული დედა, რომელიც შვილს აფიცებდა, რომ იქ აღარ შესულიყო. მინახავს ატირებული ცოლი, რომელიც ქმარს სთხოვდა, აქედან წავიდეთო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა თამაშს. მინახავს, ბიჭმა როგორ გაათრია კაზინოდან ძმა და გარეთ გასულებმა როგორ გაიწიეს ერთმანეთზე. მე მინახავს კაზინოში წაგების გამო მეთორმეტე სართულიდან გადმომხტარი ადამიანის ცხედარიც. გთხოვთ, ყველა ამ მსხვერპლთა სახელით კიდევ ერთხელ არ გაიხედოთ ამ ეშმაკის სახლებისკენ...

ნიკა. გ.