"ასე თუ გაგრძელდა, ამ ლამაზი სოფლებიდან ნასახლარები დარჩება"
22-04-2013
"ასე თუ გაგრძელდა, ამ ლამაზი სოფლებიდან ნასახლარები დარჩება"
ძვირფასო რედაქცია, ისევ თქვენი იმედი გვაქვს,  რომ ჩვენს ტკივილს გულთან მიიტანთ და ჩვენი გასაჭირის შესახებ ამ  წერილს უყურადღებოდ არ დატოვებთ.

გორის სამხრეთით, ტყიან ფერდობზე, მერცხლის ბუდესავით მოჩანს ორი სოფელი, - ახალხიზა და რიეთი. ამ ორი სოფლის მკვიდრთა წინაპრები ჟამთა სიავეს გადმოუსახლებია აქ: ახალხიზელები - მესხეთიდან, რიეთელები  კი იმერეთიდან. აქ, ამ ფერდობზე, ბოლო წლებამდე ტყეც იყო და ცივი წყაროებიც. მაგრამ დღეს იმ ტყის აჩრდილიღა დარჩენილა, კლდიდან გადმომსკდარი წყლის ხმაურიც მხოლოდ ძლიერი
წვიმისას თუ ისმის.  მილებიდან მოდენილი სასმელი წყალიც თვალის დასანახად ენატრებათ აქაურებს. ტრაქტორებით გადათხრილ ორმოებში ჩაწყობილ წყლის მილებში გველ-ბაყაყს დაუბუდებია და დროდადრო თუ გამოჟონავს ჭუჭყიანი სითხე. წყალს ძველი მთავრობაც შეგვპირდა და ახალიც, მაგრამ, რა, ჩვენ და ჩვენი მოსავალი ისევ უწყლოდ ვიხრჩობით. ასე თუ გაგრძელდა, ამ ლამაზი
სოფლებიდან ნასახლარები დარჩება.

ამას წინათ ლომიძეების ოჯახმა საფლავის საკურთხებლად სკრის ეკლესიის მღვდელი, მამა დავითი ამოიყვანა. გაოგნებული ითვლიდა მოძღვარი ახალხიზა-რიეთის ტყისკენ მიმავალ ვილისებს, - ყველა მათგანში ტყის საჭრელად შეიარაღებული ხალხი იჯდა. მერე კი თვალზე ცრემლმორეულმა გვითხრა, - ამას წინათ  მთებში ვიყავი,  კლდეებიდან წყალი რომ მოჩუხჩუხებდა, ისიც მთლიანად დამშრალიაო! ამ ამბავს შემოსწრებულ გელა ლომიძესაც დაუნაღვლიანდა სახე, - მამაო, უცხოეთიდან ცოლ-შვილით დაბრუნება გადავწყვიტე,  მინდა გზა გავუყვანო ჩემს სოფელს, მაგრამ ტყის ჩეხა თუ არ შეჩერდა, აზრი არ აქვს, ეს მხარე ისედაც მთაგორიანია და გაპარტახდებაო. ახლა აღარ ვიცით, რა გზას დავადგეთ, ავიყაროთ და ბარში ჩამოვიდეთ, თუ ისევ იმედს ჩავეჭიდოთ - ეგებ ახალმა მთავრობამ მაინც მოგვხედოს.
სოფელ რიეთის მცხოვრებნი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით