სად გაქრა მაია წყნეთელის ქანდაკება? - კვირის პალიტრა

სად გაქრა მაია წყნეთელის ქანდაკება?

"ჩემი გულისტკივილი მინდა გაგიზიაროთ, - ამას წინათ ლილოში, მხატვართა კომბინატში მოვხვდი და რაც იქ შევიტყვე, გონებიდან არ ამომდის. როგორც მითხრეს, მაია წყნეთელის 10-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება ნაწილ-ნაწილ დაუჭრიათ და გაუყიდიათ. გთხოვთ, გაიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში".

ინეზა მელაძე, თბილისი

წერილის წაკითხვის შემდეგ ამ საქმეში ჩახედულ პირთა ძებნა დავიწყე. ასე შევხვდი მოქანდაკე ნერსე ბაცაშს. ის ლაზია. როცა ლაზეთი თურქეთმა დაიპყრო, მისმა წინაპარმა შვილები საქართველოში წამოიყვანა. ნერსე და მისი ძმა სოხუმში გაიზარდნენ. ხელოვანს იქ სხვა ნამუშევრებთან ერთად ორთავიან არწივზე ამხედრებული ამირანის ესკიზი დარჩენია. საგულდაგულოდ შეფუთეს აფხაზებმა და ენგურის ხიდზე მის მეგობარს, გურანდა ბესელიას გადმოატანინეს. 2008-ის აგვისტოში ნერსემ ქანდაკების ესკიზი რუსთაველზე გამოიტანა - სხვა თუ არაფერი, კავკასიას ამირანი გვაერთიანებსო. ესკიზი იქ მისულმა პრეზიდენტმა შეამჩნია და... წაიღო. დღეს ეს ესკიზი დაკარგულია. ამჟამად ნერსე უკვე ეროვნული კულტურის ხელყოფაზე დარდობს.

- თავიდან არ ამომდის ის, რომ ჩვენი კოლეგის, აწ გარდაცვლილი გრიგოლ გუგუნავას მრავალტონიანი "მაია წყნეთელის" დაჭრაზე მხატვართა კავშირის გამგეობამ მოაწერა ხელი, - მეუბნება იგი, - ეს ქანდაკება  ავტორს მას შემდეგ შეუკვეთეს, რაც წყნეთში მისმა მომცრო "მაია წყნეთელმა" პოპულარობა მოიხვეჭა. უთხრეს, ზუსტად ეს ძეგლი გაადიდე, ასე უფრო გამოჩნდება მისი ეროვნული მნიშვნელობაო. მანაც წლები იშრომა და ულამაზესი ქანდაკება ჩამოასხა. ახლა კი ჯართად დაჭრეს! ამბობს ის და დუმდება. ამასობაში, მეც  ვანგარიშობ, რამდენს გადაიხდიდნენ 10-მეტრიან და დაახლოებით 16-ტონიან ბრინჯაოში, როცა კილოგრამი სუფთა ბრინჯაო 20 ლარზე მეტი ღირს და მეც ვჩუმდები.

ამასობაში ლილოს მხატვართა  კომბინატის მოტიტვლებულ მოედანს ვუახლოვდები. ჩემი თანამგზავრი მწარედ იღიმება, - აი, აქ იყო, მაია წყნეთელის ქანდაკება, ისე როგორ გაზიდეს ამხელა ტვირთი, რომ ნაგლეჯიღა დაუტოვებიათ! ალბათ რომელიმე თურქ ინვესტორს მიჰყიდეს ბითუმად, შეიძლება ახლა რომელიმე თურქი ფაშის ობელისკადაც კი მოგვევლინოსო... ამასობაში შენობიდან ბრინჯაოს ჩამომსხმელებიც გამოდიან და მოქანდაკეს "უსამძიმრებენ", - რა ვქნათ, ვერ დავიფარეთ ქანდაკება, საქმე უკვე გადაწყვეტილი ყოფილაო.

- აქ იყავით, როცა ძეგლი გაჰქონდათ? - ვეკითხები მათ.

- ჩვენ სულ აქ ვართ. ამ გაუბედურებულ შენობას რომ უყურებთ, ყველა ეროვნული ძეგლი აქ არის ჩამოსხმული. ძაღლი კი გვყავს, მაგრამ ამხელა სიმდიდრეს ერთი ძაღლით რას ვუპატრონებდით - ვისაც ავი ხელი მოუწვდა, ჯართად გაიტანა აქაურობა. არადა, რამხელა სიმდიდრე იყო, - მარტო ლენინის ქანდაკებას ჰქონდა იმდენი ბრინჯაო, რომ შემოვაცალეთ, იმით ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი ჩამოვასხით. "მაია წყნეთელიც" ჩვენი ჩამოსხმულია. ამ 10-მეტრიან ქანდაკებას რომ ვასხამდით, მაგის მოქანდაკე გვერდიდან არ გვშორდებოდა, თავადაც კარგი ჩამომსხმელი იყო.

- იქნებ ამ ქანდაკებას რაიმე წუნი ჰქონდა და ჯართად გატანა სჯობდა?

- რას ლაპარაკობთ! მე მხატვარი უშანგი ქადაგიშვილი გახლავართ და ვადასტურებ, რომ ეს ძეგლი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი იყო, რომელიც ჩვენ შეგვიქმნია. თავის დროზე იმიტომ თქვეს უარი მის დადგმაზე, რომ საყრდენის სიმტკიცეში დაეჭვდნენ. სისულელე იყო, მეც ვნახე დაჭრილი ქანდაკება. რამხელა რკინის კარკასი ჰქონდა. მაგრამ ასე აწყობდათ და დაჭრეს, - როცა მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ ცისანა მჭედლიძეს ვთხოვეთ, კომისია მოიწვიეთ და ამ ძეგლის დადგმის საკითხი გადაწყვიტეთ-თქო, პასუხის ნაცვლად დაჭრა და გაყიდა!

... P.S. და აი, ქალბატონი ცისანა მჭედლიძის  პასუხი:

- მოქანდაკე გუგუნავას ამ ქანდაკებაში მხატვართა კავშირის ფონდმა დაახლოებით 250 000 რუბლი გადაუხადა. მან კი მუშაობისას ძეგლის პროპორციები დაარღვია, ცხენი დააგრძელა, თანაც ორ ფეხზე დააყენა. ორი ფეხი ამხელა მასის დაწოლას ვერ გაუძლებდა. ამიტომაც უთხრეს უარი დადგმაზე.

- თქვენ თუ შეამოწმეთ, ეს სინამდვილეს შეესაბამებოდა თუ არა?

- მე მოვიწვიე სამხარაულის კომისია, რომელმაც ქადაკება შეაფასა.

- მაგრამ სამხარაულის კომისია ქანდაკების მხატვრულ ღირებულებას. ვერ შეაფასებდა.

- არც იყო საჭირო. მხატვართა კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ქანდაკება წუნია - მე მათ ვუთხარი, ქანდაკება კომბინატში იძარცვება, მხატვართა კავშირს კი ფული სჭირდება და გავყიდოთ-მეთქი. რომელი მხატვრები ამბობენ, რომ ქანდაკება ხელოვნების ნიმუში იყო, ნერსე ბაცაში? ეგ მოქანდაკე არ არის, მე მაგისთანებს ყურადღებას არ ვაქცევ.

P.S. - დასკვნა  თქვენთვის მოგვინდვია.