ბავშვის ცრემლად არაფერი ღირს! - კვირის პალიტრა

ბავშვის ცრემლად არაფერი ღირს!

ამ წერილს ხევიდან გწერთ, სოფელ ყანობიდან - აქაც გკითხულობთ, ჩვენო "კვირის პალიტრავ" და გვიყვარხართ. დიდთოვლიანი ზამთრის ღამეები თქვენი წყალობითაც გადაგვიტანია.მადლობა, ადამიანების სიყვარულისთვის. ალექსანდრე ყაზბეგის წყალობით ალბათ იცნობთ ჩვენს სოფელს - სტეფანწმინდაში რომ შედიხარ, ეს პირველი სოფელია, თერგის პირას შეფენილი. მიწა ცოტა გვაქვს და არ გვილხინს (ერთი - კიტრის სათბურები გვქონდა და ისიც ავიღეთ, რადგან გაზის გადასახადს ვეღარ გავწვდით), თორემ ნამდვილად არ შეგაწუხებდით, თვითონვე დავეხმარებოდით ერთმანეთს. ახლა კი ვერც შევძლებთ და თოვლის ჩამოყრამდე ვეღარც მოვასწრებთ რამის გაკეთებას - ჩვენს სოფელში ტატიშვილების რვაშვილიან ოჯახს სახლი გადაებუგა და ჟანგიანი თუნუქით გადახურულ ხუხულაში არიან შეხიზნულნი. სანახევროდ დაცლილი სოფელი შიშით შევყურებთ, რომ ბავშვებს რაიმე არ მოუვიდეთ. არც ის იქნება ჩვენთვის ნაკლებად მტკივნეული, რომ აიკრიფონ და აქაურობა დატოვონ. გთხოვთ, ეს წერილი დაბეჭდოთ. მართალია, ეს ხალხი დახმარების თხოვნას ჩვეული არ არის, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს...

თუ არადა... თავის გაჩენილს ღმერთი არ გასწირავს.

სიყვარულით, სოფელი ყანობი

ამ წერილის წაკითხვისას რა გუნებაზე უნდა დადგე: რვა ბავშვი, გადაბუგული სახლი და წინ - უხვთოვლიანი მკაცრი ზამთარი... თითქოს ამბის დაწვრილებით გაგებას რაღა აზრი უნდა ჰქონოდა, მაგრამ რადგან გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში ეწევა, სხვა რამეც არ უჭირდეთ-მეთქი და - ტატიშვილების ოჯახს მაინც დავუკავშირდით. სახლის დაწვის ამბავი ოჯახის უფროსმა ქალიშვილმა, თამუნამ გვიამბო:

- ცეცხლი ჩვენმა უმცროსმა დამ, რუსუდანმა, გააჩინა. სოფელში ბევრი საქმეა, მისთვის არავის ეცალა. პირუტყვის საკვები თივა სახლის უკან გვაქვს დაბინავებული. რუსუდანს აუღია ასანთი, თივაში შემძვრალა და აუნთია. ცეცხლი რომ შევნიშნეთ, უკვე კარგად ბრიალებდა. ყველა გარეთ გამოვარდა, მარტო რუსუდანი არ ჩანდა. კინაღამ გავგიჟდით. ცეცხლმოკიდებულ სახლში ვეძებდით. შეშინებული სადღაც შემძვრალიყო. ძლივს გამოვიყვანეთ.

გულამოსკვნილი ტიროდა, დედა ისეთ შოკში იყო, სახლი იწვოდა,  ის კი შეშინებული ბავშვს ამშვიდებდა.

- ამასობაში ყველაფერი დაიწვა, არა?

- სახლის სახურავი მთლიანად, უკანა კედლები და პირუტყვის მთელი საკვები, - ორი ძროხა გვყავს. თან სახანძროს წყალი არ ჰქონდა და სანამ თერგიდან წყალს აიღებდნენ, ცეცხლს მეზობლები აქრობდნენ. მერე სახანძროც მოგვეშველა და რაც ცეცხლს გადაურჩა, წყალმა გააფუჭა.

- ახლა რით ცხოვრობთ?

- სოფელი გვეხმარება. ჯერ დიდი თოვლი არ დევს და პირუტყვი მინდორში ძოვს ბალახს...

- მამა მუშაობს?

- ცხვარში მიდის ხოლმე. მაგრამ სახლი რომ დაგვეწვა, ვეღარ წავიდა. ნახევრად დამწვარ კედლებში რაღაც კუთხე მოვიწყვეთ, მაგრამ როცა წვიმაა, წყალი ჩამოდის. ამიტომ უპატრონოდ ხომ არ დაგვტოვებდა.

- ესე იგი, სოფლის იმედით ხართ?

- დიახ. ძალიან გულთბილი მეზობლები გვყავს, მაგრამ ზამთარში ჭირს აქ ცხოვრება და ძალიან ცოტანი რჩებიან სოფელში.

...სამაგიეროდ, ვინც რჩება, კარგი ხალხი ყოფილა, რადგან ასეთი დახმარება სცოდნიათ, ჩვენ მაგივრადაც უთხარით მადლობა-თქო, დავაბარეთ თამუნას. მერე კი ფონდ "იავნანას" ვუამბეთ ეს ამბავი და მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთში არც მათ ულხინთ, შეგვპირდნენ, შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია, მაინც ყველაფერს გავაკეთებთო.

ჩვენ კი სტეფანწმინდის გამგეობას მივმართავთ:

ბატონებო, საქმე ბავშვებს ეხება და როგორი პრობლემებიც უნდა გქონდეთ, მათ ცრემლად არც ერთი არ ღირს. ამიტომ ვერ მოვისვენებთ და ამ საკითხს მანამდე მივყვებით, სანამ ტატიშვილების ოჯახს თავზე ჭერი არ ეხურება.