ღირსება რომ შეგვილახეს, ეს გვადარდებს... - კვირის პალიტრა

ღირსება რომ შეგვილახეს, ეს გვადარდებს...

ჩემო "კვირის პალიტრავ", რახანია ვიკვლევ, დამსახურებულ ხალხს გული რატომ გვატკინეს და პასუხი არავინ გვაღირსა. სპორტსმენები ვართ, 50 წელიწადი შევალიეთ

ქართული სპორტის სამსახურს. ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის, რომ საბჭოთა დროში მოგვიხდა მოღვაწეობა, მაგრამ მაშინაც შევძელით ქართველი ხალხის გულის გახარება - საბჭოთა კავშირის ძიუდოს ოლიმპიურ ნაკრებშიც ვიბრძოლეთ და ძიუდოში საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გავხდით. ამჟამადაც ვმუშაობთ საქართველოს ფედერაციაში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები ვართ. მაშ, ასეთი რა დავაშავეთ, რომ უკვე ორი წელიწადია ღირსების ორდენზე წარსადგენად სპორტის დეპარტამენტში საბუთები მიგვატანინეს (70 წლის შესრულებასთან დაკავშირებით), მერე კი გვითხრეს, აღარ გერგებათო, ოღონდ არ უთქვამთ, რატომ. განა იმას ვჩივით, რომ ორდენით მკერდის დამშვენება არ გვეღირსა, ღირსება რომ შეგვილახეს, ეს გვადარდებს...

სოლომონ ჩიტიშვილი

P.S. ქვეყნისთვის დამაშვრალი ადამიანების თხოვნას როგორ დავზარდებოდით და სპორტის დეპარტამენტს დავუკავშირდით. გვიპასუხეს, - მთვრობამ გადაწყვიტა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონებს ღირსების ორდენები აღარ მიეცემათო...

მაშ, ეს ღვაწლმოსილი ადამიანები რაღას არბენინეს, ან ფული რატომ დაახარჯვინესო, - გავიკვირვეთ. მაგ პრეტენზიებით მთავრობას მიმართეთო! მთავრობას კი პრეტენზიებზე მეტად გვინდა შევახსენოთ (ვინ იცის, მერამდენედ) - არ ივარგებს ადამიანის ღირსებასთან თამაში. სხვათა შორის, ერთი ანდაზაც გვინდა შევახსენოთ: მოხუცი იმას მოიმკის, რაც სიყრმით დაუთესია...