"ჩემი გულის კვარაკუნჩხა" - კარაჩხა და სიყვარულის ხე
15-07-2013
"ჩემი გულის კვარაკუნჩხა" - კარაჩხა და სიყვარულის ხე
"თქვენც  წამოდით - იქ სიყვარული გელით"

რომელი ჩვენგანი არ დაღალა ყოველდღიურობამ და ამ ყოველდღიურობაში - მძიმე ამბებმა. მაგრამ ამან ხომ არ დაგვავიწყა, რომ ცხოვრებაში სიტკბო და სიყვარულიც არსებობს? ნამდვილად არსებობს და ამ წერილით მინდა გაგახსენოთ.

დედა მეუბნება, გიჟი ხარო. მამა - მაწანწალაო... ჩემი მეგობრები - მოცლილი, ამ მთა-მთა ხეტიალით არ იღლები მაინცო? მაგრამ, საბედნიეროდ, მყავს ისეთი მეგობრებიც, რომლებიც ამას არ მეუბნებიან. პირიქით, ჩემთან ერთად აიკიდებენ ზურგჩანთებს და მივდივართ მთაში. ამიტომაც
მიყვარს ზაფხული. აყვავებული მინდვრების სილამაზემ შეიძლება კარგა ხნით დაგავიწყოს ყველაფერი ცუდი... ასე ავიკიდეთ ამას წინათ ჩანთები და წავედით ხევში, სოფელ სნოში. ავუყევით მდინარე სნოსწყალს. არ დავიწყებ ამ ხეობის ქებას, სიტყვები მაინც არ მეყოფა... უკანდაბრუნებულებმა მოხუცი დავინახეთ, -  ჭიშკართან იჯდა და მზეზე თბებოდა. სოფელში კაცს "გამარჯობა"
რომ არ უთხრა, როგორ იქნება. მივესალმეთ. იმან - საით ყოფილხართო. ეტყობა, გამომლაპარაკებელი მონატრებოდა. ბევრი ვისაუბრეთ - მთაში კაცი პოეტი თუ არ არის, ისეთ საოცარ ხალხურ ლექსს მაინც გეტყვის, გულს მალამოდ მოგეცხება.

ჩვენც ვკითხეთ და - "მოვბრუნდი გაფოთებითა, შაუგნი თავის თავსაო, რად არ ჩავიცვამ ბეგთარსა,/ რად არ შავიბამ ხმალსაო,/ ავკაფდი ლეკებურადა/ შენ შინ წამყვანსა ქმარსაო". აი, ხომ ვთქვი, - მთაში ისეთი ხალხური ლექსებია, ერთს გულიანად ამოგასუნთქებს-მეთქი, მაგრამ მგონი, იმ კაცმა ეს ლექსი ისე თქვა, პირიქით, სუნთქვა შეგვიკრა. მერე მოაყოლა, - ასე ამბობენ, ძველად ეს კაფია ქორწილზე აქვს მაყარს ნათქვამი იმ პატარძლისთვინ, რომელიც თავად უყვარდა, მაგრამ იმან სხვა არჩიაო. თურმე ცალ ხელში ხანჯალი ეჭირა, მეორეში კარაჩხა და ასე გაფრინდა ნეფისკენო. - ბიჭოს, რა დღეში ჩავარდებოდა ის პატარძალი, ქორწილზე ქმარს რომ აუჩეხდნენო! - ვუთხარით ჩვენ. მოხუცმა ერთი ჩაიცინა და - ბიჭებო, ქალი რომ კაცს უარს ეტყვის, ვაჟკაცმა ეგ თუ დროზე ვერ მოინელა, რა კაცად გამოდგებაო!

აბა, რაღა უნდა გვეთქვა, დავეთანხმეთ. ბოლოს ვკითხეთ, ეგ კარაჩხა რაღა არისო. თურმე ეს ყოფილა რაც ყოფილა - საუკუნოვანი სიყვარულის ხე (ახლა მხოლოდ მუზეუმში შემორჩენილი): ნატვრის ხე ხომ გინახავთ, დაახლოებით იმას ჰგავს,  თავში - ჯვარს, ტოტებზე - ტკბილეულს, ქაღალდებში გახვეულ სასიყვარულო სურვილებს დაჰკიდებდნენ და პატარძალს დაუდგამდნენ წინ. ჩამოუქროლებდნენ მაყრები, მათ შორის ყველაზე ვაჟკაცი დაავლებდა ხელს და გააქანებდა ნეფის ოჯახისკენ, თუ დააცლიდნენ - სხვა მაყრები ჭენებით მისდევდნენ, შეიძლება რომელიმეს წაერთმია და თავად მიეტანა ნეფისთვის. ხალხი თვლიდა, რომ ვინც ამას იზამდა, ბედი გაუღიმებდა: თუ დაუქორწინებელი იყო, დაქორწინდებოდა, თუ ღარიბი იყო, გამდიდრდებოდა... თუ უბედური იყო, გაბედნიერდებოდა... აი, ასე იყო. ისე, სიყვარული ვისთანაც მოდის, იმასთან უბედურებას ალბათ არც არაფერი ესაქმება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. სხვათა შორის, იმ მოხუცსაც ასე ეგონა, თორემ ამას ასე ხალისიანად არ მოგვიყვებოდა.

ჩვენც ასე ხალისიანად დავემშვიდობეთ და მართლა ბედნიერები გამოვუყევით იმ გზას, სადაც, რაც უნდა დაიღალო, დაღლას ვერ იგრძნობ. გზაზე კი მინდვრის ყვავილებით მოჩითულ მდელოზე ეულად მდგარი ულამაზესი ხე შევნიშნეთ. ერთ პატარა ბიჭს ვკითხეთ, - ხომ არ იცი, ეგ რა ხეაო? მან კი - ეგა, სიყვარულის ხეა, აქ ასე ეძახიანო.

აი, რატომ მივდივართ მთებში. წამოდით თქვენც - იქ სიყვარული გელით.

ზურაბ სუჯაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით