მომავალში გაგზავნილი წერილების სიხარული... - კვირის პალიტრა

მომავალში გაგზავნილი წერილების სიხარული...

ჩემო "კვირის პალიტრავ", რა სწრაფად გადის დრო, არა? ამას წინათ ჩემს შვილიშვილს, გიორგის ვუყურებდი. მე ისევ ბავშვი მგონია და თვალსა და ხელშუა კი

დაკაცებულა! უცებ ძალიან ავღელდი, ნეტავ ცხოვრების გზაზე რა ელის-მეთქი და სწორედ იმ წუთში გამახსენდა, რომ 2010 წელი იწყება და ამ წელიწადს უნდა მიიღოს ის წერილი, რომელიც ათი წლის წინ, როცა "მომავლის პროექტი" გამოაცხადეთ, თქვენ, "კვირის პალიტრას", ჩაგაბარეთ შესანახად... გულზე თითქოს ცხელმა ტალღამ გადამიარა. ამ წერილის ამბავი დღემდე არავისთვის მითქვამს, არც გიორგისთვის. ნეტავ, რას იფიქრებს, როცა ათი წლის წინ დაწერილ წერილს მიიღებს? მიხვდება, რა იდო მისი ბებოს გულში, როცა ამ წერილს წერდა? მარტო სიტყვებს კი არა, იმასაც ვგულისხმობ, რას განიცდიდა მისი ბებო. ათი წლის წინ ის რვა წლის იყო და როცა იმ წერილს ვწერდი, ოთახში თამაშობდა. მე ვწერდი, ის მოირბენდა და ხან რას შემეკითხებოდა, ხან - რას. რას წერ, ბებოო, - ისიც კი მკითხა. ათი წლის შემდეგ გაიგებ-მეთქი, რომ ვუთხარი, არ დამიჯერა, გაიცინა და სათამაშოდ გავარდა. მე კი ფიქრებს ვალაგებდი... იქიდან "ველაპარაკებოდი": ბებო, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება ბევრი რამ შეგეშალოს კიდეც, მაგრამ მთავარია, ისეთი რამ არ შეგეშალოს, რაც ღირსებას დაგიკარგავს და უკან მოხედულს გათქმევინებს, ცხოვრებამ უქმად ჩაიარაო... დანარჩენს, გიორგი წერილს რომ გახსნის, თვითონ წაიკითხავს. ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცია, კარგად ვიცნობ და, ვიცი, შეიძლება პირველად კი ამიბუზღუნდეს, რატომ აქამდე არ მითხარი ეს ამბავიო, მაგრამ გულში სამუდამოდ ჩარჩება უკვე გაყვითლებულ ფურცელზე დაწერილი სტრიქონები. ჩემს შვილიშვილსაც რომ არ ეხებოდეს ეს ამბავი, ისედაც ფერშეცვლილი წერილები ყოველთვის ტოვებენ ადამიანის სულში კვალს. დრო რომ გავა და ისიც შეადარებს ძველ წერილებს თავის ტელეფონის მესიჯებს, რომლებსაც კითხულობს და მაშინვე შლის. ეს გაყვითლებული სტრიქონები კი გონებაში ყოველთვის ამოუტივტივდება, როგორც ნიშანი იმისა, საით უნდა იაროს. გმადლობთ "კვირის პალიტრავ", რომ მომავალს ასეთი პროექტი შესთავაზეთ. მადლობა თქვენ ჩემი ათი წლის შენახული წერილისათვის, სხვების შენახული წერილებისთვის. ჩემსავით გულისფანცქალით რამდენი ადამიანი ელის მათ გახსნას.  განსაკუთრებით გმადლობთ იმათთვის, ვინც ამქვეყნად აღარ არიან და მათ შთამომავლობას წერილებში დატოვებული სითბო შეუნახეთ. მადლობა იმ წერილებისთვის, რომლებსაც "კვირის პალიტრა" 100 წლის შემდეგ გახსნის. მერე რა, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით, ჩვენი ნაფიქრი ხომ იქნება, ის გაცოცხლდება და ჩვენს ნაცვლად იარსებებს...

მოუთმენლად ველი ყუთის გახსნის დღეს. ძალიან გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ ამის შესახებ. სამწუხაროა, რომ მე ამ სიკეთისთვის ვალს ვერასოდეს გადაგიხდით.

პატივისცემით, თინათინ ბედოიძე

P.S. ქალბატონო თინათინ, დიდი მადლობა, ასეთი თბილი წერილისათვის. "კვირის პალიტრის" მკითხველს კი შევახსენებთ, რომ "მომავლის გზავნილები" 2010 წლის იანვარში გაიხსნება, ზუსტ თარიღს უახლოეს ნომრებში შეგატყობინებთ.