სანამ წინაპარი გვეყვარება - კვირის პალიტრა

სანამ წინაპარი გვეყვარება

ამ წერილს ახმეტიდან გწერთ. თავი უნდა მოვიწონო - ჩემს ახმეტას არაერთი სასახელო შვილი გაუზრდია. სულ ცოტა ხნის წინ ახმეტელებმა რაფიელობა აღვნიშნეთ.

დიდი რაფიელ ერისთავი ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში დაიბადა. წელს 185 წლის იუბილე გადავუხადეთ. იცით, რა ხდებოდა მის სახლ-მუზეუმში? ამას სიტყვებით ვერ აგიწერთ. მარტო იმას შეგეკითხებით, როგორი პატივი უნდა მიაგოს საქართველომ ამის დამწერს: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარი, სად მამა-პაპა მეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი, სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ, ჩემი სამშობლო ის არის"?

...ჯერ კიდევ აკაკი წერეთელმა დააყენა საკითხი იუბილეების აღნიშვნისა. იფიქრეს და დიდი პატივით მიმართეს ილიას, - თქვენი იუბილე აღვნიშნოთო. თავმდაბალმა ერის მამამ - რას ამბობთ, ქვეყნის კულტურული ცხოვრების მესაჭის, ჭაღაროსან რაფიელ ერისთავისთვის ერთი ხეირიანი მადლობაც არ გვითქვამსო და 1895 წელს  თბილისში ჩატარდა პირველი საიუბილეო საღამო რაფიელ ერისთავისა. მაშინ რაფიელის იუბილეს თურმე მთელი საქართველო ზეიმობდა. მაშინ განჯიდან ახალი გადმოსვენებული იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი. საზღვარგარეთიდან ყველა ქართველი სტუდენტი გამოეხმაურა იუბილეს. თვით რაფიელი ისე აღელვებულა საკუთარ იუბილეზე, რომ სამადლობელი სიტყვის თქმაც კი ვერ მოუხერხებია - გრძნობათ სიჭარბით უთუოდ ავტირდებიო და მის ნაცვლად სიტყვა წარმოუთქვამს მსახიობ კოტე მესხს. მერე გამოსულა 15 წლის იოსებ ჯუღაშვილი და მისადმი მიძღვნილი ლექსი წაუკითხავს.

როცა ქართველმა ლიტერატორებმა უნგრელ მხატვარს, მიხაილ ზიჩს სთხოვეს "ვეფხისტყაოსნის" დასურათება, მან დიდხანს ეძება ნესტან-დარეჯანის პერსონაჟი, ბოლოს, რაფაელ ერისთავის დედის ფოტო დაიდო წინ და მისი სახე დახატა. ღმერთმა ინებოს, ჩვენ, ჩემო საქართველოვ, რაფიელ ერისთავის მსგავსი ბევრი გვყოლოდეს და მათთვის საკადრისი პატივის მიგება შეგვძლებოდეს.

პატივისცემით, ბელა ბიტარიშვილი, ახმეტა

P.S. ქალბატონო ბელა, გმადლობთ ამ წერილისთვის. ჩვენც ვფიქრობთ, რომ "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა" და სანამ ჩვენს ხალხს შეუძლია წარსულს პატივი მიაგოს, მანამდე მომავალიც გვექნება.