ვიფხიზლოთ, ჩემო ქართველებო! - კვირის პალიტრა

ვიფხიზლოთ, ჩემო ქართველებო!

ალბათ პასუხი დავაგვიანე, მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენს საიტზე მერაბ მეტრეველის წერილი წავიკითხე, აღშფოთებულმა სათქმელს თავი ვეღარ მოვაბი და ახლა

მოგწერეთ. თურმე ვინმე ჭაჭია და ღვინჯილია, რუსეთის ხელშეწყობით, ოცნებობენ "სამეგრელოს სახელმწიფოს" შექმნაზე. ვაი იმას, ვისაც ეს აზრი შესაძლოა უტრიალებს თავში. ჩვენი ყველა მტრის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს არსებობის მანძილზე არც ერთ მეგრელს არ უფიქრია საქართველოდან სამეგრელოს გამოყოფაზე, რადგან თვით კოლხეთი იბერიასთან ერთად იყო და არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ურყევი საძირკველი.

ეს ოცნება "დიდ რუსეთს" ძილშიც არ ასვენებდა და არც მოასვენებს. ამის დასადასტურებლად კი უნდა გიამბოთ, რას "ბრძანებდა" საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცკ-ის მეორე მდივანი სუსლოვი 1961 წელს თავის დახურულ გამოსვლაში: "კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ წებო შეწებების უნარს არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშაოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა...

შორეულ აღმოსავლეთში მომსახურე ჩვენს გენერლებს, თადარიგში გასვლის შემდეგ, უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩასასახლებლად გვჭირდება შავი ზღვის სანაპირო ტერიტორია, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, ქართველები სახლობენ.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ადრე თუ გვიან, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით, სამეგრელოს, სვანეთს, აჭარას და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ-ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთ საქართველოს და ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის როლი შევასრულოთ. პარალელურად, ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსახლებული სხვადასხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს. ქართველები სანახევროდ უნდა გავანადგუროთ და მოვახდინოთ მათი ასიმილაცია. თუ მოგვეცემა საშუალება, მთლიანად ამოვძირკვოთ".

სუსლოვის აზროვნების ამ მახინჯ ნაყოფში, განსაკუთრებული ნამდვილად არაფერია, თვით რუსეთის იმპერატორების არქივშიც მოიპოვება ალბათ მსგავსი ჩანაწერები, რომელსაც, როგორც გითხარით, გაცოცხლება არ უწერია. მაგრამ ამისთვის აუცილებლად უნდა ვიფხიზლოთ, ჩემო ქართველებო!

მეგრული "წარმოშობის" ქართველი, აკადემიკოსი მერაბ ქარდავა