რას ვერჩით სვანეთს - კვირის პალიტრა

რას ვერჩით სვანეთს

არსებობს ჭეშმარიტებები, რომელთა დავიწყება არ შეიძლება. მიზეზი უბრალოა, - ისინი იმდენად უსასრულო დროსა და სივრცეში ყალიბდებოდნენ, მათი ხელოვნურად გადავიწყება ცნობიერებაში არეულობას იწვევს...

სვანთა ძირძველი ტომი ოდითგან მტკიცედ იდგა დედა საქართველოს ერთიანობისა და ძლიერების დასაცავად. ქვეყანაც ერთგულად ედგა მხარში შვილს და მის ძლიერებას  დარაჯობდა. ამ ძლიერებაში კი უდიდეს როლს  ის თამაშობდა, რომ სვანეთი ყოველთვის იყო ერთიანი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში ერთიან სვანეთს დასავლეთ საქართველოს მთელი მთიანეთი და იმიერკავკასიის მოსაზღვრე ტერიტორიები ეჭირა, მას მეფის საბჭო (300 კაცი) მართავდა, ომში კი 200 000 მეომარი გამოჰყავდა. ერთიანი საქართველოს საერისთავოდ რჩებოდა სვანეთი შემდგომ საუკუნეებშიც.  1260 წელს, როცა საქართველოს ერთიანობა დაირღვა, დავით ნარინმა სვანეთის საერისთავო დასავლეთ საქართველოს სამეფოს ნაწილად აქცია, 1329 წელს გიორგი ბრწყინვალემ გაამთლიანა ქვეყანა, ცხადია, შემოიერთა სვანეთის საერისთავოც. სვანეთის ერთიანობა რუსეთთან შეერთების დროსაც არ დარღვეულა, - დამპყრობმა ის ცალკე საერისთავოდ შეიერთა. დღეს კი სვანეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, გაუქმებულია, გახლეჩილია - ნაწილი სამეგრელოს მხარეს მიეკუთვნება, ნაწილი - რაჭა-ლეჩხუმს. დღევანდელი სამეგრელო-სვანეთის გაერთიანება, არა მხოლოდ ადმინისტრაციულად, არამედ სოციალურ-ეკონომიკურადაც გაუმართლებელია. გარდა ამისა, ერის ისტორიაში არის საკითხები, რომლებიც ისე უნდა შევინარჩუნოთ, როგორც ისტორიას კანონზომიერებად ჩამოუყალიბებია!

ვიტოვებთ იმედს, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგება და სვანეთი ისევ ერთიანი გახდება. ასე საქართველოს სჭირდება და ეს  ისტორიამ დაადასტურა.

რეზო ხვისტანი, ისტორიის

დოქტორი, პროფესორი

ჯონი წულუკიძე, ისტორიის

დოქტორი, პროფესორი