ჩემი შორეული ბიძა - კვირის პალიტრა

ჩემი შორეული ბიძა

ათეული წლებია, ამ ფოტოს საოჯახო ალბომში ვინახავ. მასზე  უცხო ქვეყანაში გადაღებული ჩემი უცნობი ბიძაა გამოსახული.  ეს ფოტო ძალიან დიდი ხნის წინ სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავემ ჩემს მშობლებს იმ პირობით გადასცა, თუ მის ვინაობას არ გაამხელდნენ - მაშინ ასე იყო საჭირო. ფოტოზე გამოსახული  ერასტი დვალიშვილი, ერთ-ერთი იმ ტრაგიკული ბედის კაცია, ვინც გერმანელებში ხედავდა საქართველოს გათავისუფლების იმედს.

ვანში, სოფელ სულორის მთებში, 1942 წელს გერმანელებმა დესანტი, 7 ქართველი გადმოსხეს. მათ აქაურობა უნდა დაეზვერათ და ცნობები გერმანელებისთვის მიეწოდებინათ. მათ შორის ბიძაჩემი არ იყო, ის მეორე დესანტს უნდა ჩამოჰყოლოდა (ამ 7 ქართველის ჩვენებები ბოლო წლებში გახდა ჩვენთვის ცნობილი). ქართველებმა ფეხი დაადგეს თუ არა მშობლიურ მიწას, შეხვდნენ მწყემსებს, რომლებმაც სუფრა მდელოზე გაუშალეს, გერმანია და მასთან ერთად სხვა ყველაფერი უცხო დაივიწყეს, წავიდნენ და კომუნისტებს ჩაჰბარდნენ, - ჩვენს მიწაზე ყოფნის გარდა არაფერი გვინდაო. შვიდივე დახვრიტეს. მეორე დესანტი საქართველოში აღარ გამოუგზავნიათ, ამის შემდეგ ბიძაჩემის კვალიც იკარგება.  ჩემი მშობლები სიკვდილამდე ცდილობდნენ მის მოძიებას, მაგრამ ამაოდ. ვერც მე გავიგე ვერაფერი.

ასე გაქრა კიდევ ერთი ქართველი უცხო მიწაზე, ჩემი ბიძა - ერასტი დვალიშვილი...

ოლეგ დვალიშვილი,

ვანი, სოფელი ისრითი