ვაზი... ბადეში ნაზარდი
29-07-2013
ვაზი... ბადეში ნაზარდი
სოფელ ჯიღაურაში  ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ტერიტორიაზე,  ვაზის "ბადური დაფარვის" სისტემა დამონტაჟდა

ბოლო წლებში ლამის ყოველდღე სეტყვისგან განადგურებული ვაზისა და გლეხის ამბავი გვესმის. თუკი გვკითხავთ, განა სულ ასე არ იყო გლეხი ბუნებაზე  დამოკიდებულიო, გიპასუხებთ - ადამიანი ყოველთვის არის ბუნებაზე დამოკიდებული და სწორედ ამიტომაც იბრძვის ამ დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად. ქართველი მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გლეხის დახმარებას და სახელმწიფოს ყურადღებას ითხოვენ. როცა ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის
ინსტიტუტის დირექტორის, ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, ბატონი ნოდარ წიგნაძის წერილი წავიკითხეთ, თითქოს შვებით ამოვისუნთქეთ, - ეგებ ამჯერად მაინც ეშველოს ჩვენს გლეხს!


- ბატონო ნოდარ, გვწერდით, როცა ჩვენს გლეხს სეტყვა მშიერს ტოვებს, უცხოელები სეტყვის საწინააღმდეგო გამოგონებებს ნერგავენ. ქართველმა მეცნიერებმა კი  ამ გამოგონებების გაუმჯობესებაც კი შევძელითო...
-
თუ გნებავთ, მკითხოთ, მაშინ რატომ არ დანერგეთო, პასუხი ახალი არ იქნება, - სამწუხაროდ, სოფლის ფასი ვერ გავითავისეთ. მაგრამ ბოლო წლებში სეტყვამ იმდენი უბედურება დაატრიალა, შეუძლებელი გახდა ამის მოთმენა, მით უფრო, რომ ამ საქმეში გამოცდილება გვაქვს, -  80-იანი წლებიდან  სეტყვისგან დამცავ მექანიკური სისტემის შექნმაზე ვმუშაობდით, მაშინ კვლევები ცნობილი მიზეზების გამო შეჩერდა, მაგრამ სულ ახლახან სოფელ ჯიღაურაში  ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ტერიტორიაზე, დავამონტაჟეთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ იგი ნაყოფის დაცვის საიმედოობით, სიმარტივითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობით ყველა ადრინდელზე უკეთესია - ეს არის ვაზის "ბადური დაფარვის" სისტემა. მას უცხოეთში უკვე დიდი ხანია იყენებენ. თუმცა იქ ვენახებს ზემოდან მთლიანად ფარავენ, რაც ძვირი ჯდება. ჩვენ ამ საკითხს მარტივად მივუდექით - ვაზის თითოეული რიგის ზემოდან მავთულს ვჭიმავთ, ზედ ბადეს ვამაგრებთ და ვაზს ორივე მხრიდან ვაფარებთ. ბადის ბოლოში მაგრდება დრეკადი ღერო, რომლითაც ბადე შეიძლება ხელითაც ავახვიოთ და მექანიკურადაც, ელექტროხელსაწყოთი. თუ ელექტროხელსაწყოს გამოვიყენებთ, მაშინ ვაზის რიგის სიგრძე 140 მეტრიც შეიძლება იყოს. 

- ანუ მოსალოდნელი სეტყვის წინ კაცი შეიძლება ზვარში გაიქცეს და სასწრაფოდ უშველოს?
- კი ბატონო, ასეა. თუმცა მეორე ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, ანუ ბადე შეიძლება სულ ჩამოშლილი იყოს და გლეხს აქეთ-იქით სირბილიც არ დასჭირდეს, ეს არც ყურძნის დამწიფებას შეუშლის ხელს, არც მის მოვლას. თანაც ეს ბადე არა მხოლოდ სეტყვისაგან დაიცავს ვაზს, არამედ ქარის, მწერების, ცხოველებისა და ნაყოფის დაზიანებისაგან. ამგვარად, ბადეს "უკუჩვენება" არ აქვს. ჩვენ ეს სისტემა ჰაიჰარად არ დაგვინერგავს, უცხოელ პარტნიორებთან მრავალჯერ გვქონდა მის ეფექტიანობაზე საუბარი. ახლა ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთავაზობთ, - ერთად დავაკვირდეთ, რამდენად სასარგებლო იქნება ეს სისტემა ჩვენი მთავარი სიმდიდრის - ვაზისათვის. აქვე ერთიც მინდა დავამატო: მას შემდეგ, რაც "ბადური" სისტემა გამოჩნდა, ევროპის ბევრმა ქვეყანამ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოყენებაზე უარი თქვა, - მართალია, "ბადური" სისტემები შედარებით ძვირია, მაგრამ მრავალი უპირატესობა აქვს, მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მსგავსად ჰაერში მავნე ნივთიერებებს არ ტოვებს.

- ფინანსურ მხარეზეც ვისაუბროთ.
- ფინანსური მხარე იმასაც ხომ აქვს სეტყვა რასაც გვაკარგვინებს? კი ბატონო, ერთ ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გადაფარება არც ისე იაფი, დაახლოებით 40-45 ათას ლარამდე ჯდება. მაგრამ სწორედ ამიტომაც არის აუცილებელი სახელმწიფოს დახმარება პროექტის ფართოდ დასანერგავად. უცხოელი და ქართველი სპეციალისტების გაანგარიშებებით 1 ჰა-ზე უამინდობისაგან ყოველწლიურად საშუალოდ ყურძნის მოსავლის 40% იკარგება, ხოლო ბადეების გამოყენების შემთხვევაში მოსავლიანობა იმატებს 15%-ით. ამ დამატებითი შემოსავლით ბადეების ფასს დაახლოებით 7-8 წელიწადში ამოვიღებთ. ამასთანავე, თუ ღვინის ღირებულებასაც გავითვალისწინებთ, ეს პერიოდი უფრო შემცირდება. სამაგიეროდ, თანხის ამოღების შემდეგ ეს დამატებითი შემოსავალი დაახლოებით 23-25 წლის მანძილზე დაგვრჩება, რადგან "ბადური" სისტემის საექსპლუატაციო პერიოდი 32-35 წელია.
ალექს-ს
30 აპრილი 2018 20:43
მიგვასწავლეთ ვინ დაგვიყენებს ერთ ჰექტარზე ბადეს 5000 ლარად?
ალექს
08 აგვისტო 2017 05:04
ეშლება მეცნიერს,ჭიგნაძეს,ნეტავ გურამასი რა არის ?
1 ჰექტარის ბადით დაფრვას თავის მინაბოჭკოვანი ჭიგოსარიანად 5 000 ლარი უნდა და ასი წელი მუშაობს !

რედაქტორის რჩევით