"გემუდარებით, არ გაიტანოთ ჩემი მიწა გასაყიდად!" - კვირის პალიტრა

"გემუდარებით, არ გაიტანოთ ჩემი მიწა გასაყიდად!"

"დღიდან თქვენი დაარსებისა, თქვენი გაზეთის ერთგული მკითხველი ვარ, მჯერა თქვენი, ვიცი, გლეხზე გული შეგტკივათ და იქნებ ახლაც არ დაიშუროთ, ჩვენი ხმა მთავრობას მიაწვდინოთ. ჩვენი გასაჭირი ჩვენი მიწის სიყვარულშია. მოკლედ გიამბობთ ყველაფერს... ერთი სიტყვით, მე, გიორგი დემეტრაშვილმა, ისე როგორც ბევრმა სხვა გლეხმა, 2004 წელს იჯარით ავიღე 13 ჰექტარი მიწის ცარიელი ნაკვეთი, რომელზეც სამი წლის განმავლობაში მომყავდა მარცვლეული კულტურა. 2007 წელს ხუთ ჰექტარზე გავაშენე ხეხილის ბაღი, პარალელურად, - საყარაულო და დამხმარე სათავსი ხილის შესანახად. მოგეხსენებათ, ხეხილის ბაღის გაშენებას წლები სჭირდება.

მალე ყველაფერი აირია და ჩემი, ისე როგორც სხვა მოიჯარე გლეხების გეგმები წყალს მიეცა. მთავრობამ პირობა დაარღვია, - 25-წლიანი იჯარა 10 წლამდე დაიყვანა. 2011 წლის ბოლოს კი 10-წლიან იჯარაზეც გამოგვიცხადეს, - საერთოდ ვაუქმებთ მიწის იჯარას და თუ მიწებს არ შეისყიდით, აუქციონზე გაიყიდებაო. ამ "სასიამოვნო" ცნობის შემდეგ მიწის იჯარა ერთ კვირაში გაგვიუქმეს. რა ფულით უნდა შეგვესყიდა მიწები? თავდაპირველად საიჯარო გადასახადი გაგვიდიდეს, - 2011 წლამდე ჰექტარზე 38 ლარს ვიხდიდით, 2011 წლის დასაწყისში კი გადასახადი 82 ლარი გაგვიხადეს. ანუ ვიდრე გამოაცხადებდნენ, მიწა შეისყიდეთო, მანამდე გაგვატყავეს. სანამ 2007 წელს დარგული ხეხილი მოსავალს მომცემდა, სულ მცირე 2 წელიწადი უნდა გასულიყო (ყველა ამ საქმის მცოდნე კაცმა იცის რომ ხეხილიდან მოსავლის მიღებას 5-7 წელიწადი სჭირდება)! მერე ყველასთვის ცნობილი მოვლენები, უცხოელებზე მიწების მიყიდვაც დაიწყო. ყოველი გათენების მეშინოდა, რომ ის მიწაც არ გაყიდულიყო, სადაც ოფლი ვღვარე, სადაც ჩემი შრომითა და წვალებით გახარებული ხეხილი ხარობს. ამიტომაც გულდასმითა და რუდუნებით გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა მთავრობას, გემუდარებით, არ გაიტანოთ აუქციონზე გასაყიდად ჩვენი მიწა. მოგვცენ დრო, ფული დავაგროვოთ, მიწა შევისყიდოთ და ჩვენვე მოვუაროთ.

გიორგი დემეტრაშვილი, კასპის რაიონის სოფელი თელიანი"

P.S. ბატონი გიორგის გულისტკივილს ჩვენც ვინაწილებთ და ამ წერილს სიამოვნებით ვბეჭდავთ. როგორც ცნობილია პარლამენტმა მიწის გასხვისების წესების მოქმედება 2014 წლამდე შეაჩერა. შემდგომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მიწის კანონი აუცილებლად ჩვენი გლეხების სასარგებლოდ გადაიხედება. იმედი გვაქვს, იმ მიწას, რომელზეც მრავალი წელიწადი ღვრიდა ოფლს, გიორგი დემეტრაშვილი თვითონვე შეისყიდის.