ათი დაუვიწყარი დღე - კვირის პალიტრა

ათი დაუვიწყარი დღე

ბავშვობაში აუცილებლად უნდა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ადამიანს მთელი სიცოცხლე გაათბობს. რაზეც თიკო გვწერს, ესეც ეს არის, - სითბო, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება.

"წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, - კიდევ ერთი მშვენიერი ხანა დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ამაზე არ გწერთ... ამას წინათ წყნეთში თინიკო მასწავლებელი (თინიკო გაბუნია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტელერადიოჟურნალისტიკის კაბინეტის ხელმძღვანელი) დავინახე, მეგობრები მივატოვე და მისკენ გავემართე. მისმა დანახვამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გატარებული მართლაც საოცარი წლები გამახსენა. აქ რა გინდა, თინიკო მასწავლებელო-მეთქი? - ვკითხე. გამოიცანიო! მითხრა და მივხვდი, რომ ბავშვებთან ერთად უნდა ყოფილიყო. ან ამას რა გამოცნობა უნდოდა, - ის მთელი ცხოვრება ბავშვებთან არის. ჩვენი ჟურნალისტიკის კაბინეტი უკვე მეორეჯერ ატარებს სემინარებს წყნეთში. წელსაც რეგიონებიდან 18 გამარჯვებული ჩამოვიყვანეთო. რომ გაიგოთ, რაზეა საუბარი, მოკლედ აგიხსნით: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ყოველ წელს მოსწავლეთა კონფერენციები ტარდება, - სკოლებს საკონფერენციო დავალებები ეძლევა. ვინც ყველაზე საინტერესო თემას გამოგზავნის, მათ სასახლეში კონფერენციაზე იწვევენ. თინიკო მასწავლებელი წყნეთში სწორედ კონფერენციაში გამარჯვებულ ბავშვებთან ერთად ისვენებს და პარალელურად... მუშაობს. მისი მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში ინტერვიუების, ახალი ამბების მომზადებას, დილის პროგრამების წარმართვას, სიუჟეტების მომზადებას სწავლობენ.

კარგი რა, თინიკო მასწავლებელო, ზაფხულია, არ შეიძლება ბავშვებმა ახლა მაინც დაისვენონ-მეთქი? - რას ამბობ, აქ ბავშვების წამოყვანის შესაძლებლობა მხოლოდ წელს და შარშან მომეცა, თავის დროზე შენც რომ წამომეყვანე, ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ ჟურნალისტობა გადაგეწყვიტაო. საღამომდე თინიკო მასწავლებელთან და მოსწავლეებთან დავრჩი. რომ იცოდეთ, რა საინტერესო დღე იყო, - კავკასიისა და თავართქილაძის უნივერსიტეტების ჟურნალისტიკის კათედრის ლექტორების სემინარებს დავესწარი. გამომშვიდობებისას ბავშვებს ფოტო გადავუღე და აი, წერილიც დავწერე.

აი, ასე იყო. ახლა თუ მკითხავთ, - ნუთუ კიდევ არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც საქმე საკუთარ თავზე მეტად უყვართო? მე დაგიდასტურებთ, რომ არიან. ასეთი მასწავლებლები მე მყავდა, მათ შორის, მოსწავლეთა სასახლეში და ისინი ძალიან მიყვარს.

თიკო მანსვეტაშვილი"