"ნუ დაიჯერებთ, რომ საქართველოს ნავთობი არ აქვს"
05-08-2013
"ნუ დაიჯერებთ, რომ საქართველოს ნავთობი არ აქვს"
"მოულოდნელი არ იქნება, რომ ჩვენმა მიწამ დიდი სიმდიდრე შემოგვთავაზოს"

"ნავთობი ბაზარზე ტიკებით ძალზე ძვირად იყიდებოდა"


იდეალისტები ამბობენ, დედამიწა სიყვარულზე დგასო, ხოლო მატერიალისტები - ნავთობზეო. ალბათ, ერთიცა და მეორეც, - რომ არა ნავთობი, სწრაფად მზარდი მოსახლეობის ფიზიკური შენარჩუნება საჭოჭმანო იქნებოდა, გვაქვს თუ არა ქართველებს ნავთობი? ამაზე მრავალჯერ უკამათიათ. სპეციალისტების ცნობით, პირველი ჭაბურღილები საქართველოში XX საუკუნის გარიჟრაჟზე გაჩნდა. თუმცა ქართული ნავთობის მარაგების არსებობას მაინც ხან უარყოფდნენ, ხან ადასტურებდნენ. მეცნიერებს კი ამ პროცესის
შესწავლა არასოდეს შეუწყვეტიათ. მათ შორის ერთ-ერთია გეოლოგი ნოდარ ბერიძე. "ნუ დაიჯერებთ, რომ საქართველოს ნავთობი არ აქვს. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებები ცდილობდნენ, ხალხი ამაში დაერწმუნებინათ. არადა, გვაქვს. და რაც შეიძლება მალე უნდა გამოვავლინოთ საბადოები, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ნავთობისთვის ხელი გასაწვდენი არავისთვის გვექნება", - გვწერდა ის. ბატონ ნოდარს
ვთხოვეთ, ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ესაუბრა.

"ვისაც დედაქალაქიდან კახეთისკენ უმგზავრია, სართიჭალასთან აუცილებლად კოცონს შEეამჩნევდა. ეს ნავთობის ჭაბურღილის ალია, რომელიც არასოდეს ქრება. ამის მიუხედავად ხშირად გამიგია, რომ ეს ჭაბურღილები აღარაფერს გვაძლევს. სინამდვილეში ისინი რომ აღარაფერს იძლეოდნენ, დახურული იქნებოდა. ჩვენმა ნავთობმა მძიმე წლებში მოსახლეობის გადარჩენას შეუწყო ხელი. ზოგადად კი ქართული ნავთობის გამოყენება ნავთლუღის საბადოებით დაიწყო. აქ კუსტარულად მოპოვებული ნავთობი ბაზარზე ტიკებით ძალზე ძვირად იყიდებოდა. აღმოსავლელ ვაჭრებს კი აქლემებით გაჰქონდათ. XX საუკუნის გარიჟრაჟზე ქართული ნავთობის პირველი ჭაბურღილები გაჩნდა. ოქროს ხანა კი 1975 წელს დადგა, როცა სამგორის #7 ჭაბურღილი გაიბურღა სოფელ სართიჭალასთან - აქ მხოლოდ ერთ დღეში, კერძოდ, 28 აგვისტოს 2780 მ სიღრმიდან 304 ტონა ნავთობი მიიღეს. შემდეგ ეს ჭაბურღილი მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიურად ასობით ტონა ნავთობს იძლეოდა. ბევრს ახსოვს, რა ბედნიერები იყვნენ იმ დღეს აქ მომუშავეები, - ჭაბურღილიდან ამოხეთქილ ნავთობს ხელებს სიხარულით უშვერდნენ. 1983 წელს უკვე 3.299 ტონა ნავთობს მოვიპოვებდით. მერე მოპოვების ვარდნა დაიწყო. ამას შემდეგი მიზეზი აქვს, - პირველ რიგში, დონის შესანარჩუნებლად დაძიებული მარაგები მინიმუმ 20-22-ჯერ უნდა აღემატებოდეს მოპოვებას. მარაგები დამუშავებაში პერიოდულად უნდა გადადიოდეს. ჩვენ დაძიებული მარაგები არ გვქონდა. უპირველესად, ამის მიზეზი ის იყო, რომ არ გავითვალისწინეთ სამგორი-პატარძეულის საბადოების წნევის ანომალიურად დაბალი მაჩვენებელი.

ნავთობის მოპოვებისას წნევები კიდევ უფრო შემცირდა, რამაც იმ ნაპრალების ნახევარზე მეტის დახურვა გამოიწვია, საიდანაც ნავთობს მოვიპოვებდით. მალე საქართველოში ყველაფრის წარმოება შემცირდა, ხოლო რაც იწარმოებოდა, იტაცებდნენ. ყველაზე მეტს, - "მხედრიონი". ისინი ბოლომდე ახსნევინებდნენ ჭაბურღილებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მეტი ნავთობი წაეღოთ. ჭაბურღილების ბოლომდე გახსნა კი ისედაც დაბალი წნევის კატასტროფულ დაცემას იწვევდა. ამან ჭაბურღილები მოგუდა. ამას ის დაემატა, რომ უპატრონოდ მიტოვებული საბურღი დანადგარები დაჭრეს და გაყიდეს. მერე ხელისუფლებამაც გამოაცხადა, საქართველოში ნავთობი არ არისო. არადა, 2002 წლის კვლევებით ქართული ნავთობის გეოლოგიური რესურსი 2,44 მლრდ ტონით განისაზღვრა, ამოსაღები 850 მლნ ტონას შეადგენდა. საქართვეოლოში არა მხოლოდ სამგორში, სხვაგანაც გვაქვს ჭაბურღილები. ძალიან საინტერესოა უფლისციხესთან #5 ჭაბურღილი. თავის დროზე ამ ადგილებში გაზის სათავსს ეძებდნენ და ნავთობი სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, - ზუსტად ისეთივე დაბალი წნევის პირობებში, როგორც სამგორი-პატარძეულში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა ამ ჭაბურღილიდან მომავალში დიდი რაოდენობის ნავთობი მივიღოთ. სხვა საინტერესო ჭაბურღილებიც არსებობს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამერიკელებმა უკვე ნავთობის წარმოებაში "ფიქლების რევოლუცია" დაიწყეს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ნავთობს ფიქლების ღრმა ფენებიდან ქიმიური დამუშავებით იღებენ. ასეთი ფენები კი საქართველოშიც ბევრი გვაქვს.

მინდა ჭაბურღილების მისტიკაზეც ვთქვა ორიოდე სიტყვა. მაგალითად, კოლის (რუსეთი) ჭაბურღილმა, რომლის სიღრმე დახლოებით 12,282 მეტრია. შეცვალა ყველა ცოდნა დედამიწის ქერქის შესახებ. იქ 4 კმ-მდე ყველაფერი თეორიის მიხედვით მიდიოდა. მერე კი ნამდვილი "მეორედ მოსვლა" დაიწყო: მეცნიერების აზრით, ტემპერატურა 15 კმ სიღრმეზეც დაბალი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ამ დროს ტემპერატურამ უკვე 5 კმ-ზე პლუს 700ჩ-ს გადააჭარბა, 7 კმ-ზე - +1200ჩ-ს. იმ სიღრმეში კი, სადაც მიიჩნევდნენ, რომ ორგანული ნივთიერების არსებობა გამორიცხული იყო, მიკროორგანიზმების 14 სახეობა აღმოჩნდა. მათი ასაკი 2,8 მლრდ წელს აჭარბებდა, ანუ 1,5 მლრდ წლით მეტს, ვიდრე ჩვენ გვეგონა, რომ სიცოცხლე არსებობდა. 1995 წელს ამ შახტის სიღრმიდან უძლიერესი აფეთქების ხმა გაისმა, რომელიც ფინელმა ჟურნალისტებმა დემონის ხმად მონათლეს, თუმცა შახტში ამ აფეთქების კვალი არ აღმოჩნდა. ასე რომ, დედამიწის წიაღი შეუცნობელია. და ისიც არ იქნება მოულოდნელი, ჩვენმა მიწამაც დიდი სიმდიდრე შემოგვთავაზოს".

ნოდარ ბერიძე, გეოლოგი
Teimuraz
08 აგვისტო 2013 14:06
ფიქალის გაზის მავნებლობა გარემოსადმი რუსების მოგონილი მითია, რადგან ევროპასი ფიქალის გაზის მოპოვების დაწყება გაზპრომის აღსასრული იქნება. ევროპაში კი, ფიქალის გაზის მოპოვება არავის აუკრძალავს. პირიქით, დიდი ბრიტანეთი 2014 წლიდან ძალიან შეღავათიან პირობებს ადგენს ფიქალის გაზის მომპოვებლებისთვის. პოლონეთში 22 საბადოა გაბურღული და ამათაც 1-2 წელიწადში დასავლეთ ევროპისკენ უნდა გაუშვან გაზი. სწორედ ამის შედეგია, რომ გაზპრომი დათმობებზე მიდის ევროპაში და თუ ჯერ კიდევ შარშან ფასების დაწევის გაგონებაც არ უნდოდა, ახლა მორჩილად უკლებს ფასებს. გერმანელებმა, ვენის არბიტრაჟის დადგენილებით, მილიარდი დოლარიც აანაზღაურებინეს წინა წლებშში გაუმართლებლად ძვირი ფასების გამო. ფიქალის ნავთობის მოპოვებაც არ არის შორეული პერსპექტივა.
tam
08 აგვისტო 2013 12:56
მოპოვების ვარდნა უკვე 80-ებში დაიწყო, როგორც წერლიდან ჩანს, ესე იგი მხედრიონამდე ხდებოდა ჭარბურღილების არასწორი ექსპლუატაცია.
და ფიქლებიდან მოპოვებული ნავთობი რაღაც ახალია, ეს რო ჟურნალისტს შეშლოდა კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ გეოლოგისგან ცოტა უცნაურია
oilman
08 აგვისტო 2013 12:55
PELE,

ფიქლის გაზსაც მოიპოვებენ რომელიც არის ე.წ ''შეილ გაზი'' მაგალითად პლონეთში და სხვა მრავალ ქვეყანაშიც, და ასევე ახალი ტექნოლოგიაა სულ 4-5 წლის რომელიც შლუმბერჟემ შეიმუშავა ამერიკაში და ეხლა დაიწყეს მაგ ე.წ. ფიქლის ნავთობის მოპოვებაც.


რედაქტორის რჩევით