"ნუ გეშინიათ, შვილებო"
19-08-2013
საკუთარი ჭერის დაკარგვას თან სდევს ტკივილი, რომლის გაყუჩება არაფერს შეუძლია. ამ განუკურნებელ სენს ქართველმა ხალხმა თვალი და ყური იძულებით შეაჩვია, მაგრამ გული - ვერა. დარეჯან ზუბაშვილის ეს წერილიც ამ შეუგუებლობის ნაწილია.

"მამაჩემი, დიმიტრი ზუბაშვილი, სოფელ ხეითში დაიბადა. ...მერე მამა დევნილთა თავშესაფარში, სიცივესა და სიბნელეში იჯდა, თვალმოუშორებლად შეჰყურებდა ტელევიზორს და გვაიმედებდა, - არ შეგეშინდეთ, ჩვენ გარდა იქ ვერავინ იცხოვრებსო! ამ იმედით გარდაიცვალა ომიდან 6 თვეში. იმ საღამოს თბილისი გაჩახჩახებული იყო და
მხოლოდ ჩვენს თავშესაფარში იდგა წყვდიადი. მამის ხმა ისევ ჩამესმის.  ომი რომ დაიწყო, დედა  უკვე აღარ მყავდა. შინ, ხეითში დამრჩა მისი დამსხვრეული სურათი, საიდანაც მისი სახე მფარველი ანგელოზივით წამომყვა. ეს თვალები მაიმედებს ახლაც, როგორც იმ დღეს, როცა სახლი დავტოვე.

იმ დღეს ვიხსენებ, - ირგვლივ შავი ბურუსია.
ერთმანეთის მიყოლებით სკდება ჭურვები. ხალხი გარბის.  ძალ-ღონეს ვიკრებ, კარს ვაღებ და ნაცნობ გზაზე თავპირისმტვრევით გავრბივარ. მეჩვენება, რომ თუ შევყოვნდები, ჭურვი წამომეწევა და... უფრო იმიტომ გავრბივარ, რომ თვალიდან არ დამეკარგონ ქმარ-შვილი და მოხუცი მამა... ცოტა ხანში მრავალსაფეხურიან კიბეს სარდაფისაკენ მივყვები. იქ ერთ მხარეს მიყუჟულან ქალები და ბავშვები. კუთხეში ვიღაცას ლეიბი დაუგია და დედებს ბავშვები მიუწვენიათ. მეც მათკენ მივიწევ, მეუღლეს ხელიდან ჩვილს ვართმევ, რათა სადარაჯოზე დაბრუნდეს, უფროსი შვილების გვერდით ვჯდები და  ცოტას ვმშვიდდები.
სროლა წყდება. სარდაფიდან ამოვდივართ. ცას, ღრუბელს, ხესა და მდინარეს გადატანილი მწუხარების კვალი ეტყობა. ნაცნობ გზაზე შვილებიანად უკვე ფრთხილად მივაბიჯებ. აი, ჩემი ეზო. ბავშვებმა  შვება იგრძნეს. შინ შეცვივდნენ. საოცარია, ყველაფერი გადარჩენილა, მხოლოდ დედის დამსხვრეული სურათი გდია იატაკზე.  გული მიდუღს, მაგრამ არ ვტირი - შვილების სახეები ტირილის ნებას არ მაძლევს. იატაკიდან ერთად ვკრეფთ დედის სურათის ნამსხვრევებს. ჩემი შვილები ამას ბავშვური გულმოდგინებით აკეთებენ, მე მათ შევყურებ და ვფიქრობ, - ნუ გეშინიათ, შვილო, ახლა ხომ შინ ვართ.

დღეს საკუთარი სახლიდან შორს ვართ. შვილებს შევყურებ, და ვეუბნები "ნუ გეშინიათ, შვილებო, მე თქვენ გვერდით ვიქნები".

დარეჯან ზუბაშვილი"
პატრიოტი
11 სექტემბერი 2013 03:47
მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა:
თუკი ნამდვილად არსებობს მამაზეციერი და ხვთის რისხვა, ყველას, ვისაც კი ბოროტება უკეთებია და ადამიანებისთვის გული მოუკლავს, ეს რისხვა არ მოაკლოს 12 თაობის განმავლობაში!
დვუდგეთ ერთმანეთს გვერდით ალალად და აუცილებლად გავიმარჯვებთ ბოროტებაზე და ბოროტზე.
Nona
22 აგვისტო 2013 23:55
რა კომენტარი, გულს ეტირება...

რედაქტორის რჩევით