"არ გვჭირდება უცხო ენათა პროფილის უნივერსიტეტი?! " - კვირის პალიტრა

"არ გვჭირდება უცხო ენათა პროფილის უნივერსიტეტი?! "

"ვინც განათლების დაუმთავრებელ რეფორმებს თვალს ადევნებს, კარგად ეხსომება, რომ ერთი ხელის დაკვრით გააერთიანეს რამდენიმე წლის წინ სამი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი: უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი და სპორტის აკადემია. ცვლილებას მთავრობა იმით ასაბუთებდა, რომ გაერთიანებული ობიექტების რეფორმირება გაიოლდებოდა, ხოლო სწავლების საკითხი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა. სინამდვილეში უკუღმა მოხდა ყველაფერი - ახლა უკვე არა მხოლოდ პროფესიონალი კადრების აღზრდას ვეღარ ვახერხებთ, არამედ ძველი უმაღლესი სკოლაც დაინგრა, - ცუდ დღეშია ყოფილი უცხო ენების, ამჟამად კი ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არადა, აქ არაერთი საამაყო ქართველი გამოზრდილა, - უცხო ენათა ჩინებული პედაგოგები, მთარგმნელები, რომელთაც ბრწყინვალედ თარგმნეს  საუკეთესო ლიტერატურა, რაც კაცობრიობამ შექმნა.

უნივერსიტეტს თანამედროვე საუნივერსიტეტო სტანდარტების დანერგვისთვის ევროპის არაერთ უმაღლეს სკოლასთან ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, სადაც ჩვენი სტუდენტები იგზავნებოდნენ. მაღალი  რეიტინგის გამო ავსტრალიელებმა უნივერსიტეტში ბიბლიოთეკა გახსნეს  და უცხოენოვანი ლიტერატურით ამარაგებდნენ.

ევროპულ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციამ უცხო ენათა უნივერსიტეტის როლი  უფრო გააძლიერა, თუმცა, სამწუხაროდ, ნახსენები გაერთიანების გამო სწორედ ამ დროს დაკარგა პროფილი. ამ კონგლომერატში უცხო ენების ფაკულტეტის გახსნაც  არ გახსენებიათ, ხოლო უცხო ენათა მასწავლებლების მომზადება კი 5-ჯერ შემცირდა. ანუ ეს გაერთიანება, ასე ვთქვათ, არაპედაგოგიური გახდა - სტუდენტთა 80% არაპედაგოგიურ სპეციალობაზე სწავლობს.

გავიძახით, ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენი პრიორიტეტიაო, მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ სრულყოფილ ინტეგრაციას, თუკი კვალიფიციური უცხო ენათა პედაგოგები არ გვეყოლება, რომლებიც სკოლებში ევროპის სახელმწიფოთა ენებს (გავითვალისწინოთ, რომ ამ სიაში მხოლოდ ინგლისური არ იგულისხმება) ასწავლიან!

ჩვენი აზრით, ქვეყანას უცხო ენათა პროფილის უნივერსიტეტი სჭირდება და ხელისუფლებას ვთხოვთ, უცხო ენების პროფილის უმაღლესი სასწავლებლის აღდგენის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს!

ვლადიმერ ახალაია, პროფესორი"