ასწლოვანი ნარგავების ადგილას ახლა ხრიოკია - კვირის პალიტრა

ასწლოვანი ნარგავების ადგილას ახლა ხრიოკია

"მცენარე დედამიწის ულამაზესი სამკაული და მშვენებაა, ადამიანისთვის კი მარჩენალიც და მკურნალიც. თითქოს ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც არ ვუფრთხილდებით. ბოლო წლები სულაც  ბუნების განადგურებაში გავატარეთ. ჩვენს გაჩეხილ დედაქალაქზე მინდა დავწერო იმ იმედით, რომ ახლა მაინც მივხედავთ მას. მშრალი სტატისტიკით მოგითხრობთ, საკუთარი კომფორტისთვის თუ რა ვუყავით  თბილისსა და მის შემოგარენს, რა რაოდენობის ასწლოვანი ნარგავები გავანადგურეთ, რათა იქ პრაქტიკულად უსახური შენობები ჩაგვედგა.

წყნეთით დავიწყებ. 2009-2011 წლებში დედაქალაქის მერიისგან გაცემული სამშენებლო ნებართვებით აქ 10 000 ძირი წიწვოვანი მოიჭრა. ბელიაშვილის ქუჩის სკვერში 2009-2012 წლებში 30 მრავალწლიანი ხე მოიჭრა და ჩუღურეთის გამგეობის შენობა აიგო. დიღმის მაგისტრალის გამწვანებას 50 მრავალწლოვანი ნაძვი შეეწირა. აღმაშენებლის ხეივანში, მუხათგვერდის გადასახვევთან, 200-მდე მრავალწლიანი ნაძვი მოიჭრა.

გლდანში, სარაჯიშვილის გამზირზე, 20 ძირი ნაძვი ამოიძირკვა; კოსტავას ქუჩაზე, ვერის ბაღის გვერდით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობას 20 ძირი ნაძვი შეეწირა; სანაპიროზე, კორტების ადგილას, იუსტიციის სამინისტროს მშენებლობისათვის 200 ძირი მრავალწლოვანი ნარგავი განადგურდა. ვაკე-საბურთალოს გამგეობის აშენებისთვის 50 ძირი მრავალწლოვანი ნარგავია მოჭრილი; მოსკოვის გამზირზე პოლიციის შენობის მშენებლობას 50 ძირი ნაძვი შეეწირა. აეროპორტის გზაზე მხოლოდ 2010 წელს 200 ძირი მრავალწლოვანი ნარგავი მოიჭრა.

"მზიურის" ადგილზე წამოწყებულმა მშენებლობებმა 700 ძირი უნიკალური მრავალწლოვანი ნარგავი შეიწირა და კატასტროფულად დააბინძურა მდინარე ვერე, რომელსაც  ნაგავი მტკვარში ჩააქვს.

მშენებლობების გამო ნადგურდება ვაკის, მუშტაიდის, ვარდების რევოლუციის, ალექსანდრეს, სოლოლაკის, კოჯრისა და სხვა ბაღ-პარკები.

მოუვლელობით ვერანდება დედაქალაქის შემოგარენში, თბილისსა და რუსთავს შორის, კრწანისის და თბილისის ზღვის სანაპიროზე გაშენებული დენდროლოგიური პარკები. დედაქალაქისა და მის გარშემო მდებარე მდინარეების სათავო ნაგებობები - მტკვარი, ვერე, ნორიოხევი, ალიხევი, ლოჭინი, გლდანულა, დიღმულა - საერთოდ არ არის დაცული სანიტარიული ნორმები, მოუწესრიგებელია კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემები. რადგან თბილისის გარშემო მდებარე სოფლებს კაპიტალური ნაგავსაყრელები არ აქვთ, ნაგავს მდინარეებში ყრიან. რუსთავიდან და თბილისიდან გატანილი ნაგვით გარდაბნის სავარგულებიც ბინძურდება, სადაც სამწუხაროდ, ასევე დაუფიქრებლად გაიჩეხა ტყეები და ქარსაფარი.

ხემცენარეთა დეფიციტმა გაზარდა დედაქალაქის ჰაერის მავნე ნივთიერებებით გაჭუჭყიანება. რასაც მოზღვავებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი ამძიმებს - საუბედუროდ, არ კონტროლდება უხარისხო საწვავის შემოტანის საკითხიც. დღეს ავტოტრანსპორტიდან 200-ზე მეტი მავნე გამონაბოლქვი (ნახშიროჟანგი, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები, გოგირდის დიოქსიდი, ბენზოპირენი...) გამოიყოფა და მასობრივად გვაავადებს.

ძალიან მძიმე სურათი დავხატე, მაგრამ რეალობას სად გავექცევით. ასე თუ გაგრძელდა, მცირე ხანში ალბათ ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

ოთარ ტყემალაძე,

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში"