"ვმათხოვრობ, ვიცი, ფულს მოვაგროვებ და შვილს ვუშველი"
26-08-2013
"ვმათხოვრობ, ვიცი, ფულს მოვაგროვებ და შვილს ვუშველი"
"თვალი ყველაფერს ეჩვევა. ჩვენც შევეჩვიეთ ქუჩებში გამოფენილ მათხოვრებს. ამასობაში, ბევრისთვის მათხოვრობა მომგებიან ბიზნესად იქცა. ეს ბიზნესი ვითარდება, - ახლა ზოგიერთს გამჭვირვალე ყუთი დააქვს, რომლებზეც ბავშვების ფოტოებია გამოსახული. მე კი ზოგჯერ ეჭვი მღრღნის, - მართლაც საწოლს მიჯაჭვული ბავშვებისთვის აგროვებენ ფულს? ამიტომაც სხვებისაგან განსხვავებით ამ ადამიანებს, სანამ ფულს მივცემ, საბუთი მაჩვენეთ-მეთქი, ვთხოვ. ზოგი უკანმოუხედავად გარბის, ზოგიც რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის მოწმობას მაჩვენებს... ამას წინათ, მეტროში ქალბატონს წავაწყდი, კუთხეში საბრალობლად რომ მიყუჟულიყო, წამით ვიფიქრე,
ჩავუვლი-მეთქი, მერე კი მაინც მივუახლოვდი.

უცნაურად შემომხედა და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო - ჩემი შვილის დიაგნოზი არისო. იქ ეწერა "თირკმლის ქრონიკული დაავადება, ტერმინალური სტადია. პროგრამული ჰემოდიალეზი"! ამ დროს თირკმლები გათიშულია, ადამიანი შარდს ვეღარ გამოყოფს და სისხლში გადადის. სისხლი ამ შხამისგან ხელოვნურად უნდა გაიწმინდოს და ასე -
კვირაში სამი დღე. ამ ტანჯვისგან ხსნა მხოლოდ თირკმლის გადანერგვით შეიძლება. ამას კი უსაშველოდ დიდი ფული სჭირდება. ამ ქალბატონმა ამდენის შეგროვება მათხოვრობით როგორ უნდა შეძლოს! ქალს რომ დავცილდი, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა, ძვირფასო პალიტრელებო, ამ უბედური დედა-შვილის შესახებ მოუთხრეთ მკითხველს, თქვენ ხომ ხალხი გენდობათ.


პატივისცემით, თამთა გირკელიძე, თბილისი"


წერილი უხმოდ დავკეცე და იმ მეტროსადგურისკენ გავემართე, სადაც ის ქალი მეგულებოდა. ასე გავიცანი ხათუნა ტაბაღუა. მისგან შევიტყვე, რომ მარიამი სამი წელია რაც ავადმყოფობს. მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გოგონა მოვინახულე.

მარიამს პირველად ფეხები გაუსივდა, მაშინ 12 წლის იყო...  მაშინვე ჩამოვიყვანეთ თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში. მაშინ ექიმებს ასეთი საშიში დიაგნოზი არ დაუსვამთ, ორი თვე უმკურნალეს. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთ დღესაც წამში მთლიანად დასივდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა... დავტოვეთ ჩხოროწყუში სახლ-კარი და ისევ თბილისში წამოვედით... ჩემი შვილი კვირაში სამჯერ საათობით აპარატზეა შეერთებული და სადაც ის არის, მე და მამამისიც იქ ვართ.

- ამ დაავადებას ხომ თირკმლის გადანერგვით საქართველოშიც შველიან.
- ჩემი შვილის ორგანიზმს ვერც ჩემი და ვერც მამამისის თირკმელი ვერ ეთავსება. სხვას ვის ვთხოვო, თირკმელი მომეცი ჩემი შვილისთვის-მეთქი. ერთადერთი გზაა - გარდაცვლილის თირკმელი უნდა გადაენერგოს. ამას გვამური გადანერგვა ჰქვია, რასაც ჩვენთან არ აკეთებენ. ოპერაცია მინსკში უნდა გაკეთდეს. ამიტომ მათხოვრობა დავიწყე. ისე გამიჭირდა, ერთხანს ვიფიქრე, აღარ გავალ სამათხოვროდ-მეთქი, მერე მარიამს რომ შევხედე, ჩავიცვი და ისევ გარეთ გავვარდი. ზოგი ფულს უხმოდ გაძლევს, ზოგი შეურაცხყოფას გაყენებს, გიყვირის და გლანძღავს - დაღლილია ხალხი ტყუილებით, ბევრმა ბიზნესად გაიხადა მათხოვრობა.

- რაც მათხოვრობით იშოვეთ, ოპერაციას ეყოფა?
- არა. მაგრამ მოვაგროვებ. მარიამი მამას ჰყავდა მინსკში. უთხრეს, საოპერაციოდ ცუდი მდგომარეობა არ აქვს, 48 ათასი დოლარი რომ გქონდეთ, ოპერაციას გავუკეთებდითო.

...ჩვენი საუბარი ამით დამთავრდა. აპარატზე მიჯაჭვულმა მარიამმა დედას დაუძახა, - დავიღალეო. ხალხიც თუ არ დაღლილა გაჭირვებულების შემწეობით, იქნებ მარიამსაც შეეწიოს. თუნდაც სულ მცირეთი.

მიმღების ბანკი: სს "თიბისი ბანკი" - GE80TB7454136080100005

სს "საქართველოს ბანკი" - GE37BG00000736962300

სს "ლიბერთი ბანკი" - GE66LB0116169700046002

დარეკეთ! 0901901902 მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი

ani
29 აგვისტო 2013 03:54
მარიამის დედის სახელს და ტელეპონს ხომ ვერ მოგვაწვდიდიტ?
დიდი მადლობა წინანსწარ!

რედაქტორის რჩევით