კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს - კვირის პალიტრა

კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს

- საიდან მოდის მდინარე ალაზნის სახელწოდება?

- ბევრმა არ იცის, რომ ალაზანი მხოლოდ კახეთში, უზარმაზარ ველზე გაწოლილ მდინარეს არ ჰქვია. თუშეთში, მდინარეს, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, თუშეთის ქვაბულში, წუნთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე 59 კმ სიგრძეზე მოედინება, ასევე ალაზანი ჰქვია. თუშეთის ალაზნის მთავარი შენაკადებია: პირიქითი ალაზანი, წოვათისწყალი (მარცხენა), ორწყალი და ჭანჭახოვანისწყალი (მარჯვენა).

კახეთის ალაზანი კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარე კახეთის ზეგანს შორის მდებარე ველზე მიედინება, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად ამ ადგილს ალონი რქმევია. ველი, ალონად წოდებული, ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და არსებობს ვერსია, რომ კახეთის უდიდეს მდინარეს, ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

ასევე არსებობს თქმულება: სპარსელთა საქართველოში შემოჭრის დროს ალონის ველზე გაწოლილი მდინარე ადიდებულა. მტერს მისი გადალახვა უცდია, თუმცა მათი ჯარის დიდი ნაწილი დამხრჩვალა. სპარსელებს ეს ამბავი ალაჰის რისხვად ჩაუთვლიათ და მდინარისთვის ალაჰ-ზანე შეურქმევიათ. იმასაც ამბობენ, თითქოს რომელიღაც სპარსელ სარდალს ადიდებულმა მდინარემ შვილი წაართვა და შეძრწუნებული მამა ღრიალებდა: "ალაჰ ზანეს!" (ალაჰმა დასწყევლოს).

ერთი ვარაუდით, ალაზანი შესაძლოა სიტყვა "არაზნიდან" არის ნაწარმოები. ძველ ქართულში არაზანი წყალუხვ წვიმას ნიშნავს.

- უფასო საბავშვო ბაღებში ბავშვის მიყვანა ჩაწყობით ხდება. და ბავშვი ბაღის გარეშე დამრჩა. რამ განაპირობა ეს მანკიერი მოვლენა და როგორ მოგვარდება?

რამაზ სულამანიძე, თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი: - საბავშვო ბაღებში უფასო სწავლების შემოღების გამო იმატა ბავშვების მიღების მოთხოვნამ. უფასო სწავლებამ კერძო ბაღებსაც დარტყმა მიაყენა. სანამ სწავლა უფასო გახდებოდა, კონტინგენტი გადანაწილებული იყო სხვადასხვა კერძო ბაღში, ასევე უწყებრივ ბაღებშიც. მოგეხსენებათ, საუწყებო ბაღებიც გაუქმდა (რკინიგზას, რამდენიმე დიდ ქარხანას ჰქონდა საკუთარი უწყებრივი ბაღი). დარჩა მხოლოდ მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბაღები. სამწუხაროდ, ამდენი ბავშვის ადგილი არ გვქონდა და წარმოიშვა ეს პრობლემა... ასე სწრაფად ახალი ბაღის აშენება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო მაშინ, როცა წელი დაწყებულია და თანხები ბიუჯეტით წინასწარ არის გამოყოფილი. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს წარსულში გაუქმებული საუწყებო ბაღების გადმოცემის თაობაზე. გადმოგვეცემა კიდეც, მაგრამ იქ არსებული პირობები სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რემონტი კი დაახლოებით ნოემბრისთვის დასრულდება.

- რამდენიმე დღეში სწავლა დაიწყება და ისევ დღის წესრიგში დადგება არცთუ მარტივი სასკოლო პრობლემები, მათ შორის - ფსიქოლოგიურიც. ვღელავთ, რომ სკოლებში ფსიქოლოგები არა ჰყავთ. წელს თუ მაინც მოიხსნება ეს პრობლემა?

კითხვას პასუხობს განათლების სამინისტრო: ფსიქოლოგის პრობლემის მოგვარების საკითხი დღის წესრიგშია. საბედნიეროდ, ნაბიჯი უკვე გადავდგით - წელს დიდ ქალაქებში, - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში შეიქმნება ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრები, რომელთაც შეუძლიათ მიმართონ მასწავლებლებმა, მშობლებმა და მანდატურებმა. ასევე ყველას შეუძლია ისარგებლოს ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურებით. სასკოლო პროფესიონალ ფსიქოლოგთა გადამზადება უკვე მიმდინარეობს და მომავალში ბავშვთა ფსიქოლოგიური ცენტრები რეგიონებშიც შეიქმნება.