როცა კაცს მამა ავიწყდება და მამინაცვალს იფიცებს - კვირის პალიტრა

როცა კაცს მამა ავიწყდება და მამინაცვალს იფიცებს

ჭირი აქა, ლხინი  - იქა, ქატო აქა, ფქვილი - იქა, ანუ ირანული წარმოშობის ინგლისის მოქალაქე ქართულ მიწას დაეპატრონა?!

ხალხურ სიბრძნეს, - "კაცს მამა დავიწყებოდა და მამინაცვალს იფიცებდაო", ქართველი კაცი ისე ვერ შექმნიდა, საკუთარ ხასიათში შესაბამისი ნიუანსი რომ არ ეპოვა. თუმცა წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება ასეც გამოვხატოთ, - "კაცმა მამას ლუკმა გამოჰგლიჯა და მამინაცვალს აჩუქაო"...

"მიწა ბევრმა მიატოვა, მაგრამ ნამდვილ გლეხკაცს მიწის სიყვარული არ დავიწყებია, - თეთრიწყაროს მახლობლად, არნაუთში, გლეხკაცობას 600 ჰექტარი სახნავ-სათესი გვქონდა აღებული და ათეული წლების მანძილზე არა მხოლოდ თავს ვირჩენდით, ქვეყანასაც ვუწვდიდით ხელს. მიწას არხებით ვრწყავდით, ხორბალს, ქერს, სიმინდსა და შვრიას ვთესავდით. არხებში წყალი ალგეთის წყალსაცავიდან მოდიოდა. ბოლო ხანს არხების მდგომარეობა რიგზე ვერ იყო. ბევრს ვჩიოდით, მაგრამ აბა, რა უნდა გაგვეწყო, როცა მთავრობას ჩვენთვის არ ეცალა. თურმე რას მოიცლიდნენ, როცა ეს არხები სხვისთვის ნდომებიათ... შარშან, გაზაფხულზე, მიწის სათხრელი ტექნიკით შეიარაღებული ხალხი შეესია ჩვენს ნათეს-ნაოფლარს, ამწეებითა და სატვირთო მანქანებით გადაუარეს და მიწიდან სარწყავი არხების მილები ამოთხრეს.

ვინც ამ შავ საქმეზე ამუშავეს, მერე მანვე გვიამბო: - პირველად არხის ცენტრალური ტრასის 80 და 40-სმ-იან მილებს მიადგნენ, მერე ქერისა და ხორბლის ყანები გადათქერეს ბულდოზერებითო.

წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავცვივდებოდით, როცა გავერანებულ-განადგურებულ ყანებს დავხედეთ და ჩვენი ნაშრომ-ნაწვალები მიწასთან გასწორებული დაგვხვდა. თავზარდაცემულებმა მაშინვე თეთრიწყაროს ხელისუფლებას მივმართეთ და ზარალის ანაზღაურება მოვთხოვეთ. გვითხრეს, - ჩვენ რა შუაში ვართ, ეგ ტერიტორია თქვენი საკუთრებაა და თქვენვე მიხედეთო. შემდეგ პოლიციას მივმართეთ. მათ - ყველაფერი პრეზიდენტის ნებართვით მოხდაო და საბუთიც წარმოგვიდგინეს.

თავგზააბნეულებმა ამ სამუშაოების ბრიგადირი მოვნახეთ, რომელმაც თითქოს თანაგვიგრძნო, განადგურებული ნათესები და მიწა აზომა და ზარალის ანაზღაურებას შეგვპირდა, რასაც დღემდე ამაოდ ველოდებით. სამაგიეროდ, პრეზიდენტის განკარგულება მოვიპოვეთ, რომლის ძალითაც ჩვენს სარწყავ არხს 500 000 ლარად ყიდის შპს   ტრ გეორგია პროჯერ -2-ზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ავალებს ამ შპს-ს სოფელ იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწყოს სარწყავი არხი.

მართალია, ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ეს შპს ან რატომ გამოგვაცალეს მისი გულისთვის პირიდან ლუკმა, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ დაგვაბეჩავა ჩვენმავე ხელისუფლებამ: მოსავალი გაგვინადგურა; მილების ამონაღები უზარმაზარი თხრილები ამოუვსებელი დაგვიტოვა და სამუდამოდ დაგვიკარგა ჩვენი მიწების მორწყვის იმედი.

უმორჩილესად გთხოვთ

, დაგვეხმაროთ, მოვიძიოთ ის უცნობი შპს, რომლის გამოც ჩვენმა ხელისუფლებამ მშიერ-მწყურვალი დაგვტოვა, ხოლო შემდეგ გვირჩიოთ, ვის მოვთხოვოთ ჩვენი ნაშრომის ანაზღაურება.

ზაქარია გიგაური

(წერილს ხელს აწერს არნაუთის ნაკვეთების 26 მესაკუთრე)"

ჩვენ მივმართეთ საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვეფხია ჩერქეზიშვილს. გვითხრა, რომ პრეზიდენტის ბრძანებას არ იცნობდა. თუმცა განგვიმარტა, რომ შპს TR GEORGIA PROJER -2, რომელსაც თეთრიწყაროელების სარწყავი არხი მიჰყიდეს, ირანული წარმოშობის ინგლისის მოქალაქეს ეკუთვნის. ეს უკანასკნელი თეთრიწყაროელების სარწყავ არხს იორმუღანლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი მეურნეობისთვის იყენებს, რომელზეც მარცვლეული კულტურა მოჰყავს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თეთრიწყაროელ გლეხობას ზარალის ანაზღაურებაში სასამართლო დაეხმარება და ისედაც დავიწყებულ მამას სამართალს მაინც არ დაუკარგავს.