კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
16-09-2013
კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
სამწუხაროდ, მაღაზიებში ხშირად არის ვადაგასული პროდუქტი. როცა შინ ამ პროდუქტის მომზადებას დაიწყებ, მაშინღა ხვდები, შეცდი, რომ არ შეამოწმე თარიღი. თუმცა საქმე მხოლოდ ვადის გასვლა როდია, ბევრჯერ  პროდუქტი, იმის მიუხედავად, რომ მოხმარების ვადა გასული არა აქვს,  უკვე გაფუჭებულია. არსებობს თუ არა კანონი, რითაც მსგავსი პროდუქტების გასაღებისას ობიექტი პასუხს აგებს?
პატივისცემით ომარ სირაძე

კითხვას უპასუხებს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე:
- არსებობს. უპირველესად თავად მომხმარებლის კონტროლზეა დამოკიდებული, როგორ იქცევა სავაჭრო ობიექტი ჯანმრთელობისათვის
საზიანო პროდუქტის გასაღებასას ან მისი უკან დაბრუნების მოთხოვნისას. მომხმარებლის ინტერესებს ჩვენი ფედერაციაც იცავს. შესაბამისი ინფორმაციის შემოსვლის შემთხვევაში, მივმართავთ იმ ორგანოებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, სავაჭრო ობიექტიდან ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტები ამოიღონ. თუკი დადასტურდა, რომ პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა, სავაჭრო ობიექტი დაჯარიმდება 1.000 ლარით.

როგორც ამბობენ, ტაქსის
მძღოლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე მიღება იწყება. ყველა მძღოლმა უნდა ისწავლოს ინგლისური? თუ იქნება ავტომანქანებზე რაიმე გამოსარჩევი ნიშანი ტურისტებისთვის?

გურამ ესაკია, თბილისი

კითხვას უპასუხებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა: - "ტაქსი მსოფლიოში ყველაზე ტურისტულ ტრანსპორტად არის მიჩნეული. მძღოლებისთვის საკომუნიკაციო ინგლისური ენის შესწავლით შევეცდებით საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრები უფრო კომფორტულად გადაადგილდნენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობა განაპირობა უცხოელი ტურისტების მომრავლებამ. ვისაც უცხოეთში გიმოგზაურიათ, გამოცდილი გექნებათ, რა ძნელია თავისუფლად გადაადგილება, თუ გიდი არ მოგყვება, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს ვერ აგებინებთ, სად გსურთ მისვლა. პროექტის მიზანი სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობაა.

ენის შესასწავლი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და ტაქსიზე დასამაგრებელი აბრა  English Speaking Driver. მძღოლებისთვის, ვინც უკვე ფლობს ინგლისურ ენას, სერტიფიკატი და ტაქსიზე დასამაგრებელი ნიშანი გასაუბრების საფუძველზე გაიცემა. ენის შესწავლის მსურველი მძღოლები თავიანთი მანქანებით ტურიზმის ადმინისტრაციაში უნდა მივიდნენ, სადაც მათ კუთვნილ ავტომობილს ფოტოსურათით დააფიქსირებენ. მძღოლებმა მართვის მოწმობა და ტაქსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მანქანის ტექპასპორტი) უნდა წარადგინონ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით