"სხვისი ხელის შემყურე როდემდე უნდა ვიყოთ?" - კვირის პალიტრა

"სხვისი ხელის შემყურე როდემდე უნდა ვიყოთ?"

ყვავს რა ჰქონდა და ბუს გაჰქონდაო, დიახაც რომ ამ დღეში ვართ ამჟამად. გატყავებულ სახელმწიფოს ყველა სათავისოდ ჭრიდა და იდებდა ჯიბეში, იქნებოდა დიდი რუსეთი, "მხედრიონი", "მოქალაქეთა კავშირი", "ნაცები" თუ სხვა მხეცები. დიახ, ჭრიდნენ და მიირთმევდნენ ამ გაძვალტყავებულ ქვეყანას და რატომ  უნდა გვიკვირდეს, რომ ახლა სულს ღაფავს?!

ჩემი ასაკის კაცს უარესად შეჭირვებული საქართველოც ახსოვს.  უჭირდათ, მაგრამ იმედს არ კარგავდნენ, შრომობდნენ და რაკი იცოდნენ, სახელმწიფოს უჭირდა (დიდი სამამულო ომი მძვინვარებდა), აღარც აწუხებდნენ ზედმეტი მოთხოვნითა და წუწუნით. კაცი კაცს იმედად და ხიდად ედგა. ახლა კი?!

ახლა ისე გვიჭირს, რომ მთავრობის მიერ დარიგებულ სასუქსაც ვერ ვაძლევთ ყანებს. რატომ? იმიტომ, რომ ბევრმა გაყიდა. ყანას რას ვჩივით, სერიალებსა და იაფფასიან ყავას მიჯაჭვული ჩვენი მანდილოსნები საკუთარ ბოსტანს არ უვლიან, ქინძი და ოხრახუშიც არ მოჰყავთ. სოფელში ვცხოვრობ და ამგვარი ვაიდე-დაკაცების დასახელებაც შემიძლია.

- რა ვქნათ, ნენა, გვიჭირს, ვერ ამოგვისუნთქავს, - წუწუნებენ და სოციალური დახმარების მისაღებად, სადაც ჯერ არს, განცხადებებს წერენ და გზავნიან. ჩვენდა საბედნიეროდ, ამგვარი "მოაზროვნენი" ჯერჯერობით უმეტესობა არ გახლავთ, მაგრამ საშინელებაა მიბაძვის ძალა და სხვისი ხელის იმედად ცხოვრება. დღე ისე არ გავა, ერთ ზარმაცსა და უქნარას მიმდევარი არ გამოუჩნდეს.

სოფლად ხშირად გაიგონებთ, რა ვქნა, ბატონო, რომ ვიშრომე და ხელზე ტყავი გადავიძვრე, რა მივიღე სამაგიეროდ? აგერ ეს არც მუშაობს, არც ოფლს ღვრის, მაგრამ ჩემზე უკეთ ცხოვრობსო. და მართლაც, სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული უქნარა უკეთ ცხოვრობს. მას არც წყალდიდობის ეშინია, ნათესები რომ არ წაულეკოს, არც გვალვა ედარდება და არც ღორის ჭირი.  მოუსავლიანობისა და წყალში ჩაყრილი უშედეგო შრომის მაგალითი მრავლად შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ გლეხის ამტანობა, იმედიანობა და შეუპოვრობა ყოველთვის ამარცხებდა ზემოთ ჩამოთვლილ წინააღმდეგობებს. მართალია, უჩიოდა უამინდობას, მოუსავლიანობასა და სხვა არასახარბიელო მოვლენებს, მაგრამ შემოდგომაზე მაინც ჭრიალებდნენ სიმინდით დატვირთული ურმები, იწურებოდა ღვინო და ზამთარში გემრიელად მიირთმევდნენ ოფლით მონაგარს.  არასდროს ყოფილა ქართველი გლეხი ვიღაცისა და რაღაცის მოიმედე. შრომის, სიმართლისა და სიამაყის სიყვარულმა დააძლევინა შეუძლებელი და აჰა, მუხანათმა მტერმა გვიყელა, სამათხოვროდ დაგვაგდო.

დედაჩემი ისე გარდაიცვალა 86 წლის ასაკში, რომ პენსია არ აუღია. არა, ნენა, მაგ ფულს როგორ ავიღებ, გლახაკის ლუკმას როგორ შევჭამო.

ახლა იმის შესახებ, მე როგორ შევძელი სიღატაკის დაძლევა ისე, რომ არც მთავრობისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის და არც სპონსორი მიძებნია. თხუთმეტიოდე წლის წინ ჩემმა მეზობელმა ერთი ფური ხბო მაჩუქა. იმ წელს 7 თუ 8 ხბო ეზარალა, ნაჩუქარიც ნაავადმყოფარი იყო და მითხრა, თუ გადაარჩენ, შენი იყოსო. ვუქუთქუთე ხბოს, მობულბულდა ჩემი ბოჩოლა, გაიზარდა, დაკეთდა, ხბოც მოიგო, ისიც ფური. იმ დღიდან სამ წელიწადში მეორე ძროხა შემემატა. ასე რომ, გავიჩინე რძე, ყველი, ნადუღი. ყოველ წელიწადს თითო საკლავს ვკლავ, ვუნაწილებ შვილებს. ფურებს ვუშვებ და ამ ზამთარს ერთი ძროხა კიდევ შემემატება. ვფიქრობ, არხეინად გავიტან თავს. გარდა ამისა, ფუტკრის 6 სკა მიდგას, მაქვს პატარა სათბური, რისი მეოხებითაც უზრუნველყოფილი ვარ ეკოლოგიურად ჯანსაღი ბაღჩეულ-ბოსტნეულით.

ახლა ერთ რამეს გკითხავთ: შეუძლია თუ არა თითოეულ ჩვენგანს იმის გაკეთება, რაც მე შევძელი? ბოსტნის მოვლას რაღა უნდა? ნუთუ ამისთვისაც სუბსიდიებია საჭირო? სამთავრობო თუ სახელმწიფოს ჩართვაა აუცილებელი?

არა, ჩემო კარგებო, ნუ დავეჩვევით მუქთა ჭამა-სმას, თავი დავანებოთ იმაზე ფიქრს, სახელმწიფო როდის დაგვეხმარება, სხვისი ხელის შემყურე როდემდე უნდა ვიყოთ?

დავით ასკურავა