თუ მომავალმა ვერ ივარგა, მაშინ გინდ ვყოფილვართ და გინდ არა... - კვირის პალიტრა

თუ მომავალმა ვერ ივარგა, მაშინ გინდ ვყოფილვართ და გინდ არა...

ძვირფასო "კვირის პალიტრავ", რას ვიფიქრებდი, ისე თუ ამევსებოდა მოთმინების ფიალა, წერილს მოგწერდით. კიდევ კარგი, რომ ასეთი გაზეთი მაინც არსებობს, ვინც იცის, ბრძოლა რისთვის ღირს. ვუყურებ, საით მიდიან ჩემი შვილები და საერთოდ, მომავალი თაობა და არ შემიძლია გულის ტკივილი არ გაგიზიაროთ. ერთად უნდა მოვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რომ ყმაწვილები სკოლაში კი არ ჩლუნგდებოდნენ, განათლებას იღებდნენ, ჩვენი სკოლა სკოლას დაემგვანოს, მასწავლებელი - მასწავლებელს, თუ არა და, მომავალი გვინადგურდება. თევზის თავიდან გაფუჭებისა არ იყოს, მშვენივრად ვიცი, ეს ამბავი სკოლებიდან კი არა, ქვეყნის განათლების სისტემის მიზანმიმართული "რეფორმებიდან" მოდის, მაგრამ თუ მთელი ერი ფეხზე დავდგებით, ხელისუფლება იძულებული გახდება, ამ საკითხზე სხვანაირად იფიქროს.

მთავარი ის არის, ჩვენ რატომ შევყურებთ ასე გულგრილად, რაც ხდება. ბოლო წლებში ჩვენ თვალწინ დაიშალა და დაინგრა განათლების ის სისტემა, რომელსაც "საბჭოთა" კი ერქვა, მაგრამ უკან თუ მივიხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკმაოდ კვალიფიციურ განათლებას იძლეოდა, ყმაწვილს წიგნიერების აუცილებლობას აჩვევდა და, სხვათა შორის, დიდ სწავლულებსაც ზრდიდა. ბოლო ათეული წელიწადია, ჩვენი შვილები ექსპერიმენტების მსხვერპლად იქცნენ! თანაც რა ექსპერიმენტების! საზოგადოებამ ხომ იცის, რომ ჩვენი განათლების სისტემა განვითარებადი ქვეყნების განათლების სისტემის დონეზე ერთი მარტივი მიზეზით - მსოფლიო გრანტების მისაღებად მიიყვანეს. ეს ჩვენი დამაქცევარი გრანტები კი მილიონობით დოლარი იყო და არის. არავის შემოსავალი არ მშურს, ღმერთმა მაგაზე ფიქრიც კი მაშოროს, მაგრამ ამას წინათ ერთმა ჩემმა ახლობელმა მაჩვენა ერთ-ერთი გრანტის პროექტი, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო თანამშრომლებს მასწავლებლებთან "ტრენინგებს" ატარებინებს, რა უნდა ასწავლონ ბავშვებს და ამაში უზარმაზარ ფულს (არ დავასახელებ, რამდენს - არ მინდა ვინმე შოკში ჩავაგდო!) უხდის... რა ვქნა, წერა-კითხვის ცოდნას ნამდვილად არ ვემდური, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ღმერთს ვეხვეწებოდი, ამ ნათარგმნი აბსურდიდან ერთი სიტყვა მაინც გამაგებინე-მეთქი. გუმანით მხოლოდ იმას მივხვდი, რომ საუბარი იყო მოსწავლის ახალი ქცევების წესების გამომუშავებაზე და არც ერთი სიტყვა - განათლებაზე. ხალხო, რატომ ერთხელ არ მოვითხოვთ, ჩაგვახედონ ამ პროექტებში (ადრე განათლების სისტემისა და პროგრამების ცვლილებებზე გაზეთებში იბეჭდებოდა!), რატომ არ გვაშფოთებს, რომ მთელი ამ "რეფორმების" მიზანმა გაამართლა - ბავშვები სკოლაში აღარ დადიან! სხვათა შორის, როცა ორიოდე თვის წინ პრეზიდენტი აღშფოთდა და აბობოქრდა გაკვეთილების გაცდენის თაობაზე, წამით გამიჩნდა იმედი, იქნებ ახლა მაინც გვეშველოს-მეთქი, მაგრამ უმალ მივხვდი, ხავსს ვეჭიდებოდი - სკოლა ამ დალოცვილის თვალწინაც იქცეოდა და უკვე გაფუჭებულ საქმეს კომენტარები კი არა, მოქმედება უნდა, რომ გამოსწორდეს. აბა, მივიდეს და შეამოწმოს სკოლებში მისი გამოსვლის შემდეგ თუ რამე შეიცვალა და ბავშვებმა გაკვეთილებზე თუ დაიწყეს სიარული. მოდი და გაამტყუნე, ამაში მშობლებიც ვერ ხედავენ აზრს, - დღეს ჩვენს სკოლებში რა უნდა ისწავლო, კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტია და შვილებს რეპეტიტორებთან ატარებენ. საქმე კურიოზამდე მიდის, ზოგიერთმა მოსწავლემ ამ რეპეტიტორებთან სიარულით ბევრ საგანში (მაგალითად, გნებავთ, ინგლისური ენა ავიღოთ!) ბევრად მეტი იცის, ვიდრე პედაგოგმა. ესეც "სანიმუშო" რეფორმების შედეგი გახლავთ, - სკოლაში ხეირიანი ვინ წავა, როცა ამხელა ჯაფაში გროშებს უხდიან! ამას დაამატეთ უთავბოლოდ შედგენილი სახელმძღვანელოები და სასწავლო საგნებზე განაწილებული დრო. ძნელია მიხვდე, რის მიხედვით, როგორ და რას ასწავლიან. ვინმეს შეუძლია გვიპასუხოს, რატომ გამოაცხადეს ისტორია-გეოგრაფია ერთ საგნად და მისი სწავლება ერთ პედაგოგს რატომ მიანდვეს? საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები არ ამზადებდნენ და არც ახლა ამზადებენ ასეთ "უნივერსალურ" კადრებს. მაშ, გეკითხებით, ვინ ასწავლის ამ გაერთიანებულ საგანს? რასაკვირველია, არაპროფესიონალი. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითებით სავსეა ჩვენი სკოლები. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ამისთვის უნდა მოვიცალოთ, ხელისუფლება ვაიძულოთ, იფიქროს და იმოქმედოს. მშვენივრად იციან - როგორც! ამას მოითმენენ იმ ევროპაში, ეგენი რომ "გვემუქრებიან", შეგიყვანთო? იქ, აბა, რომელიმე ბავშვმა გაბედოს, სკოლაში არ იაროს! ის კი არა, ზოგიერთ ქვეყანაში სკოლებშივე ატარებენ გამოცდებს (წლების წინ ჩვენთანაც ასე იყო, დავიწუნეთ, ახლა გამოდიან და გაიძახიან - ისევ უნდა აღვადგინოთო!) და ვინც ვერ ჩააბარებს, უმაღლესისკენ გახედვის უფლებასაც არ აძლევენ!

ჩემო "კვირის პალიტრავ", ხშირად დაბეჭდეთ ამ თემაზე წერილები - ხალხსაც გამოაფხიზლებს და რაღაც დაიძვრება. ხომ იცით, თუ მომავალმა ვერ ივარგა, მაშინ გინდ ვყოფილვართ და გინდ არა...

თამარ მიმინოშვილი