კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს - კვირის პალიტრა

კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს

არაგვისპირის სოფლების მოსახლეობა გაურკვეველ მხეცს ახსენებს, რომელიც პირუტყვს მუსრს ავლებს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს მგელძაღლაა. საფრთხე რამდენად რეალურია?

ზურა ჯავაშვილი, კახეთი

კითხვას უპასუხებს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე: - ჯანმრთელი მგელი ადამიანს თავს არ ესხმის, ცოფიანი კი ძროხაც საშიშია. რაც შეეხება გაურკვეველი წარმოშობის მხეცს, ვფიქრობ, მოსახლეობამ შეიქმნა გაზვიადებული წარმოდგენა თუნდაც გაველურებული ძაღლის შესახებ, ისევე, როგორც ეს მოხდა 2008 წელს კარდანახში, სადაც დაფიქსირდა გაურკვეველი მხეცის მოსახლეობაზე თავდასხმის, ბოსელში შევარდნის ფაქტი. შევხვდი მხეცის თვითმხილველებს. აღმიწერეს: პატარა ცხოველია, ძალიან ღონიერი, ადამიანს რომ დაეტაკება, გლეჯსო. მიმტკიცებდნენ, მიტოვებულ ღვინის ქარხანაში ბინადრობსო. ხალხს ეშინოდა იქ შესვლისა. მთელი ღამე ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვნახეთ. ვფიქრობ, ეს იყო რომელიმე ძაღლი, პიტბული, ან სხვა მსგავსი ძალიან აგრესიული სახეობა.

რაც შეეხება მგელძაღლას: მგელძაღლას არ ეშინია ადამიანის და უფრო სახიფათო ცხოველია, ვიდრე მგელი. როდესაც მგლის პოპულაციაში ხდება გარკვეული ცვლილებები, მაგალითად, ერთი სქესის ინდივიდები მოჭარბებულად არიან, ისინი გასამრავლებლად ეძებენ ძაღლს.M მგელი და ძაღლი ერთი სახეობაა, მხოლოდ ქვესახეობის დონეზე არის განსხვავება. ძაღლი ძალიან მალე ველურდება. ძაღლისგან განაყოფიერებული ძუ მგლის ლეკვი ტყეში რჩება. 2012 წელს აღრიცხვამ არ უჩვენა, რომ  რაოდენობა მომატებულია. დაახლოებითი მონაცემები განგაშის არანაირ საფუძველს არ ქმნის. დეტალური დასკვნებისთვის საჭიროა ერთდროულად რამდენიმე რაიონში შევისწავლოთ მდგომარეობა. მაგალითად, თუ მგლები დღეს არიან თავმოყრილი გურჯაანის რაიონში, თელავსა და საგარეჯოში, მოსაზღვრე ადგილებში რა ხდება ამ დროს? იქაც მაღალი რიცხოვნობაა თუ არა? ამ კვლევისთვის საჭირო არის ბევრი ხალხი, ფოტოხაფანგები და ა.შ. ეს ძვირად ღირებული პროექტია. ბოლო დროს გაჩნდა მოთხოვნა, რომ მგლის მოკვლისთვის პრემიები დაწესდეს. ასეთ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ითხოვენ ის ადამიანები, ვისი შემოსავლის წყარო ადრე მგლებზე ნადირობა იყო. თუ მგელი აზიანებს საქონელს, უნდა მოკლან, მაგრამ არ შეიძლება, ნებისმიერი  მგლის მოკვლისთვის გაიცეს თანხა. სხვაგან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს. ამ სისტემის აღდგენის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ.

***

ახლახან შევიტყვე და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, რომ გინება კანონით დასჯადია. რა ფორმით ისჯება მაგინებელი?

მარიამ გეგელაშვილი, პენსიონერი

კითხვას უპასუხებს თსუ-ის დოქტორანტი, ადვოკატი ნინო პეპანაშვილი: - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეთა შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი საქციელი, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა. პირის ამგვარი ქმედება დაჯარიმდება ასი ლარის ოდენობით, ხოლო თუ წესრიგის დამრღვევთა ქმედებიდან გამომდინარე ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციული სასჯელი ოთხმოცდაათ დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი უხეშად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს, რასაც ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა, დადგება ამ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამგვარი ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

***

ამბობენ, გენმოდიფიცირებული პროდუქცია სპეციალური ამოსაცნობი ნიშნებით გაიყიდებაო. როდის იქნება შესაძლებელი დახლებზე განთავსებული ნატურალური და გენური ინჟინერიით დამზადებული პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა?

თამარ მოლოდინი, თბილისი

კითხვას უპასუხებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი: -  ჩვენ არა ვართ მოტივირებული გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოებით, პირიქით, ვახალისებთ პროცესებს, რომელიც ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოწარმოების პროდუქტების წარმოებას. მოვითხოვთ, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი თუნდაც ერთ გენმოდიფიცირებულ კომპონენტს შეიცავს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას დრო დასჭირდება, რადგან ამ ეტაპზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს სათანადო ლაბორატორიის შექმნაზე, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდეს.