ფული არაფერში! - კვირის პალიტრა

ფული არაფერში!

რასაც ეს საინფორმაციო სამსახური გვიშვრება, მტერმა ითმინა... ეგებ, თქვენ გვიჩვენოთ გზა, სად გავექცეთ! ასეთი მოურჩენელი ჭირი იშვიათია. "დასაქცევი მებატონე ჩამოივლის ვარიანსა, წიოკობას აუყენებს ქათამსა და ვარიასაო" - ეს ხალხური ლექსი მახსენდება, როცა 09-ზე ვფიქრობ. მაგათ გარდა თითქოს ყველა ჭირთან გამკლავების ფორმა მოიძებნა - მიხვალ ტელეფონის გადასახადის გადასახდელად, ამოგიწერენ უშველებელ თანხას. გადაირევი - ამდენი როდის ვილაპარაკეო! ხატზე დაიფიცებ, რომ 09-ზე დარეკვა ერთი თვის კი არა, მთელი წლის მანძილზე აზრად არ მოგსვლია, არც ცხოვრება გაქვს ისეთი, მაინცდამაინც 09-ს  მიმართო დასახმარებლად, მაგრამ ბიჭი ხარ, ნუ გადაიხდი! მე შენ გეტყვი, შერცხვებათ, ტელეფონსაც უბოდიშოდ გამოგირთავენ და სამართლის ძიებაში თავ-გზასაც ისე აგიბნევენ, სიცოცხლეს შეგაძულებენ.

აი, ასე, "არაფერში" აკეთებენ ჩვენს ხარჯზე ფულს. მე და ჩემმა ღმერთმა, კარგად მოფიქრებული ბიზნესია! მაგრამ ისიც საკითხავია, ამის ატანა როდემდე შეიძლება. ჩემო "კვირის პალიტრავ", რამდენიმე ხნის წინ სწორედ თქვენ ატეხეთ განგაში ამ თემაზე. მაშინ, რამდენადაც მახსოვს, 09-ის მეპატრონეებმა თავი მოიკატუნეს და შეგვპირდნენ, 09-ის გადასახადი სააბონენტო გადასახადში აისახებაო. ხმაურის ჩასაწყნარებლად, თორემ სინამდვილეში მას შემდეგ სააბონენტო გადასახადი სამჯერ მაინც გაიზარდა და 09-ც ისევ გვატყავებს. ამის დამამტკიცებელ საბუთებს მთელი თბილისი მოიტანს, მათ შორის, მეც. 2009 წლის ბოლოს შემატყობინეს, 2007 წლის დავალიანება გაქვთ გადასახდელიო. გჯერათ ახლა ეს? თქვენ როგორ ფიქრობთ, 09 იმის ჩიტია, დავალიანება ორი წელიწადი შეგარჩინოს?!. სწორედ 09-მ გამითიშა 2007 წლის ბოლოს ტელეფონი 21 ლარსა და 85 თეთრის "დავალიანებით". ქვითარზე ისე ჩანდა, თითქოს სტუდენტი და ორი პენსიონერი დღეში 3-4-ჯერ ვრეკავდით 09-ზე და სერიოზულ საქმეებს ვაგვარებდით. მართალია, ვერ გავიხსენეთ, რა ჯანდაბად გვჭირდებოდა 09, მაგრამ ტელეფონი გვჭირდებოდა და რის ვაი-ვაგლახით გადავიხადეთ ფული. 2009 წელს კი ისევ 2007 წლის "დავალიანება" არ მომივიდა?! ახლა ლოგიკურად უნდა იკითხოთ, მაშინ სად იყვნენო. მე კი გიპასუხებთ, - იქ იყვნენ, სადაც ყოველთვის არიან - უსინდისოდ მუშაობენ, რომ სხვისი ლუკმა მიითვისონ.

პატივცემულო რედაქციავ, ძალიან მინდა 09 იმაზე დაფიქრდეს, რომ უსამართლო არავის არაფერი შერჩება და ვერც მაგათი უპატიოსნობა გაგრძელდება მარადიულად!

პატივისცემით, ოთარ ხოსიტაშვილი

P.S. ბატონო ოთარ, თქვენს წერილს სიამოვნებით ვაქვეყნებთ. ისე კი, როგორი დასასრული არ ჰქონდეს უსამართლობას, მისი ბოლო მაინც მშვენივრად დაგინახავთ: უსინდისობა ამქვეყნად არავის შერჩენია და რაც დროზე მიხვდება მავანი ამას, მით უკეთესი მისთვის.