კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს - კვირის პალიტრა

კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს

- ძალიან მინდა მართვის მოწმობა ავიღო, მაგრამ როგორც მითხრეს, მართვის მოწმობის აღების წესი შეიცვალა. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია ახალი წესი.

მანანა ბერიძე

კითხვას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე უპასუხებს:

- მოქალაქეს, რომელიც მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდას ჩააბარებს ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით, უფლება ეძლევა, მართოს მხოლოდ ავტომატურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი; თუ მოქალაქემ გამოცდა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებით ჩააბარა, მას უფლება ექნება, მართოს როგორც ავტომატური, ასევე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ პირებს საშუალება ექნებათ, შს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი და შეცვალონ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობები, ან აღადგინონ დაკარგული. ამ ვებგვერდის დახმარებით შესაძლებელი იქნება უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნაც.

- სამწუხაროდ, მე არ ვარ პირველი, ვინც ბანკის კრედიტი დაგვიანებით დაფარა და ამის გამო "შავ სიაში" მოხვდა. გთხოვთ, მიპასუხოთ, ამ მხრივ რამე ხომ არ შეიცვლება და საერთოდ, როგორ შემიძლია დაავაღწიო თავი ამ სიას? მაინტერესებს მეორე საკითხიც: "შავ სიაში" მოხვედრა ხელს ხომ არ შეუშლის პიროვნებას უცხოეთში გასამგზავრებელი ვიზის მიღებაში?

კითხვას ადვოკატი შალვა ნადირაძე უპასუხებს:

- "შავი სიის" გაუქმება შესაძლებელია. ეს დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. ისე კი, ხელშეკრულებაში, რომელსაც კლიენტი დებს ამა თუ იმ ბანკთან, ამ დებულებას, სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ აქცევს, არადა, იქ წერია, რომ ბანკი წინასწარ ითხოვს კლიენტის თანხმობას, განათავსოს თუ არა სესხის აღების ინფორმაცია საერთო საბანკო მონაცემთა ბაზაში. მეორე საკითხია, ამოიღებს თუ არა ბანკი ხელშეკრულებიდან ამ მუხლს, მაგრამ კლიენტს აქვს უფლება, ამ საკითხზე ბანკთან მოლაპარაკება სცადოს.

რაც შეეხება უცხოეთში გამგზავრებას - არ არსებობს სამართლებრივი კავშირი გადაუხდელ სესხსა და ვიზის გაცემას შორის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საელჩომ ვიზა სწორედ ამ მიზეზით არ გასცა, კლიენტმა უნდა იცოდეს, რომ  შეუძლია, საელჩოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. სრულიად შესაძლებელია, ამ საკითხზე დავა  მის სასარგებლოდ გადაწყდეს.