"რას ვიფიქრებდი, კაცი თუ სანაგვეზე წიგნებს გადაყრიდა"
28-10-2013
"რას ვიფიქრებდი, კაცი თუ სანაგვეზე წიგნებს გადაყრიდა"
"ფაშისტებმა, სხვა უბედურებასთან ერთად, წიგნებიც დაწვეს... ამის გამო ცივილიზებულ სამყაროს ბრაზი დღემდე არ განელებია - ნორმალური ადამიანისათვის ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ერთ დღეს ვიღაცას შეიძლება მოეპრიანოს და ცოდნა, ანუ ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც ადამიანის გონებამ შეიძლება შექმნას, ერთი ხელის მოსმით მოსრას! ამიტომაც სულიერის ნგრევას უფრო მძიმე შედეგები აქვს, ვიდრე მატერიალურისას. გერმანელებმა ომის შემდეგ მშვენიერი ქვეყანა ააშენეს, მაგრამ წიგნების დაწვის გახსენება დღემდე არცხვენთ(!).

სწორედ ეს გამახსენდა, როცა საბურთალოზე (სხვათა შორის, წიგნის
მაღაზიის წინ!), ერთ-ერთ ნაგვის ბუნკერთან დაყრილი წიგნები დავინახე.  ნაგავში გადასაყრელად ყველა წიგნი მენანება, მაგრამ თუ არჩევანზეა საქმე, ადამიანი ბოროტსა და ნაკლებად ბოროტს შორის მაინც ნაკლებად ბოროტს ირჩევს... ვიფიქრე, იქნებ საბჭოთა იდეოლოგიური წიგნები იყოს-მეთქი! მაგრამ, არა... ჩვენი კლასიკოსების და მეცნიერთა სახელები შემრჩა ხელში. ბევრ მათგანს ავტორი
"სიყვარულით" და "კეთილი სურვილებით" უძღვნიდა მავანს, რომელთა შთამომავალმა ისინი ნაგავში მოისროლა...  რას ვიფიქრებდი, კაცი თუ სანაგვეზე წიგნებს გადაყრიდა. 

იმ წუთში ახლომახლო არავინ გამოჩენილა და ამიტომ სათითაოდ ავკრიფე, ის უზარმაზარი ჩანთა გავავსე, რომლითაც ალბათ ეს წიგნები მოიტანეს და იქვე ეგდო. გამვლელ ბიჭს ვთხოვე, - დამეხმარე, ეს წიგნები აქ არ დამატოვებინო-მეთქი! რა მოხდა, ვინ გადაყარაო, - მკითხა და ისეთი სინანულით შეავლო თვალი წიგნებს, პირველი შვება მაშინ ვიგრძენი. მერე კი, როცა ახლობლებმა წიგნები თვალის დახამხამებაში დაიტაცეს, - შვილებს წავაკითხებთო, თითქოს სიმძიმემ გადამიარა. არადა, მეც ხომ ვხედავ, როგორ ყიდულობს ხალხი შვილებისთვის ახლად გამოცემულ წიგნებს, პურის ფულსაც კი იკლებს, მაგრამ იმან, რომ ვიღაცამ მაინც ჩაყარა ისინი სანაგვეში, თავზარი დამცა. ნუ გადაყრით წიგნებს!

მარიკა დონაძე
an
30 ნოემბერი 2013 17:42
წიგნს რომ ადამიანი გადაყრის ის ადამიანი არ არის! ან ახლობელი არ ყავდა, ან მეზობელი ამ ავადმყოფს მოიმადლიერებდა მაინც
ფუი
nino
13 ნოემბერი 2013 00:27
ამას ჰქვია ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო.ან მოხუცებულთა სახლში მიეტანა ან საპატიმროში,მაგრამ ეტყობა მაგდენი ტვინი არ ჰქონდა.

რედაქტორის რჩევით