კითხვები, რომლებიც მკითხველს აინტერესებს
04-11-2013
ამბობდნენ და ჩვენც გვქონდა იმედი, რომ აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს ნორმალური პენსია დაენიშნებათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ თემაზე ლაპარაკი შეწყდა. რა ხდება, ხელისუფლებამ ამ პენსიის დანიშვნა გადაიფიქრა?
მაია გორგოძე

კითხვას უპასუხებს სოციალური მომსახურების სააგენტო:

- ამ პენსიის დანიშვნა ნამდვილად არავის გადაუფიქრებია. დღევანდელი მონაცემებით, გაისად, იანვრიდან, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს პენსია 500 ლარის ოდენობით დაენიშნება და იგი შესაბამისად განაწილდება მათი ოჯახის წევრებზე - მეუღლეებზე, მშობლებსა და 18 წლამდე შვილებზე.

***

ჩვენში სულ დგას რუსული ორიენტაციის საკითხი.  პირადად მე რუსეთისა მას შემდეგ მეშინია, როცა რამდენიმე წლის წინ გაზი ზამთარში გაგვითიშა და პატარა შვილი კინაღამ გამეყინა. ახლა უცხოური საინფორმაციო საშუალებებით მესმის, რომ რუსეთს ხელიდან გაზის შემოსავალს "ფიქალი ნავთობი" ართმევს. რა არის ეს "ფიქალი ნავთობი"? იქნებ ჩვენც გვეშველოს?

თენგიზ მახარაძე

კითხვას უპასუხებს გეოლოგი ნოდარ ბერიძე:

-  "გაზპრომი" ბოლო დრომდე იყო გაზის ექსპორტის მსოფლიო ლიდერი და ძირითადად მას ევროპაში საკმაოდ ძვირად ყიდდა. "ფიქალი ნავთობი" წვრილ-წვრილად არის გაფანტული დედამიწის სხვადასხვა ფიქალ ფენებში. ამ ფიქლებიდან გაზის მოპოვება მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხერხდა და ამის ლიდერი აშშ-ია. ამან ამერიკაში ბუნებრივი გაზის ღირებულება საკმაოდ დასცა. "ფიქალი ნავთობის" საბადოები სხვა ქვეყნებშიც არის. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ "ფიქალი ნავთობის" წარმოება მალე უკრაინასა და პოლონეთშიც  დაიწყება.

საბედნიეროდ, გაზის შემცველი ფიქალი ფენები ჩვენთანაც არის და ეკონომიკის სწორი განვითარების პირობებში ამან მართლაც უდიდესი გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენს "ენერგეტიკულ" და ზოგადად, საერთო კეთილდღეობაზეც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით