10 კილო ყველი - 10 კილო ოქრო!.. - კვირის პალიტრა

10 კილო ყველი - 10 კილო ოქრო!..

"მე რომ კაცი რამეს მომპარავს, იმას ნამუსი აქვს?"

ის კაცი, ჩემი ყველი რომ მოინელა, არხეინად დასეირნობს

- "კვირის პალიტრა" ხართ?" სამართალს ვეძებ და ვერ ვიპოვე, შეგიძლიათ, დამეხმაროთ?" - გვკითხა ტელეფონში უცნობმა ისეთი ხმით, თუკი არას ეტყოდი, აუცილებლად შეგრცხვებოდა. შევეცდებით-მეთქი.

და ისიც შემოდგომის ერთ თბილ დღეს  "კვირის პალიტრის" მოსაცდელში დამხვდა. ნაჯაფი ხელები მუხლებზე დაეწყო და გველოდა - გივი გიორგობიანი ვარ, ასურეთიდანო.

- ასეთი რა გაგიჭირდათ, რომ ამ ხნის ადამიანი საქმეს მოცდით და თბილისში წამოხვედით?

- თავიდან მოგიყვეთ?

- თუ ასე გინდათ...

- მაშინ ისიც უნდა გავიხსენო, მთელი ჩემი დღე-წუთისოფელი რომ ვშრომობ, არა? ამ შრომაში შვილებიც დავზარდე ისე, რომ გროშის სასესხებლადაც არ გადავსულვარ მეზობელთან. ყველაფერს ამ ჩემი ხელებით ვუპატრონე - ბოსტანსაც, ყანასაც და პირუტყვსაც. გროშებს ერთმანეთზე ვაწებებდი და ისე მოვედი დღემდე. დიდი სიმწარე ვნახე - სიძე მომიკვდა, შვილიშვილები ჩემი საპატრონო გახდნენ. ისეთი ბიჭები არიან, მასწავლებლებმა, - თქვენ რომ არ ისწავლოთ, ჩვენი სირცხვილი იქნებაო და კომაროვის სკოლაში შეატანინეს საბუთები. მათ კი გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. ახლა მითხარით, მე რომ კაცი რამეს მომპარავს, იმას ნამუსი აქვს? ან იმ პოლიციას რა უნდა ვუთხრა, მე რომ მეტყვის, შენი ყველის ქურდის მოსაძებნად ვის სცალიაო?

მოკლედ, ყველს სარდაფში ქვაბში ვაგროვებდი, მინდოდა, გამეყიდა და შვილიშვილებისთვის ფეხსაცმელები მეყიდა, მაგრამ ერთ დღეს წაღებული არ დამხვდა?!  ჩვენს სოფელში კაცი სტამბოლიდან ხომ არ ჩამოვიდოდა ყველის მოსაპარავად. ადვილად გავიგე, ვინ იყო ქურდი, მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი პოლიციელებს. როგორც წესი და რიგია, განცხადება დავწერე კოდის პოლიციაში და შევევედრე, - შვილო, ეგ საქმე მალე გამოიძიეთ-მეთქი, მაგრამ აგერ თვეები გადის და ერთი არ მოუხედავთ ჩემკენ. ის კაცი კიდევ, ჩემი ყველი რომ მოინელა, არხეინად დასეირნობს. ეგ არის საქმე?! მე კი იმას არ ვამბობ, მე ვარ გამომძიებელი, ქურდი ვიპოვე და გინდა თუ არა, დაიჭირეთ-მეთქი, მაგრამ თავად ხომ უნდა დაედგინათ ეგ ამბავი?! მათ კი, ეგ შენი 10 კილო ყველი რა გამოსაძიებელიაო! ის კი არ იციან, რომ ჩემი ათი კილო ყველი ჩემთვის ათი კილო ოქროა!

და გიორგი პაპამ აცახცახებული ხელით ნომერი (#1402995) დამიწერა, - ეს  დააწერეს ჩემს საქმეს  პოლიციაშიო.

...ჩვენ დავუკავშირდით ასურეთის პოლიციის განყოფილებას კოდაში, სადაც გვიპასუხეს, - საქმე ზაფხულის დასაწყისში ქურდობის მუხლით აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობსო.

იმედი გვაქვს, გამოძიების შედეგები მანამდე გახდება ცნობილი, სანამ ამას პაპისა და მისი შვილიშვილებისთვის აზრი ექნება - სამართლისათვის 10 კილო ოქრო და 10 კილო ყველი წესით, ერთი ფასი უნდა ღირდეს!